გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს - კვირის პალიტრა

გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს. ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გასული 5 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

"მინდა მოვუწოდო იმ მესვეურებს ჩვენი ხელისუფლების, რომლებიც დღეს განსაზღვრავენ პრეზიდენტის ფონდის საკითხს, დაუტოვონ პრეზიდენტს ეს შესაძლებლობა. ნუ შეკვეცავენ პრეზიდენტის შესაძლებლობას, რომ ეურთიერთონ საზოგადოებას. ამ ურთიერთობის ფორმაა ეს ფონდი. ეს ფონდი არის შესაძლებლობა, იყო პიროვნულ შეხებაში შენს საზოგადოებასთან. მოვუწოდებ მათ, რომ კი არ შეკვეცონ, არამედ პირიქით, მისცენ შესაძლებლობა მომავალ პრეზიდენტს, მეტად ეურთიერთოს საქართველოს მოქალაქეებს და მეტად მისცეს შესაძლებლობა, ემსახუროს თავის სამშობლოს. იმედი მაქვს, ისინი შემისმენენ",- განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ პრეზიდენტის ფონდით დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები: ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" დამფუძნებელი ნინო ჟვანია, ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის "პორტიჯი" დამფუძნებელი ნინო ცინცაძე, ბავშვთა ჰოსპისის "ციცინათელების ქვეყანა" დამფუძნებელი ნინო კიკნაძე, საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ (იზა) ბექაური.

"ინტერპრესნიუსი"