ალეკო ელისაშვილი: "ვნანობ და მრცხვენია, ამ არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე" - კვირის პალიტრა

ალეკო ელისაშვილი: "ვნანობ და მრცხვენია, ამ არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე"

"როდესაც პარლამენტში მილიონერი პარაზიტები არიან წამოსკუპებული, რა ხალხის პრობლემებზე შეიძლება ლაპარაკი?"

როგორ აფასებს არჩევნებსა და ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებს, "კვირის პალიტრას" ალეკო ელისაშვილი ესაუბრება:

- ივანიშვილმა დაგვიდასტურა, რომ ხელისუფლების სულ მცირე დათმობისაც პანიკურად ეშინია, მისთვის წაგება სისუსტის ნიშანია. ისეთი ვერტიკალი შექმნა, რომელიც პატარა სისუსტის ჩვენებისასაც კი ჩამოემხობა თავზე და ამიტომ ყველაფერზე წავა, კარტოფილისა და ფულის დარიგებით თუ ე.წ. ძველი ბიჭების დახმარებით დამთავრებული. ამ არჩევნებმა ისიც დაადასტურა, რომ პოლიტიკური ველი ორპოლუსიანია - მექრთამე ხელისუფლება და "ნაცმოძრაობა", რომელსაც უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და ის გააკეთოს, რაზეც სააკაშვილი ლაპარაკობს, რომ მეორე დღესვე ვიღაცას დაიჭერს, ვიღაცას ფულს მოატანინებს... ეს საშიში ორპოლუსიანობა უნდა დასრულდეს. იმისთვის, რომ ქვეყანა უფსკრულში არ გადაიჩეხოს.

- ამერიკაში ორი ძირითადი მოთამაშეა და თუკი საქართველოში ეს ორი პოლუსი იმოქმედებს დემოკრატიის პრინციპების დაცვით, რატომ არის აუცილებელი მესამე ძალის გაჩენა? - იმიტომ, რომ ორივე გუშინწინდელი დღეა, ორივე ფიქრობს, რომ ხალხის გაჭირვებას სათავისოდ გამოიყენებს, მისცემს 5 კილოგრამ კარტოფილს და მოისყიდის. მთელი საარჩევნო კამპანია ეს იყო და არანაირი იდეა, მომავლის ხედვა... თუნდაც შარშანდელი არჩევნები, რომელიც პირადად ჩემთვის ძალიან დაძაბული იყო, გაცილებით კორექტული გახლდათ. იყო ლაპარაკი ხედვებზე, რაც ამ არჩევნებზე არ მოგვისმენია, სანაცვლოდ იყო ისეთი ჭუჭყი, რომ ყველას გული ერევა.

- რეალურად არსებობს მესამე ძალა? - დროდადრო ვნანობ და მრცხვენია, ამ არჩევნებში მონაწილეობა რომ არ მივიღე. ვფიქრობდი, რომ ჩემზე მეტი შანსი ჰქონდა მარგველაშვილს და ეს მოვუწოდე კიდეც. მე მასზე კი არ ვიწმენდ ხელებს, მაგრამ ახლაც ვფიქრობ, რომ მას მეტი შანსი ჰქონდა, ალტერნატივა გაეჩინა. შემდეგ ვიფიქრე, რომ მომავალი არჩევნებისთვის მოვმზადებულიყავი და ამას ხან ვნანობ, ხან კი ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი.

ძალიან დასანანია, რომ მთავარსარდლად გვეყოლება ისეთი ადამიანი, ვინც საკუთარ ჯარს საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებასა და მძინარე მოქალაქეების დაბომბვაში ადანაშაულებს. ეს ძალიან სამარცხვინოა, მაგრამ არაფერი დამთავრებულა, ზურაბიშვილი და ივანიშვილი კი არა, თემურ-ლენგი და შაჰ-აბასი ჰყავს ამ ქვეყანას მონელებული.

- სააკაშვილის განცხადებას გაერთიანებული ოპოზიცია არ აჰყვა. არ ფიქრობთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია უნდა ჩამოშორდეს სააკაშვილს და შექმნას ალტერნატიული ძალა? - რამდენიმე თითოკაციანი პარტია რომ მიეტმასნა "ნაციონალებს", ეს არის გაერთიანებული ოპოზიცია? ეს მხოლოდ წინასაარჩევნო ტრიუკი იყო, ვაშაძის ასოცირება რომ არ მომხდარიყო სააკაშვილთან. სააკაშვილი ევროპაში თბილად არის და სხვებს ეუბნება, აღმართეთ ბარიკადები და შეაკვდით ჩემი გულისთვისო. მან ვერ გააცნობიერა, რომ ვაშაძის ხმების უმეტესობა მისი მხარდამჭერების კი არა, იმ ხალხის იყო, რომელსაც ეს ხელისუფლება ყელში ამოუვიდა. ამიტომ არის საჭირო მრავალპარტიულობა და კოალიციური მთავრობა, რომ საზოგადოებას არჩევანი ჰქონდეს.

სულ რომ ფრთიანი ანგელოზებით იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკომპლექტებული, როდესაც ჭარბი ძალაუფლება გაქვს, ცდუნება იმდენად დიდია, ძალაუფლება ცუდად გამოიყენო, ვერ უძლებ. მრავალპარტიულობაა გამოსავალი, რათა მთავრობის ფორმირება მარტივად არ მოხდეს და იყოს დიალოგი, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება, კომპრომისი და ა.შ.

- გაერთიანებული ოპოზიცია სწორედ ამას ითხოვს, ახლავე ამოქმედდეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების პრინციპი და ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. - ყველაზე პრინციპული საკითხია მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რადგან მაჟორიტარული სისტემა ნებისმიერ პარტიას აძლევს საშუალებას, რომ 10%-ს მიიღებს თუ 30-ს, 90 გახადოს სწორედ მაჟორიტარული სისტემის მეშვეობით. როდესაც ვინმე მეკითხება, გვეშველება რამეო, ვეუბნები, რომ გვეშველება - თუკი სწორედ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება.

მაჟორიტარები ამ ქვეყნის პარაზიტები არიან, ქვეყანა მხოლოდ იმიტომ ვერ ვითარდება, რომ ყველა სახელისუფლებო პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით მაჟორიტარების ხარჯზეა წარმოდგენილი.

ისინი ადგილობრივი ფეოდალები არიან, იმდენი ხანია, მოკალათდნენ პარლამენტში, რომ თვითონაც აერიათ სათვალავი, თან ყოველთვის სახელისუფლებო პარტიაში.

წინასაარჩევნოდ თავიანთ გაღატაკებულ რაიონში ჩადებენ ნახევარ მილიონს, იყიდიან ამომრჩეველს და მერე ტენდერებით ასმაგს იღებენ. თუ ეს სისტემა არ შეიცვალა, არჩევნების მოთხოვნას აზრი არა აქვს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ამოისუნთქავს და წინ წავა.

როდესაც პარლამენტში მილიონერი პარაზიტები არიან წამოსკუპებული, რა ხალხის პრობლემებზე შეიძლება ლაპარაკი?

- წავა ხელისუფლება ამაზე? - ხალხში დაგროვებული უკმაყოფილების ორთქლი ერთ დღესაც გამოშვებას მოითხოვს. პროცესები რევოლუციური გზით მაშინ ვითარდება, როდესაც ხელისუფლება ჯიუტად არ თმობს არაფერს.

თუ ივანიშვილი მაჟორიტარულ სისტემას ახლავე არ დათმობს, მაშინ დაქოქილი უნდა ჰყავდეს თვითმფრინავი, რადგან როდის დაამხობს გამწარებული ხალხი, არავინ იცის. გაზაფხულისთვის ვითარება ძალიან დაიძაბება და ამას უნდა ხვდებოდეს.

- გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს ეს მოთხოვნა და შეუერთდებით? - ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია აქეთ შემოგვიერთდეს. ზემოდან ყურებას ყველა მოეშვას. უნდა გავაცნობიეროთ, რომ სისტემაა შესაცვლელი და ნურავინ დაიჩემებს, რომ ეს მისი იდეაა.

რუსა მაჩაიძე