ივანიშვილი ორი კვირის განმავლობაში პარტიის ლიდერებს ყოველდღიურად ხვდებოდა - წავა ივანიშვილი საკადრო რევოლუციაზე? - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ორი კვირის განმავლობაში პარტიის ლიდერებს ყოველდღიურად ხვდებოდა - წავა ივანიშვილი საკადრო რევოლუციაზე?

აპირებს თუ არა პარტია "ქართული ოცნება" დაანონსებული სამთავრობო და სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებას? - ეს არის საკითხი, რომელსაც დღეს პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში აქტიურად განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით, რიგი ცვლილებები ახალი წლის სადღესასწაულო დღეების ჩავლის შემდეგ მოხდება, მედია ცდილობს გამოიცნოს ვინ შეიძლება შეცვალონ პარტიულ თუ სამთავრობოო სტრუქტურებში, გამოითქმის ვარაუდებიც.

არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილებები რამდენიმე ეტაპიანი იქნება და ეს პირველ რიგში მთვარობას შეეხება -  რამდენიმე მინისტრთან ერთად, თანამდებობას რამდენიმე გუბერნატორიც დაემშვიდობება. ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები განხორციელდება პარტიის შიგნითაც.

მოსალოდნელ ცვლილებებზე " ოცნებაში" ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, თუმცა ირწმუნებიან, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება არ დავიწყებიათ, - ამ საკითზე მსჯელობენ და მას შემდეგ, რაც შექმნილ ვითარებას გაანალიზებენ, შესაბამის ცვლილებებსაც განახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველის ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ, პარტიაში სრული ქაოსი შეიქმნა. პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი "კულისებიდან" გამოვიდა და თითქმის ორი კვირის განმავლობაში პარტიის ლიდერებს ყოველდღიურად ხვდებოდა.

"ოცნებაში" დიდი თუ პატარა ყველა შეთანხმდა, რომ მათ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს უნდა გაემარჯვა და ამასთან დაკავშირებით ძალ-ღონე არ დაიშურეს, ამისთვის ფინანსების მასშტაბურ ხარჯვასთან ერთად, შეცდომების აღიარებაც მოუწიათ და ცვლილებების დაანონსებაც. ივანიშვილმა დასახმარებლად "ძველ გვარდიასაც" უხმო. წყენის მიუხედავად ივანიშვილისა და ზურაბიშვილის გარშემო ყველა ის ადამიანი გაერთიანდა, რომელიც თავის დროზე ე.წ. კობახიძის ფრთამ უკანა პლანზე გაწია. მაშინვე ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის ეფექტიანობა გაიზრდებოდა. ივანიშვილის თქმით, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. "ქართული ოცნების" ლიდერები

არაოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობები, შესაძლოა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დატოვონ. ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია და აღშფოთებულია რეგიონებში შექმნილი ვითარებით, შესბამისად, მნიშვნელოვან ცვლილებებს და კონტროლს ამ მიმართულებით აპირებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ოცნებაში" კონკრეტულ ცვლილებებზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა, რომ იქნება ამას არ უარყოფენ.

გია ვოლსკი

"ჯერ განიხილება ჩვენი სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და შემდეგ ამ პროგრამის და სტრატეგიის შესბამისად იქნება ცვლილბებიც. წინასწარ კონკრეტული თანამდებობის პირების დასახელება სკანდალის მეტს არაფერს განაპირობებს.

აქ მთავარი თემაა ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და პრემიერმა რამდენიმე მიმართულება დასახელეს, სადაც აუცილებელია წინ სვლა, ამას კი რეფორმები სჭირდება, ამის მიხედვით დაიგეგმება საკადრო ცვლილებებიც.. ჯერჯერობით კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები არ არის მიღებული, თუმცა ვართ ფიქრისა და ანალიზის პროცესში", - განუცხადა kvirispalitra.ge-ის პარტია ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  გია ვოლსკიმ.

ჩვენს კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილი რას გულისხმობდა, როდესაც პარტიასა და პოლიტიკაში ახალგაზრდების შემოყვანაზე ლაპარაკობდა, ბატონმა ვოლსკიმ გვითხრა, რომ მეტ კომენტარს აღარ გააკეთედება...

პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი წევრის ეკა ბესელიას თქმით, კი საზოგადოება ყველაფერს ეტაპობრივად გაიგებს.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" ჰაერივით სჭირდება საკადრო ცვლილებები, მეტიც, საკადრო რევოლუცია:

"მაქვს რამდენიმესვლიანი ფორმულა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს "ქართულმა ოცნებამ", უფრო სწორად კი, ბიძინა ივანიშვილმა. უპირველესად, ეს არის საკადრო რევოლუცია. ივანიშვილმა უკვე თქვა, რომ ამ მიმართულებით მიდგომების შეცვლას აპირებს და ერთგულების მიხედვით კი არა, პროფესიონალიზმის პრინციპით შეარჩევს კადრებს, მაგრამ ეს ერთ და ორ ადამიანს არ უნდა შეეხოს, ამაში უნდა მოხვდეს გადაწყვეტილების მიმღები პირების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს არ იქნება იოლი... ივანიშვილს საკადრო წმენდა დასჭირდება პარტიაშიც და პარლამენტშიც. ჩემი აზრით, პარლამენტში უფრო იოლი იქნება ე.წ. ტოქსიკური პოლიტიკოსების ჩანაცვლება იმიტომ, რომ ამ უმრავლესობის პირობებშიც კი მოიძებნებიან საინტერესო და საზოგადოებისთვის მისაღები სახეები, რომლებსაც ლიდერებად ჩამოყალიბების საშუალებას აქამდე არ აძლევდნენ, მაგალითად, ლევან კობერიძე, რომან კაკულია და ა.შ.

ხათუნა ლაგაზიძე

უფრო რთული იქნება ცვლილებები პარტიაში, სადაც თუ უფრო მასობრივ წმენდას დაიწყებს, ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდება. ის ადამიანები, ვისაც განზე გასწევენ, ოპოზიციის რიგებს შეემატებიან.

ასე რომ, მას არ აქვს იოლი არჩევანის ფუფუნება, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაიწყოს საკადრო წმენდა და ამაში მას მოკავშირედ ეყოლება საზოგადოების დიდი ნაწილი". იხილეთ სრულად

"ქართულ ოცნებაში" რადიკალურ და ფუნდამენტარ ცვლილებებს ნაკლებად ვარაუდობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. იგი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი იყოს არსებული სისტემის მძევალი და ახლაც კოსმეტიკური ცვლილებები განახორციელოს, რომელიც შედეგის თვალსაზრისით არაფრის მომტანი იქნება.

"ქართულ ოცნებას" ძალიან რთული ამოცანა აქვს იმიტომ რომ არსებული სისტემის რეკონსტრუქცია დღეს უკვე ძალიან ძნელია, თუმცა თეორიულად შესაძლებელია. აქ ლაპარაკი არ არის პერსონალიებზე თვითონ მმართველობითი სისტემა და ალგორითმი არის სერიოზულ კრიზისში, ფაქტობრივად, თავიდან არის ასაშენებელი. აქედან გამომდინარე, რამდენიმე მინისტრის მოხსნა და ვიღაცის დანიშვნა შედეგის მომტანი არ იქნება.

გარდა ამისა, მარტო ეს პრობლემა ხომ არაა, უმთავრესია სოციალური რისკები, დასაქმების პრობლემები და ა.შ., ასე, რომ ბევრი ამოცანაა გადასაწყვეტი. მაგრამ პირველ რიგში სახელმწიფოებრივი ამოცანები, რომ გადაწყდეს საჭიროა მმართველობითი სისტემის რეფორმირება.

არ ვიცი, ივანიშვილს აქვს თუ არა ამის სურვილი ან რესურსი, მაგრამ შეიძლება სურვილი ჰქონდეს და შესაძლებლობა არა. ასე, რომ ყველაფერს პროცესი გვაჩვენებს. ის თუ ამას შეძლებს მე რა თქმა უნდა მივესალმები და კმაყოფილი ვიქნები, მაგრამ შანსები, რომ მან ეს გააკეთოს დღითიდღე მცირდება.

ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი და ვერ გამოვრიცხავ, რომ ის არის არსებული სისტემის მძევალი, უკვე აღარ შეუძლია რეალური რეფორმების გატარება და ისევ რაღაც კოსმეტიკური ცვლილებებით შემოიფარგლება, რაც ბუნებრივია ამ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს", - გვითხრა ხუხაშვილმა.

იხილეთ ასევე: "ივანიშვილმა საკადრო რევოლუცია უნდა დაიწყოს..."

(სპეციალურად საიტისთვის)