"პოლიტიკაშიც და მთავრობაშიც ახალი ხალხი უნდა მოვიდეს" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკაშიც და მთავრობაშიც ახალი ხალხი უნდა მოვიდეს"

"ოცნებაში" დიდი "გადახარისხება" იწყება?!

საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა, გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციისთვის ემზადება, თუმცა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს იქნება კამათი როგორც საარჩევნო პროცესზე, ასევე მის შედეგსა და ამით გაჩენილ ახალ რეალობაზე. "ნაციონალური მოძრაობა" და მის გარშემო გაერთიანებული ოპოზიციური ძალები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსა და შერეული საარჩევნო წესის სრულად პროპორციული წესით შეცვლას ითხოვენ, თუმცა ბრძოლის ხერხებზე, როგორც ჩანს, მათ წიაღშიც არ არის ერთი აზრი. თავის მხრივ, "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ იმდენი დაპირება გასცა, რომ ცვლილებების დროულად გატარება მოუწევს. გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

- თავდაპირველად მინდა ორიოდე სიტყვით შევაფასო წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც ძალზე რთული და ბინძური გამოდგა. სამწუხაროდ, "ნაციონალური მოძრაობა" ისევ ვერაფერს სწავლობს, ახალი იდეები არა აქვს, ძველებურად სიძულვილის ენით ლაპარაკობს და ასეთივე სიძულვილის ენაზე მიიღო პასუხიც, მას არც "ქართული ოცნება" ჩამორჩა. ასეთი ტიპის პოლიტიკური დისკურსი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება.

ძალიან კარგად თქვა კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსმა ლინკოლნ მიჩელმა, სანამ მიხეილ სააკაშვილისგან არ გათავისუფლდება, ამ ძალას მოგების შანსი კიდევ კარგა ხანს არ ექნებაო.

მიჩელმა სწორედ თქვენს გაზეთთან განაცხადა, სააკაშვილი რომ კარგი სტრატეგი იყოს და სურდეს "ქართული ოცნების" მოშორება, ერთი წლის განმავლობაში მაინც გაჩუმდებოდაო. მართალია მიჩელი - მიხეილ სააკაშვილი "ვარდების რევოლუციის" ხანიდან ვერა და ვერ გამოვიდა. ვერ გაიგო, რომ ქვეყანა უკან ვეღარ დაბრუნდება. ეს გამორიცხულია. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ერთადერთი ადამიანი, ვინც სიძულვილის ენით არ ლაპარაკობდა, სალომე ზურაბიშვილი იყო.

- თუმცა ფაქტია, რომ მან პირველ ტურში ერთი პროცენტით აჯობა გრიგოლ ვაშაძეს... - ეს მოსალოდნელი იყო... ქალბატონი სალომე უკვე არჩეული პრეზიდენტია, მე ინსტიტუციებს პატივს ვცემ, ვულოცავ მას და მომდევნო 100 დღე მასზე ლაპარაკს, მით უფრო, კრიტიკას მოვერიდები, თუმცა თქვენ იცით, რომ მისი კანდიდატურისადმი სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. არა იმიტომ, რომ მისი რუსეთის აგენტობის მჯერა.

ნუთუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ საფრანგეთის სპეცსამსახურები ისეთი სუსტია, რომ რუსეთის აგენტს დანიშნავდნენ სადმე ქვეყნის სრულუფლებიან ელჩად?

ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. მისი გამონათქვამი აგვისტოს ომის შესახებ, ვფიქრობ, იყო წინდაუხედავი და მხოლოდ სააკაშვილის გაკრიტიკების კონტექსტში ნათქვამი.

უკვე არჩეულმა პრეზიდენტმა თქვა ძალიან ჭკვიანური რამ - საქართველო რუსეთს მარტო არ უნდა დაელაპარაკოს, თუ მის უკან არ იქნებიან ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატებიო, და მართლაც ასეა.

ვფიქრობ, სხვა განცხადებებიც, რაც უკვე არჩეულმა პრეზიდენტმა გააკეთა, სწორია, თუმცა რამდენად მოახერხებს ამის ხორცშესხმას, ამაზე ასი დღის შემდეგ ვისაუბროთ.

მაგალითად, სწორად მიმაჩნია მისი განცხადება, რომ ის ზეპარტიული, ანუ ყველას პრეზიდენტი იქნება, რომ არ აინტერესებს არც "ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა". სალომე ზურაბიშვილმა დაასწრო მოვლენებს, როცა თქვა, რომ ელაპარაკა ბიძინა ივანიშვილს და მან უთხრა, "ქართული ოცნების" ვალი არა გაქვსო. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ნამდვილად დამოუკიდებელი პრეზიდენტი იქნება და არ იმოქმედებს "ქართული ოცნების" დაკვეთით. ასევე სწორი მგონია მისი პოზიცია, რომ აუცილებელია შერიგება და არ შეიძლება ასეთი დიდი ბზარები იყოს საზოგადოებაში.

- მითქმა-მოთქმის საფუძვლად იქცა სალომე ზურაბიშვილის მიერ ინაუგურაციის ადგილად თელავის არჩევა. - საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩემი აზრით, მნიშვნელობა არა აქვს, სად გაიმართება ინაუგურაცია. ეს სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი იყო და მის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ. ჩემთვის სრულიად გასაგებია ზურაბიშვილის განმარტებაც, რომ ამით ცდილობს დაანახოს ყველას, რომ იმ ხალხის პრეზიდენტიც არის, ვინც ხმა არ მისცა.

- ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო რეზიდენციად ათონელის სასახლეს ირჩევს. რას ფიქრობთ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა? ასევე საინტერესოა თქვენი მოსაზრება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის შემცირების შესახებ. ცნობილია, რომ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი აღარ ექნება, თუმცა ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. - ჩემი აზრით, სასახლის შესახებ გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია. არ შეიძლება ჩვენისთანა პატარა ქვეყანას, პრეზიდენტს ასეთი შეკვეცილი უფლებებით, თეთრ სახლზე დიდი საპრეზიდენტო რეზიდენცია ჰქონდეს. პირადად მე მიმაჩნდა, რომ ათონელის სასახლეში ჯერ კიდევ მარგველაშვილი უნდა გადასულიყო. მომწონს იდეა, რომ ავლაბარში შესაძლოა ბინა დაიდოს საკონსტიტუციო სასამართლომ, თუმცა არც მუზეუმის იდეაა ცუდი.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის შეკვეცას, აქ ორი ნაწილია - ჩემი აზრით, არ არის საჭირო ადმინისტრაციაში 140 კაცი მუშაობდეს, 60-იც ბევრი მგონია.

შტატების შემცირებით თანხებიც შეიკვეცება, მაგრამ სულ სხვაა სარეზერვო ფონდი. პრეზიდენტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ამგვარი ფონდი და შეეძლოს ამა თუ იმ პროგრამის დაფინანსება.

ამისთვის, სულ ცოტა, 3 მილიონი მაინც უნდა ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს, საპრეზიდენტო სტიპენდიის დანიშვნა მაინც ხომ უნდა შეეძლოს? თუ პრეზიდენტი ჩვენი სახეა, მან ეს უნდა გამოაჩინოს განსაზღვრული ქმედებებით ქვეყანაშიც და მის საზღვრებს გარეთაც.

- ყველა თანხმდება, რომ "ქართულ ოცნებას" ეს არჩევნები ძალიან ძვირი დაუჯდა... - ჩემი აზრით კი ამ არჩევნებით ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" კარგი გაკვეთილი მიიღეს. ეს მყისიერად, პირველი ტურის დასრულებისთანავე დაინახეს. რომ შევადაროთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუები პირველ ტურამდე და მას შემდეგ, ადვილად დავინახავთ, რომ ისინი ერთმანეთისგან ცა და დედამიწასავით განსხვავდება. თავდაპირველად ივანიშვილი იყო სრულიად თავდაჯერებული და ლამის იმუქრებოდა, შემდეგ კი მყისიერად აღიარა ყველა შეცდომა და მათი გამოსწორების პირობაც დადო.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო ვალების ჩამოწერის გადაწყვეტილება. იმედია, 600.000 მოქალაქე სულ მალე თავს დააღწევს შავ სიას და აქტიურად ჩაერთვება ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.

- არაერთი ექსპერტი ამ ნაბიჯს სკეპტიკურად უყურებს და ამომრჩევლის მოსყიდვადაც აფასებს. უკვე ახსენეთ ივანიშვილის დაპირებები, თქვენი აზრით, მაინც რა მიმართულებით უნდა გადადგას ნაბიჯები? - ბოლო 25 წელია გავიძახი, რომ საჭიროა ეკონომიკის სწრაფი განვითარება. ჩემი აზრით, ამას, მგონი, ბიძინა ივანიშვილიც მიხვდა, ყოველ შემთხვევაში, მისი განცხადებები პირველი ტურის შემდგომ ამაზე მიანიშნებდა.

ერთ წელიწადში შეიძლება ვერ გამოსწორდეს ყველა პრობლემა, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგალითად, უმუშევრობის შემცირება. აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ სიდუხჭირეს, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს დასაქმების შესაძლებლობა.

ამიტომაც ვიმეორებ - აუცილებლად უნდა განვითარდეს მწარმოებლური ეკონომიკა.

- ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება საკადრო რევოლუცია. ეს შესაძლებლად მიგაჩნიათ? - სავარაუდოდ, პერსონალიების ცვლილება, თუნდაც მასშტაბური, დიდად შედეგიანი არ იქნება, რადგან სრულიად შესაცვლელია საკადრო პოლიტიკისადმი მიდგომა, ანუ თანამდებობაზე უნდა დაინიშნონ არა პარტიული და ერთგულების, არამედ პროფესიული ნიშნით. ჩვენ გვჭირდება ტექნოკრატიული მთავრობა და სანამ ასეთი მთავრობა არ მოვა ქვეყნის სათავეში, არაფერი გვეშველება. საკადრო პოლიტიკის არსებულ ტრადიციაზე მორგებით შეცდომა დაუშვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ამავე შეცდომას უშვებს "ქართული ოცნებაც"... მასშტაბური საკადრო წმენდაა ჩასატარებელი რეგიონებშიც. გუბერნატორების ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკაშიც და მთავრობაშიც ახალი ადამიანები შემოვიდნენ.

ბარემ აქვე ვიტყვი - უდიდესი პრობლემაა, რომ ქვეყანაში არ არსებობს კომპლექსური სტრატეგიული კვლევითი ცენტრი, რომელიც აუცილებელია, მით უფრო, რომ ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და იმის გაანალიზება, რა შეიძლება მოხდეს ხვალ სხვადასხვა მიმართულებით, უმნიშვნელოვანესია. უნდა არსებობდეს მონახაზები იმისა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგალითად, თუ ყარაბაღში კონფლიქტი განახლდა, ან გამწვავდა ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში, უნდა გავაანალიზოთ, რას მოგვიტანს თურქეთის ისლამიზაცია და ა. შ. უამისოდ, როგორც სახელმწიფო, ვერ შევდგებით.

- ქართულ არჩევნებს როგორც ხელისუფლების ოპონენტების, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაცრი შეფასებები მოჰყვა. "მოხარული ვართ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა შეუფერხებლად ჩაიარა, თუმცა შეშფოთებული ვართ მრავალრიცხოვანი დარღვევით, რომლებიც არჩევნებისას ვიხილეთ", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. - დარღვევები ნამდვილად იყო, თუმცა საბოლოო შედეგზე ამას, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ვფიქრობ, ამ დარღვევების დიდი ნაწილი უფრო ადგილობრივი დოქსოპულოების აქტიურობის ბრალია და ეს არ ყოფილა ცენტრალიზებულად დაგეგმილი გაყალბების სქემები. სხვა შემთხვევაში პირველ ტურში ასეთი შედეგი არ იქნებოდა. როგორც უნდა გამოიყენო ადმინისტრაციული რესურსი, ამდენ ხმას მობილიზებას ვერ გაუკეთებ. მეორე ტურში 11%-ით მეტი ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო ურნებთან, ვიდრე 1-ლ ტურში. თქვენ რა გგონიათ, მაინც ვინ იყო ეს ხალხი? ესენი არიან ის მოქალაქეები, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილსა და "ქართულ ოცნებას" კი არ მისცეს ხმა, არამედ ხმა მისცეს "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ.

ნუ ეგონება "ქართულ ოცნებას", რომ 1 150 000 მხარდამჭერი ჰყავს, ნურც "ნაციონალურ მოძრაობას" ეგონება, რომ 750 000 კაცი უჭერს მხარს. არა, ბატონო, ესენი არიან ამომრჩევლები, რომლებიც ხმას აძლევენ არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ საწინააღმდეგოდ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან სახიფათოა.

ასეთ ვითარებაში საერთაშორისო დამკვირვებლების რჩევები, რომ უფრო მშვიდ გარემოში უნდა მიდიოდეს საარჩევნო კამპანია, ცოტა გულუბრყვილოდაც ჩანს. სანამ ქვეყანაში არ გაჩნდება მესამე ძალა, არჩევნები აგებული იქნება ისევ და ისევ ლოზუნგებზე: "არა მიშას!" "არა ბიძინას!"

- გასულ კვირას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსთაველის პროსპექტზე გააპროტესტეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ოპოზიციურმა გაერთიანებამ. ისინი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას არ აღიარებენ, ითხოვენ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებსა და მომავალი არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას. როგორ ფიქრობთ, წავა ხელისუფლება დათმობაზე და დაიწყებს თანამშრომლობას ოპოზიციასთან? - ჯერ აქციაზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას. ეს იყო ძალიან სუსტი და არცთუ ხალხმრავალი აქცია. ამანაც ცხადყო, რომ 750 000 ხმა ვაშაძემ და "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი არ მიიღეს, არამედ "ქართული ოცნებისა" და სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ მისცა ამომრჩეველმა, რომელსაც სხვა ალტერნატიული არჩევნის საშუალება არ ჰქონდა. ჩემი აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს, ალბათ, ამომრჩევლის 10-12% თუ უჭერს, "ქართულ ოცნებას" კი - 23-24%.

ის, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, თავს კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ. იმ მილიონ-ნახევარ კაცს, ვინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი, ხალხად არ თვლიან და შეურაცხყოფენ. ნაცვლად იმისა, მომხრეების გამრავლებას ცდილობდნენ, მტრებს იმრავლებენ. ყველაზე კარგი იქნებოდა, ვაშაძეს ეცნო არჩევნების შედეგი და ჩასულიყო ინაუგურაციაზე. ეს იქნებოდა ცივილიზებული საქციელი.

რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, ჩემი აზრით, ეს შეუსრულებელი მოთხოვნაა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენს კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ, წააგე არჩევნები? - კეთილინებე და დაელოდე მომავალ არჩევნებს. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს, რომ ამ ტალღაზე რიგგარეშე არჩევნებში უკეთეს შედეგს მიიღებს, მაგრამ ესეც საეჭვო მგონია. გარდა ამისა, გაუძლებს კი ჩვენი ბიუჯეტი სულ საარჩევნო პროცესში ყოფნას?

სამუშაო ჯგუფი შევქმნათო, რომ გაიძახიან, ამგვარი ჯგუფი კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობისას იყო შექმნილი, მაგრამ კონსენსუსამდე მაშინაც ვერ მივიდნენ.

ვთქვათ სიმართლე - ძალიან უნდოდათ "ქართული ოცნების" ლიდერებს, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება მიეღოთ, მაგრამ ფაქტია, არ მოხერხდა, რადგან გაჩნდა უმრავლესობის დაშლის საფრთხე - ამის წინააღმდეგ მაჟორიტარი დეპუტატები წავიდნენ. ჩემი აზრით, ახლაც რომ მოისურვონ შეცვლა და კანონპროექტი შეიტანონ პარლამენტში, დიდი ალბათობით, კიდევ არ გავა.

მეეჭვება, თანამშრომლობა ამ თემებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოხერხდეს. ყველაფერზე უარი რომც თქვას ხელისუფლებამ, "ნაციონალურ მოძრაობას" მასზე ზემოქმედების რესურსი არა აქვს.

ახლა ამბობენ, რომ თურმე ინაუგურაციის დღეს შეიძლება თელავში ჩაატარონ საპროტესტო აქცია, რომელიც სრულიად უშედეგო და უმნიშვნელო იქნება. როგორც გამოჩნდა, ამ ბრძოლის მეთოდებს "ნაციონალურ მოძრაობაშიც" ყველა არ ეთანხმება. მათი ეს ტლუ პოლიტიკა ვნებს ქვეყნისა თუ პარტიის იმიჯს.

მოისმენდით სალომე სამადაშვილის პოზიციას, რომელიც არ იზიარებს იმ მეთოდებს, რასაც მიმართავს "ნაციონალური მოძრაობა" პოსტსაარჩევნოდ. აშკარაა, ამ პოზიციას პარტიაში ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ისე ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წიაღში აფეთქება მზადდება, რაც ამ პარტიის კრახითაც შეიძლება დასრულდეს.

საზოგადოებამ პროტესტი რომ გამოხატოს და ქუჩაში გავიდეს, უნდა ჰქონდეს ალტერნატივა, ანუ "ქართული ოცნება" ვინ უნდა ჩაანაცვლოს?! "ნაციონალურმა მოძრაობამ"? ამაზე ქართველი საზოგადოება არ წავა. სანამ არ არსებობს მესამე ძალა, ასეთი დემარშები განწირულია წაგებისთვის.

- ისე გამოდის, რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიანაც აწყობთ მთავარ პოლიტიკურ ძალებად დარჩენა ქვეყანაში. ფაქტია, რომ აქამდე ისინი სხვა ალტერნატივის გაჩენას აშკარად უშლიდნენ ხელს. როგორ ფიქრობთ, ახლაც ასე გააგრძელებენ? - საზოგადოებაში აშკარად არის დაკვეთა მესამე ძალაზე, მათ რაც უნდა ქნან, ბოლოს და ბოლოს, გაჩნდება ეს ძალა. მთავარია, იყოს იდეა და ფინანსები.

რას გვთავაზობს ალეკო ელისაშვილის მოძრაობა? სამწუხაროდ, ახალს არაფერს. იციან, რომ არის საჭირო მესამე ძალა, მაგრამ რა უნდა აკეთონ, არ იციან. ეს დაემართა ზვიად გამსახურდიასაც - მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ რა ეკეთებინა, არ იცოდა.

ეს პრობლემა ნამდვილად აშკარაა, თუმცა იმედია, მალე ვითარება არსებითად შეიცვლება. ვფიქრობ, მეცენატებმა, კომპანიებმა, ხალხმა, რომელთაც ფული აქვთ, უნდა წაახალისონ ახალი ძალის პოლიტიკაში მოსვლა. სხვა შემთხვევაში, საზოგადოების ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის გახლეჩამ, მკვეთრმა პოლარიზაციამ ძალიან მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები, მაგალითად, პრემიერი შეცვალონ და ბახტაძე გახარიათი ჩაანაცვლონ, ასევე კულუარული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოდან, სავარაუდოდ, გაუშვებენ ირაკლი კობახიძესა და კახა კალაძეს... - ის, რომ გუნდი გადახალისებას საჭიროებს, აბსოლუტურად ცხადია. კულუარებში საუბრობენ, რომ სამთავრობო და პარტიული ცვლილებები კობახიძეს, გახარიას და კალაძესაც შეეხებათ... მე საერთოდ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, თუმცა გახარიაც საკმაოდ გონიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მეეჭვება, გადაადგილებები ახალ წლამდე მოხდეს. რაღა დაგიმალოთ და, პარლამენტშიც შეიძლება გაცილებით უკეთესი სპიკერის მოძებნა. რაც შეეხება კალაძეს, სიმართლე გითხრათ, მასთან რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ, არ ვიცი, იქნებ ის, რომ ძალიან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად ყალიბდება... მოკლედ, მოდი, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.