"ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც..." - რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრები? - კვირის პალიტრა

"ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც..." - რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ ალეკო ელისაშვილის გუნდის წევრები?

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში "სამოქალაქო მოძრაობის" პრეზენტაცია გაიმართა. მოძრაობის წევრებმა - ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ვატო სურგულაძემ მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს "სამოქალაქო მოძრაობის" ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

როგორც ჟურნალისტებს ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, მოძრაობის ჩამოყალიბებაზე მუშაობა არჩევნების შემდეგ დაიწყო.

"ბრიუსელიდან იყო კონტაქტი, აინტერესებდათ, ვინ იყო ადამიანი, რომელიც უფულოდ თბილისში მეორე ადგილზე გავიდა. რამდენჯერმე მე და ჩემი თანამოაზრეები ბრიუსელში ჩავედით, აქაც იყო დელეგაცია ჩამოსული და ევროპის დემოკრატიული მხარდაჭერის ფონდის თანადგომა მივიღეთ. ამ ეტაპზე ფილიალები თბილისში, ბათუმში და ქუთაისში გვექნება, ვმუშაობთ სხვა რეგიონებში ოფისების გახსნაზეც. რატომ ახლა? იმიტომ, რომ ყველა ხედავს, რომ ეს ქვეყანა იგლიჯება ორ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებით. ერთმანეთის მიმართ სიძულვილით ეს ძალები იმდენად გაერთნენ, რომ საერთოდ დაავიწყდათ ქვეყანა და ხალხი. ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ მზა გუნდით კი არ ვიწყებთ, არამედ, პირიქით, გუნდის შენებას ვიწყებთ. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ - იყვნენ საკუთარ საქმეში კვალიფიციურები და კეთილსინდისიერები. ცნობადი სახე იქნება თუ არა, საერთოდ არ მაინტერესებს", - განაცხადა ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"