"ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის დამშვიდებას ცდილობენ, რეალურად არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვთ" - კვირის პალიტრა

"ვაშაძე და "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის დამშვიდებას ცდილობენ, რეალურად არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვთ"

"სალომე ზურაბიშვილი შესაძლოა საქართველოს ისტორიაში ყველაზე არაორდინალური და სკანდალური პრეზიდენტი გახდეს", -  ასეთია პოლიტიკურ ექსპერტთა ერთი ნაწილის მოსაზრება. როგორც ცნობილია, მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომლითაც პრეზიდენტის უფლებები კიდევ უფრო იკვეცება. პრეზიდენტს რჩება სახელმწიფოს მეთაურისა და მთავარსარდლის სტატუსი, ასევე რჩება შეწყალების უფლება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შეზღუდვების მიუხედავად, საქართველომ შესაძლოა ძალიან აქტიური პრეზიდენტი მიიღოს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ბატონო მამუკა, თქვენი აზრით, რა გახდა ძირითადი განმაპირობებელი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც არჩევნების პირველ ტურში გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე ოპოზიციას ჯამში, მეორე ტური მოიგო? - ძალია დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ფაქტს, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაივიწყა ძველი პოზიცია "მე ვარ და ჩემი ნაბადი" და თავმჯდომარის პირით "ძველ გვარდიას" მოუხმო. ასევე მნიშვნელოვნად შეცვალა პიარკამპანია (რომელიც ადრე თვითდინებაზე ჰქონდათ მიშვებული) და საზოგადოებას კონსოლიდირებულად შეახსენა, რა ხდებოდა "ნაციონალების" მმართველობის დროს. საზოგადოებამ გააცნობიერა თუ რა საფრთხე შეიძლება დამდგარიყო მათ წინაშე, "ნაციონალების" რაიმე ფორმით ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში და უფრო აქტიური გახდა.

- ამ ყველაფერთან ერთად, ძალიან ბევრი დაპირებაც გასცა. როგორ გგონიათ, "ქართულ ოცნებას" ძალიან ძვირი ხომ არ დაუჯდება ამ ბრძოლის მოგება? - "ქართულ ოცნებას" ძალიან ძვირად დაუჯდება მოგება თუ დანაპირებს არ შეასრულებს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა შეცვალოს საზოგადოებისადმი დამოკიდებულება და ხალხსა და ხელისუფლებას შორის ჩატეხილი ხიდი აღადგინოს. ასევე აუცილებელია კოჰაბიტაციის ფორმის შეცვლა, საკადრო პოლიტიკა (პარტიულ და რეგიონალურ ადმინისტრაციულ კადრებს ვგულისმხობ). "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააცნობიეროს რომ 2020 წლის არჩევნები კარზეა მომდგარი, ხალხი კი მეტ შანსს აღარ მისცემს.

- ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა რესურსი ყველა დანაპირების შესასრულებლად? - ზუსტად ვიცი, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაპირებები საზოგადოების დიდ ნაწილს მაინც შეუსრულოს. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს.

მამუკა არეშიძე

- როგორ გგონიათ შეარულებს თუ არა საკუთარ დაპირებას სალომე ზურაბიშვილი და გახდება თუ არა მთელი ქვეყნის პრეზიდენტი პარტიული კუთვნილებისა და პოზიციის მიუხედავად?

- ის კი გახდება ყველას პრეზიდენტი, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ "ნაციონალები" მას არასდროს მიიღებენ.

- უცხოური პრესა წერს, რომ ზურაბიშვილი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილისთვის თავის ტკივილად იქცეს, ზოგიერთი ვერსიით კი სრულად დაემორჩილება ივანიშვილს, რომელმაც მას ფაქტობრივად უყიდა საპრეზიდენტო სავარძელი. თქვენი აზრით, სად არის სიმართლე?

- ორივე ვერსია მცდარია. ასეთ მოსაზრებებს ავრცელებენ ადამიანები, რომლებიც მას კარგად არ იცნობენ. მე მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, სალომე, თავისი ფაქტორით, უკვე გახდა თავის ტკივილი, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნებისთვის", არჩევნების კონტექსში. ისე, კი ქალბატონ ზურაბიშვილს თავისი ხასიათიდან გამომდინარე კომპრომისულიც შეუძლია იყოს და ძალიან ხისტიც, ბუნება აქვს ასეთი. ასე რომ ხელის პრეზიდენტი ნამდვილად არ იქნება. ის ადამიანთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არც ბრძანებას ასრულებს დიდი ხალისით და არც სულელურ რჩევებს ითვალისწინებს, თუმცა, მასთან თათბირი ყოველთვის შესაძლებელია. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სალომეს უზარმაზარი რესურსი აქვს, როგორც გამოცდილების, ისე კავშირების თვალსაზრისით. გრიგოლ ვაშაძე, სალომე ზურაბიშვილი აღსანიშნავია კორსაჩოვის განცხადება, ახალი დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით. კარგად ვიცი თუ როგორია კორსაჩოვის დამოუკიდებლობის ხარისხი და შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ ის კრემლის პოზიციის გამხმოვანებელია. რუსეთისთვის ახლა, როდესაც ის უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო აგრესორად მიიჩნევა, ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მხარის პასუხი, დიალოგის შეთავაზებაზე. ესეც მსოფლიოს დასანახად, თორემ ისე არაფერში სჭირდება. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ ყველაფერზე ქართული მხარის, ახალი პრეზიდენტის რეაქცია და პოზიცია.

- თქვენ რა მოლოდინი გაქვთ? სალომე ზურაბიშვილმა უკვე განაცხადა, რომ ვიდრე რუსეთი ისე იქცევა, როგორც ახლა, არ მგონია, ჩვენ შეგვეძლოს პირდაპირ ახალ თანამშრომლობაზე გადასვლა. - მე ვერ გეტყვით, როგორი იქნება მისი შემდგომი განცხადება და პოზიცია. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ამ დიალოგზე უარი არ უნდა ვთქვათ, კულუარულად უნდა დავიწყოთ ჩვენთვის სასურველ თემებზე ვაჭრობა.

- კონკრეტულად რა თემებს გულისხმობთ? - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

- ეს მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ნათქვამი აქვს, რომ აფხაზეთი განგრენაა? - დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო სალომესთვის ისეთივე დიდი ტკივილია, როგორც თითოეული ქართველისთვის. მისი გამონათქვამები ზოგ შემთხვევაში სრულიად სამართლიანად იმსახურებს კრიტიკას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მისი ნათქვამი არასწორადაა ინტერპრეტირებული, ზოგი კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, ზოგი მოუფიქრებლადაა წამოსროლილი, ზოგი კი თავიდან ბოლომდე მოგონილი ტყუილია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კერძო პირის, თუნდაც პოლიტიკოსის ნათქვამს სხვა დატვირთვა აქვს და პრეზიდენტის განცხადებას სხვა. აი, ახლა ვნახოთ, როგორი იქნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და მოსაზრებები.

- იმ ფაქტს რითი ახსნით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ უყვართ საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს?

- პირადად თქვენ თუ გიკითხავთ, რომელიმე მათგანისთვის რატომ არ უყვართ?

- რა თქმა უნდა მიკითხავს. მათი ნაწილი ამბობს, რომ ზურაბიშვილს პრორუს პოლიტიკოსად მიიჩნევენ და არ ენდობიან, ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ის, მისი ძმის ოთარ ზურაბიშვილისგან განსხვავებით, ახლოს არ არის უბრალო ხალხთან... - ე.ი. რა გამოდის? საფრანგეთი არის ბანანის ქვეყანა? სალომე ზურაბიშვილი ერთხანს ერთდროულად იყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების თანამშრომელი. ფრანგები სუსლელები არიან და ასეთ მნიშვნელოვან უწყებებში რუსეთის აგენტი ამუშავეს? არა, ეს ყურით მოთრეული თემაა. არც ზურაბიშვილია რუსეთის აგენტი და არც ვაშაძე, ორივე ბედკრული საქართველოს შვილია.

- კარგით. გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვს. სააკაშვილი კი საზოგადოებას სრული დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს მომავალში? - ვაშაძეს უფლება აქვს, მოითხოვოს, მაგრამ სინამდვილეში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების რესურსი არც ოპოზიციას აქვს და არც ხელისუფლებას. მხოლოდ ფინასურზე კი არა, ადამიანურ რესურსაც ვგულისხმობ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ორივე პოლიტიკური ძალა დაიწყებს ძალიან სერიოზულ როტაციას, განახორციელებენ საკადრო ცვლილებებს და წინ წამოწევენ ახალ სახეებს. ორივე დაიწყებს მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვაშაძის და ზოგადად ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები კეთდება იმისთვის, რომ კონსოლიდირებული გულისწყრომა გამოხატონ.

- ამ ფორმით, სააკაშვილის დამშვიდებასაც ხომ არ ცდილობენ?

- ცდილობენ, თუმცა სააკაშვილი ასე, მეეჭვება, დამშვიდდეს, ის აგრესიული ნატურაა და აუცილებლად სჭირდება პროვოკაცია, არეულობა... სხვაგვარად თავს კარგად ვერ იგრძნობს.

- თქვენ გამორიცხავთ არეულობას და რევოლუციის მცდელობას?

- ამ ეტაპზე გამოვრიცხავ. ახლა ამის გამკეთებელი არც "ნაციონალები" არიან და არც კოალიციის სხვა წევრები. "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა ცალსახად ისაუბრეს უკვე ამაზე. მათი პოზიცია გაიზიარეს სხვებმაც. თუმცა, მომავალში ყველაფერია მოსალოდნელი, იმიტომ რომ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგია აგებულია რევოლუციაზე და არა ევოლუციაზე. ისინი უბრალო საქმეშიც კი რევოლუციურ გზას ირჩევენ, ასეთი მუხტის მატარებელი პარტიაა.

იხილეთ ასევე: ჩვენი რუსეთთან ერთი ერთზე დატოვება არ შეიძლება" - რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში BBC-ისთან ისეთი, რამაც მისდამი უარყოფითად განწყობილი ადამიანები დააფიქრა

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)