"არავის მივცემ უფლებას, ჩვენს თავისუფლებებს ეთამაშონ" - კვირის პალიტრა

"არავის მივცემ უფლებას, ჩვენს თავისუფლებებს ეთამაშონ"

როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ევროპული ფესვებით, მე განვაგრძობ დასავლური ღირებულებების დაცვას ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დესტაბილიზაციის გამომწვევი გავლენისგან. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სტატიაში, სათაურით "ღირებულებების დასაცავად საქართველოს მეტი მხარდაჭერა სჭირდება დასავლეთისგან", რომელიც გამოცემა Financial Times-ში გამოქვეყნდა.

"მე განვაგრძობ ბრძოლას დემოკრატიისთვის, რათა გავათავისუფლო ეს ქვეყანა ტოტალიტარული წარსულის ნარჩენებისგან. მე დავიცავ ჩემს ერს და მის ლიბერალურ ფასეულობებს", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

თავის სტატიაში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეეცდება გააერთიანოს ქვეყანა და დადგეს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა. "პირობას ვდებ, რომ ვუზრუნველვყოფ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ინდივიდუალურ თავისუფლებებს და კანონის უზენაესობას. მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უფრო ავტორიტარულ მმართველად იქცა. მე გამოვიყენებ პრეზიდენტის ძალაუფლებას, რათა საქართველო დემოკრატიის გზაზე დარჩეს და არავის მივცემ უფლებას, ჩვენს თავისუფლებებს ეთამაშონ", - აცხადებს ზურაბიშვილი.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ევროპული ლიბერალური დემოკრატიული ღირებულებების დამცველი იქნება"."ჩემს დიპლომატიურ გამოცდილებას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მის მიზანს, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მივაახლოვო. ქართველები პროდასავლურად განწყობილნი არიან და ევროკავშირში გაწევრიანება პარტიულ პოლიტიკას სცდება. მე საქართველოს უფრო მიმზიდველს გავხდი. ჩემი პრეზიდენტობისას ვფიქრობ საქართველო იქნება ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო პროგრესული დასავლური ღირებულებებით", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

"ინტერპრესნიუსი"