თვითდაჯერებულობა ღუპავს - კვირის პალიტრა

თვითდაჯერებულობა ღუპავს

დრო არც ისე ბევრია, 2020-იც მალე მოვა!!!

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ეოცნებოს მომავალზე, თავისი ოჯახის კეთილდღეობაზე, მატერიალურ და არამატერიალურ სიკეთეებზე, ანუ ოცნება ზოგადად ცუდი არ შეიძლება იყოს, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, მუდმივად ოცნების რეჟიმში ყოფნა, ცაში ყურება და იმის ლოდინი, როდის მოვა უკეთესი (ცხოვრება, მთავრობა), დამღუპველია, რადგან ზედმეტი ოცნება ადუნებს და ქმედებების ჯაჭვიც ირღვევა, არადა, ქმედებებშია ცხოვრება და განვითარებაც, შესაბამისად, უკეთესი მომავალიც მხოლოდ პერმანენტული და მუხლჩაუხრელი მუშაობით მიიღწევა.

დღევანდელი ხელისუფლების ნაკლოვანებებიც სწორედ იქიდან მოდის (ჩემი დაკვირვებით, რა თქმა უნდა), რომ ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალიან სწრაფად გადავიდნენ თვითდაჯერებულობისა და თვითკმაყოფილების რეჟიმში, რისი შედეგებიც კარგად დაგვანახა არჩევნების პირველმა ტურმა.

რას იწვევს ზედმეტი თვითდაჯერებულობა (არ უნდა აგვერიოს თავდაჯერებულობაში)? - თვითკმაყოფილებას, თვითკმაყოფილება? - ხიბლს!.. ხიბლი რა არის?! საკუთარი თავით ტკბობა, რასაც საბოლოოდ ამპარტავნებასთან მივყავართ და გვანგრევს...

ხიბლში ჩავარდნილი თვითკმაყოფილი ადამიანი არ შეიძლება იყოს ბრძენი, რადგან ყველა მოკვდავი, როგორი სუფთა და წმინდაც არ უნდა იყოს, ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე უშვებს შეცდომას, გამომდინარე აქედან, თუ ვთანხმდებით, რომ უშეცდომო ადამიანი არ არსებობს, შესაბამისად, თვითკმაყოფილნიც არ შეიძლება ვიყოთ იმიტომ, რომ თვითკმაყოფილი (შესაბამისად, ხიბლში მყოფი) ადამიანი შეცდომებსაც არ აღიარებს, და თუ შეცდომებს არ აღიარებს, ე.ი. არის ბრიყვი... ანუ სიბრიყვე და თვითკმაყოფილება სინონიმები გამოდის. ვინც თვლის, რომ მას შეცდომა არ შეიძლება მოუვიდეს, ეს კიდევ უფრო დიდი უბედურებაა და შესაბამისად, დამღუპველიც. როგორც ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის, იგივეა თვითკმაყოფილება, ღუპავს და აბსოლუტური თვითდაჯერებულობა, თვითკმაყოფილება (ხიბლი) აბსოლუტურად ღუპავს ადამიანს და განსაკუთრებით ხელისუფლებებს.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმ განცდების შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" პირველ ტურში გადაიტანა და ეს ყველაფერი ზედმეტ თვითდაჯერებულობას დაბრალდა (რასაც ვეთანხმები), მეორე ტურის შემდეგ ნელ-ნელა ისევ შემოეპარათ რიხი და დაიწყო ისევ თვითდაჯერებული გამარჯვებულის პოზიციებიდან მაღალფარდოვანი კომენტარები. არადა, ეს საბედისწერო არჩევნები ამ ხელისუფლებას არ მოუგია. ეს არჩევნები მოიგო გამწარებულმა ხალხმა, რომელმაც მობილიზება გააკეთა და ხმა მისცა სადიზმისა და არა - ადამიანობის წინააღმდეგ, რითაც ბოლო შანსი მისცა 2020-ის წინ "ქართულ ოცნებას" და ვინც არ მისცა, ისინიც ჩვენი ბედკრული საქართველოს სრულუფლებიანი შვილები არიან და განსაკუთრებით ამ განაწყენებული ხალხის შემობრუნებაზე ბევრი აქვს სამუშაო ხელისუფლებას.

ხალხი ელოდება სწრაფ ცვლილებებს - ძირეულ და არაფასადურ საკადრო ცვლილებებს მაღალ ეშელონებში და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ოდიოზური ფიგურების ჩამოშორებას ხილული თუ უხილავი სამთავრობო ვერტიკალიდან, ეკონომიკურ ცვლილებებს, რომლებიც ხელშესახებ შედეგს მოიტანს თვეების განმავლობაში და არ გაიწელება ხუთწლედებზე და მით უმეტეს ათწლედებზე.

მოკლედ რომ ვთქვა და არ გადაგღალოთ, ხელშესახებ ცვლილებებს ელის ხალხი. ვინც ამას ალღოს ვერ აუღებს და ისევ იმ უსაზღვრო თვითკმაყოფილების რეჟიმში გააგრძელებს ე.წ. მუშაობას, იმას საზღვრებიც უკან დარჩება და უსაზღვროებაც. უსაზღვრო (პირდაპირი მნიშვნელობით) ქვეყანა კი ნამდვილად არ არის მომხიბლავი დღევანდელ რეალობაში, ჩასაფრებული მტერი მზად არის ნებისმიერი სისუსტის გამოჩენის შემთხვევაში გეცეს და გაგბრდღვნას როგორც დაგეშილმა მწევარმა დაჭრილი ხოხობი!.. შიდა თუ გარე არეულობით (მართული თუ უმართავი ქაოსით) შემოიტანოს განხეთქილება (არცთუ შეუმჩნევლად ტრიალებს ქვეყანაში დენთის სუნი, ბოლო დროს არც "ბოევიკი ტურისტების" ნაკლებობაა), რასაც მოჰყვება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო დაშლა და დათითოკაცება. დაშლილი და დათითოკაცებული ქვეყნის გადაყლაპვა კი პრობლემას აღარ წარმოადგენს.

P.S. ვინმემ რომ ცილი არ დამწამოს მხოლოდ ლიტონი სიტყვებით საუბარში, კონკრეტულად ვთავაზობ ჩვენს ხელისუფლებას შემდეგს: სასწრაფოდ ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც არ დაემორჩილება არც ერთ ძალოვან თუ პარტიულ ნომენკლატურას, დაკომპლექტდეს პროფესიონალი იურისტებით (არ გამოირიცხება უცხოელების ჩართვაც) და საზოგადოების იმ წარმომადგენლებით, ვისთანაც საზოგადოებას კითხვები არ აქვს. შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომ ამ ბიუროს მუშაობაში ვერ მოხდეს გვერდითი ჩარევები, დაიწყოს ყველა გახმაურებულ საკითხზე მოკვლევა და დამნაშავე დაისაჯოს სამაგალითოდ, რომ მინიმუმ ყველა ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების მოსურნეს ხელი მოეცაროს და აღარ იყოს ყბადაღებული საუბრები თანამდებობებიდან წასული მილიონერებისა და ბიზნესლობისტი პარლამენტარების (განსაკუთრებით მაჟორიტარი) შესახებ. არადა, ვგრძნობ, ასეთები ბევრნი არიან დღეს ცენტრალურ თუ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

"უკეთუ მარჯვენაი ხელი შენი გაცდუნებდეს შენ, მოიკვეთე იგი და განაგდე".

ამით დავიწყოთ!.. ახლა მოქმედების დროა და არა თვითკმაყოფილების, თვითკმაყოფილება ღუპავს, აბსოლუტური თვითკმაყოფილება აბსოლუტურად ღუპავს, ბატონებო, დრო არც ისე ბევრია - 2020-იც მალე მოვა!!!

გიორგი თევდორაშვილი