"შესაძლოა, საჭირო გახდეს ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება"
"შესაძლოა, საჭირო გახდეს ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება"
"როგორ ფიქრობთ, დასავლეთის მხრიდან საქართველოში ახალი რევოლუციის პოლიტიკური მხარდაჭერის დიდი სურვილიც რომ ყოფილიყო, ვაშაძის შრომითი ბიოგრაფიის მქონე კანდიდატი ივარგებდა ამისათვის?"

როგორ უნდა გაუფრთხილდეს "ქართული ოცნება" ხმებს, რომლებიც პასიურ ამომრჩეველთა "პრინციპული გადაწყვეტილებით" მიიღო, როგორ უნდა იმოქმედოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ ხალხის ნდობა შეინარჩუნოს - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" მწერალი კოტე ჯანდიერი ესაუბრა.

- შეიძლება ითქვას, პირველ ტურში ამომრჩეველმა ხელისუფლებას სილა გააწნა, მეორეში კი - პირადად სააკაშვილს.
ტერმინი "გაერთიანებული ოპოზიცია"
ბლეფია, ვინაიდან ვაშაძის ირგვლივ შეკრებილი ხუთკაციანი ფსევდოპარტიების ლიდერები რეალურად "ნაცმოძრაობის" "სპიკერები" და მოლაპარაკე თავები არიან. შეძლებენ თუ არა ისინი სააკაშვილისგან დისტანცირებას? ვერა, რადგან ეს კაცი ერთდროულად მათი მთავარი პრობლემაცაა და მათი ერთადერთი რესურსი და იმედიც. ეს ამ არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა. "ევრონაცების" (იგულისხმება "ევროპული საქართველო"), როგორც
დამოუკიდებელი პარტიის კრახი ამისი ნათელი მაგალითია.

"ნაცმოძრაობას" არ აწყობს და ვერც წარმოუდგენია ძალაუფლების გაყოფა სხვა პოლიტიკურ ძალებთან. თუ მდგომარეობა მისთვის ძალიან გამოუვალი არ არის, ეს პოლიტიკური ძალა სრული და განუყოფელი ხელისუფლებისათვის იბრძოლებს, რაც დღევანდელ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციის შემთხვევაშია შესაძლებელი. ამიტომაც ადეკვატურად არ შეაფასეს და არ დაგმეს თავიანთი ცხრაწლიანი მმართველობა და უარი თქვეს კონსტრუქციულ ოპოზიციად ჩამოყალიბებაზე.

"ნაცმოძრაობამ" საარჩევნო პერიოდ­ში მთელი რესურსი სალომე ზურაბიშვილის დემონიზაციისა და არჩევნების დელეგიტიმაციისკენ წარმართა. "დემონიზაციაში" გადააბიჯეს ყველანაირ გონივრულ, ადამიანურ და მორალურ საზღვრებს და უკუეფექტი მიიღეს. ვერც არჩევნების დელეგიტიმაციისთვის გადადგმული პროვოკაციული ნაბიჯები გამოდგა ეფექტიანი.
კოტე ჯანდიერი
ყალბი პირადობების დაბეჭდვასთან დაკავშირებული დიდი ტყუილი და შავი პიარიც მათივე საწინააღმდეგოდ მობრუნდა.
თუ არჩევნების დელეგიტიმაცია გაქვს განზრახული, ისეთი კანდიდატი მაინც უნდა შეარჩიო, რომელთანაც არც ქართულ და არც საერთაშორისო საზოგადოებრიობას შეკითხვები არ გაუჩნდება. როგორ ფიქრობთ, დასავლეთის მხრიდან საქართველოში ახალი რევოლუციის პოლიტიკური მხარდაჭერის დიდი სურვილიც რომ ყოფილიყო, ვაშაძის შრომითი ბიოგრაფიის მქონე კანდიდატი ივარგებდა ამისათვის? აქ არავის აწყობს არეულობა. თეორიულად, ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთია და გამოდის, მიხეილ სააკაშვილი წყალს სწორედ მის წისქვილზე ასხამს. თუმცა არა მგონია, იმ 750 000 ამომრჩეველს, რომლებმაც ვაშაძეს ხმა მისცეს, სამოქალაქო დაპირისპირება და ქვეყნის ქაოსში ჩაძირვა სურდეს.
მეორე ტურში მისული ამომრჩევლების უმრავლესობა ნაკლებად ფიქრობდა "ქართული ოცნებისა" და მისი გეგმების შესახებ. მათ შვილებისა და ქვეყნის ბედ-იღბალი ადარდებდათ. თუმცა ისე გამოვიდა, რომ თავისი არჩევანით ხალხმა "ქართულ ოცნებასაც" მისცა შანსი იმ უმსგავსობების გამოსასწორებლად, რის გამოც პირველ ტურში პროტესტი გამოუცხადეს მმართველ ძალას. ეს მართლაც ბოლო შანსია.

- როგორ უნდა იმოქმედონ ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ", რომ ამომრჩეველთა ნდობა მოიპოვონ და შეინარჩუნონ კიდეც?
- ხელისუფლებას დრო ძალიან ცოტა აქვს, რათა ხალხის მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოსწორდეს, დაიძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა. რატომ არ შეიძლება უახლოესი ერთი ან ორი თვის შემდეგ წარმოგვიდგინონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი გეგმები, რითაც ყველა სოციალური ფენა გაიგებს, რას ფიქრობს მთავრობა მისი პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებაზე? მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის ეს ნააზრევი აუდიტორიამდე მიიტანონ.

რადიკალურად უნდა შეიცვალოს მიდგომა სასამართლოს რეფორმირებისადმი. აუტანელია მურუსიძეებისა და ჩინჩალაძეების ტიპის მოსამართლეთა უვადოდ გამწესება სასამართლო ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე. ამ უმსგავსობის შეჩერებას კვალიფიციური, პატიოსანი იურისტების მიერ შემუშავებული გეგმა, პოლიტიკური ნება და საპარლამენტო უმრავლესობა სჭირდება.

არც პროკურატურის ინსტიტუციურ და საკადრო რეფორმას სჭირდება ხუთწლედები და დიდი ფინანსები. ცხადია, კვალიფიციური გამოძიების ჩატარებას, თუნდაც სარალიძისა და მაჩალიკაშვილის საქმეებზე, პროფესიონალურად არგუმენტირებული, სანდო დასკვნის დადებას ვერაფრით მოახერხებენ ის პროკურორები, რომლებიც სააკაშვილის დროს წამებითა და არაადამიანური მოპყრობით იღებდნენ აღიარე­ბით ჩვენებებს; ვერც ის ახალგაზრდები შეძლებენ გამოძიებას, რომლებსაც არც პრაქტიკული გამოცდილება აქვთ და კონან დოილიც კი არა აქვთ წაკითხული. საჭიროა უმუშევრად დარჩენილი პროფესიონალური კადრების მოზიდვა, უცხოელი სპეციალისტების დახმარება.

გენპროკურორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურა უნდა იწვევდეს მოსახლეობის ნდობას და არავითარ შემთხვევაში აფილირებული არ უნდა იყოს მოქმედ ან ყოფილ ხელისუფლებასთან. განა რა დიდი დრო უნდა ფარცხალაძისთანა პირების ჩამოშორებას, ფავორიტიზმისა და მაამებლობის ბანგისგან გამოფხიზლებას?! რა გახდა სააკაშვილის დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება დაზარალებულთათვის. ან რა დიდი მტკიცება უნდა იმას, რომ ბიზნესდავები, საბიუჯეტო დავალიანებები და ა.შ. ოფიციალურ საარბიტრაჟო ინსტანციაში უნდა განიხილებოდეს, მოგვარდეს, და არა კერძო პირებში ან სამთავრობო კულუარებში.

ამას ყველაფერს სჭირდება პოლიტიკური ნება, გააზრებული გეგმა და მისი შესრულების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება.
და კიდევ ერთი: მმართველმა ძალამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ არჩევნები ჩვენი საზოგადოების ღირსებამ და გონიერებამ მოიგო და არა 600 000 ჭარბვალიანი მოქალაქის საბანკო შავი სიიდან ამოღებამ!

- ასეთი ეფექტიანი ქმედებების დასაწყებად ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს, თუ ეს იმ შემთხვევაშიც შესაძლებელია, თუკი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება?
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, "ქართული ოცნების" მომავალი დღესდღეობით მართლაც ივანიშვილის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. შექმნილ ვითარებაში მას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. შესაძლოა საჭირო გახდეს მისი პრემიერ-მინისტრად დაბრუნებაც, რადგან ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, რათა ხალხმა საბოლოო შედეგი თუ არა, მყარი და შეუქცევადი სასიკეთო ტენდენციები დაინახოს. ცხადია, ეს შეუძლებელი იქნება, თუ მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე კვლავ პირადი ერთგულების ნიშნით შეარჩევენ ბიოგრაფიის უქონელ პირებს, ხოლო არაერთი პროფესიონალი კვლავ გამოუყენებელი დარჩება.
"ქართული ოცნების" ადმინისტრაციული და პარტიული აქტივი არ კმარა ამ ამოცანის შესასრულებლად, მხოლოდ პარტიული ვერტიკალის გამყარება პრობლემას ვერ უშველის. მას პროფესიონალების დეფიციტი აქვს. ამიტომ თითოეულ ასეთ ადამიანს სანთლით უნდა ვეძებდეთ და ვაცლიდეთ საქმის კეთებას.

ივანიშვილის გარშემო შემოკრებილი­ პარტნომენკლატურა, ინტრიგების ხლა­რთვა პროფესიონალებს უშლის ხელს მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. ამიტომ გამოკვეთ­ილი იდეოლოგიის უქონელი პარტი­ის ლიდერობას შესაძლოა­ სჯობდეს, რომ ივანიშვილმა პრემიერ­-მინ­ისტრის პოსტი დაიკავოს და ვიწროპარტიული ჩარჩოდან გამოვიდეს.

ლოზუნგი - "შუა უნდა გაიკრიფოს" - ქვეყნის დამაზიანებელი, სრულიად კოშმარული ორპოლუსიანი დაპირისპირების წინა პირობად იქცა. ეს ლოზუნგი, გნებავთ, ეს მიდგომა, დღეს სწორედ იმ ძალას აძლევს ხელს, რომელიც პროცესების რადიკალიზაციას ისახავს მიზნად და დაუნდობელი ბრძოლით აპირებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ამიტომ, ჩემი აზრით, გონიერი ხელისუფალი "შუის გაკრეფას" კი არა, პირიქით, პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრებას შეუწყობდა ხელს. ის უნდა ქმნიდეს შესაბამის პირობებს მესამე, გინდაც მეოთხე რეალური პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისთვის, კონკრეტულ საკითხებზე მათთან თემატურ კავშირებს ამყარებდეს, უნაწილებდეს ძალაუფლებასა და პასუხისმგებლობას. მაშინ გაგვიჩნდება რეალური ალტერნატივა­, მართლა თავისუფალი და არა იძულ­ებითი არჩევანის საშუალება. არც არჩევნები დაემსგავსება ბრძოლის ველს და აღარც "ნაცმოძრ­აობის" ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზრდება.
სალომე ზურაბიშვილი
- თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
- მას ბევრი დაუმსახურებელი კრიტიკა შეხვდა წინასაარჩევნოდ. სიბინძურის ნიაღვარს, შეურაცხყოფასა და მუქარას პოლიტიკურ ოპონირებასთან ან საერთოდ, ადამიანური თანაცხოვრების ნორმებთან არაფერი აქვს საერთო. ქალბატონ სალომეს საკმაოდ მძიმე საპრეზიდენტო გზა ელის და მე სულითა და გულით ვუსურვებ, რომ მან ის ღირსეულად გაიაროს. ფაქტია, მას ხმა მისცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა. ახლა არა აქვს მნიშვნელობა "ნაცმოძრაობის" საწინააღმდეგოდ გაკეთდა ეს თუ პირადად მისდამი სიმპათიის გამო, ის უნდა გახდეს ამ ხალხის პრეზიდენტი და ამავე დროს იმ ადამიანთა უფლებების დამცველიც, ვინც მას ხმა არ მისცა.

- სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მან უნდა დათმოს ავლაბრის რეზიდენცია?
- ამ შეკითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ. ვფიქრობ, ბევრად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ.

- ბატონო კოტე, როგორ ფიქრობთ, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, როცა გვარამია პირდაპირ ეთერში იმუქრება, ჩემთან ახლოს მოსვლა არავინ გაბედოთ, თორემ კოჭებს დაგიხვრიტავთო, იარაღის ტარების უფლება მაქვსო...
- გვარამია განცდილი მარცხის გამო სრულ ისტერიკაშია, შესაძლოა ფიქრობს, ახლა მე არ მომადგნენ დასაჭერადო... პრინციპში ახლა ის საკუთარ სახეს ყველას აჩვენებს. გადათარგმნეთ მისი ტექსტები ინგლისურად და აჩვენეთ ყველას! მოასმენინეთ ეს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს, სადამკვირვებლო მისიებს. ყველამ უნდა დაინახოს "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდის ნამდვილი სახე... მისგან მე პირადად არაფერი გამიკვირდება.

kapa
16 დეკემბერი 2018 09:46
რავა საგლახაო გახადეთ ეხ უბედური ქვეყანა
krk
16 დეკემბერი 2018 04:53
ორი რამ არის მთავარი ნება და კადრები.... არცერთი არ სჩანს სამწუხაროდ
გიო
15 დეკემბერი 2018 23:36
როცა ტოტალური მხარდაჭერა ქონდა მაშინ ვერ ჩაატარა რეფორმები ოცნებამ, აწი გამორიცხულია რამე კარდინალური გააკეთოს. დათვლილია ამათი დღეები.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები