"სააკაშვილი ხშირად ჩანს ტელევიზიით, მაგრამ..." - რა უპასუხა გია ვოლსკიმ კითხვაზე "რატომ არ ჩანს ივანიშვილი"? - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი ხშირად ჩანს ტელევიზიით, მაგრამ..." - რა უპასუხა გია ვოლსკიმ კითხვაზე "რატომ არ ჩანს ივანიშვილი"?

ყველა მოქმედება, რომელიც ოპოზიციას აქამდე ახასიათებდა და ალბათ, მომავალშიც სხვას არ უნდა ველოდოთ, მიმართულია დესტაბილიზაციისა და დესტრუქციისკენ, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 16 დეკემბერს, შესაძლოა ოპოზიციამ პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში აქცია გამართოს.

"მე არ ვფიქრობ, რომ მათი ქცევა შეესაბამება თანამედროვე, საერთაშორისო, დემოკრატიულ პრინციპებს და იმ ტრადიციას, რომელიც ევროპულ ქვეყანას უნდა ახასიათებდეს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.

"ერთადერთი მიზანი ოპოზიციის ის არის, რომ ხმაური გამოიწვიოს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ საკმაოდ ვრცელი და ინტენსიური მსჯელობა გვქონდა, მათ შორის საზოგადოებაში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას", - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება, იმას, თუ რატომ არ ჩანს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი, ვოლსკიმ აღნიშნულ კითხვას ასე უპასუხა: "გამოჩენა-არგამოჩენასთან დაკავშირებით მე ვიტყოდი, რომ ხშირად ჩანს ტელევიზიით მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ აქამდე არც ჭკვიანური უთქვამს რამე და არც სასარგებლო საქართველოსთვის".

"ინტერპრესნიუსი"