დაცულია თუ არა პრეზიდენტის უსაფრთხოება ათონელის სასახლეში - კვირის პალიტრა

დაცულია თუ არა პრეზიდენტის უსაფრთხოება ათონელის სასახლეში

"აქ რუსთაველის სახლი უნდა ყოფილიყო" - რას სთხოვს პრემიერს ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორი

გიორგი მარგველაშვილისგან განსხვავებით, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისთვის ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების სასახლედ ცნობილი რეზიდენცია მისაღებია: "ჩემი წინაპრები ბარათაშვილები, ორბელიანები იყვნენ, ამიტომ ორბელიანების სასახლე ჩემთვის არის სრულიად მისაღები. უფრო ევროპული ყაიდის სასახლეა, ვიდრე ავლაბრის სასახლის მასშტაბური შენობა~.

"კვირის პალიტრამ~ რესპონდენტებთან ერთად ამ ორი რეზიდენციის შედარებითი დახასიათება სცადა.

ბესო ალადაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში: - საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, არ იყო აუცილებელი პრეზიდენტისთვის ავლაბრის სასახლე. მისი აგება, ექსპლუატაცია, გვირაბი, რომელიც სასახლიდან სანაპირომდე გადის და როგორც ამბობენ, უკავშირდება მეტეხის ტაძრისქვეშა გვირაბს, ძალიან ძვირი დაჯდა.

- ათონელზე მდებარე შენობაზე რას იტყვით? - იქ ადრე იყო აშშ-ის საელჩო, რომელსაც საქართველოში ყველაზე დიდი დიპლომატიური მისია და დამხმარე პერსონალი ჰყავს, ამიტომ უსაფრთხოების პრობლემამ იჩინა თავი. დიღომში გადატანის შემდეგ საელჩოსთან ახლოს დასახლებაც გააშენეს თანამშრომლებისთვის.

არ ვიცი, ათონელის ქუჩის სასახლე შესაფერისია თუ არა დიპლომატიური შეხვედრებისთვის, თუმცა, რადგან პრეზიდენტის აპარატი 60 კაცამდე შემცირდა, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციისა და პერსონალისთვის, ალბათ, საკმარისი იქნება.

- როგორ ფიქრობთ, ამ შენობაში უსაფრთხოდ იგრძნობს თავს ქვეყნის მთავარსარდალი?

- საქართველოს პრეზიდენტსა და ხელისუფლებას საერთაშორისო ტერორიზმის პირდაპირი საფრთხე არ ემუქრებათ. ცნობილია, რომ უცხოელი დიპლომატები, განსაკუთრებით, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის, უპირველესად უსაფრთხოების საკითხებს აქცევენ ყურადღებას და შესაბამისად, ათონელის სასახლეში მათი მიღება-გასტუმრებისას, უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. სამწუხაროდ, სწორედ ნატოს წევრი ქვეყნები ხდებიან ტერორისტების სამიზნე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება სასახლის შიგნით, ფარული მოსმენების თვალსაზრისით და ა.შ. ჩემი აზრით, როგორც დიპლომატს, ქალბატონ სალომეს ეს საკითხები არ ესწავლება. საფიქრალია ინფრასტრუქტურაც - ქუჩა, მისასვლელი, ყოფილი ალექსანდრეს ბაღი, რომელიც, ფაქტობრივად, სასახლეს აკრავს, ხომ არ შეუშლის ხელს მოსახლეობას, ხომ არ გადაიკეტება ქუჩები...

- ათონელის სასახლეს აქვს გვირაბი? წესით, ხომ უნდა ჰქონდეს? - ჩემი აზრით, საელჩოში შესვლა და გამოსვლაა მთავარი. გვირაბი არის ცივი ომის გადმონაშთი...

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი, ავლაბრის რეზიდენციის პროექტის ავტორი: - ორბელიანების სასახლე არაჩვეულებრივი შენობაა, შთამბეჭდავი და მდიდრული, მაღალი დონის არქიტექტურით. საბჭოთა პერიოდში იქ ფუნქციონირებდა უცხოეთთან ურთიერთობის სამსახური. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, არავის დაავიწყდეს, რომ ამ შენობაში იყო აშშ-ის საელჩო. როგორ ფიქრობთ, ეს საელჩო განთავსდებოდა ისე, რომ უსაფრთხოების საკითხები არ ყოფილიყო მოგვარებული?

ძალიან კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი უარს ამბობს ჩემ მიერ დაპროექტებულ ავლაბრის რეზიდენციაში შესვლაზე. ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობა პრეზიდენტისთვის ყველანაირად შესაფერისია.

თავის დროზე ამერიკის საელჩომ შენობას მთელი ფლიგელი მოაშენა. წინა ნაწილშია კარი (ათონელის ქუჩიდან) ოფიციალური სტუმრებისთვის. სასახლის სტრუქტურა იდეალურია, ყველანაირი პირობაა - დარბაზი პრეზენტაციებისთვის, სამზარეულო... მოშენებულ ფლიგელში პერსონალის განთავსებაც არ იქნება ძნელი. არ ვიცი, მოგვარებულია თუ არა აპარტამენტების საკითხი, თუმცა როდესაც ამ სასახლეს მარგველაშვილის დასახვედრად ამზადებდნენ, ბუნებრივია, გაითვალისწინებდნენ, რომ მას აპარტამენტი უნდა ჰქონოდა.

ახლა, რაც შეეხება ავლაბრის რეზიდენციას - ამ შენობაში (ყოფილი ავტოინსპექციის ადგილას), უნდა გაგვეკეთებინა საქართველოს სახლი. პირველად ბელგიაში აშენდა ბელგიის სახლი, მერე - ფინეთში, გერმანიაში... ოსაკაში აშენდა იაპონიის სახლი... მერე პომპიდუს ცენტრი შეიქმნა პარიზში, რომელიც გვიყვება, რას წარმოადგენს საფრანგეთი დღემდე, რა მიუცია სამყაროსათვის და პირიქით. იგივე ამოცანა დავუსახე საკუთარ თავს, როდესაც ამ შენობას ვაპროექტებდი. ეს უნდა ყოფილიყო საქართველოს, რუსთაველის სახლი.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა როდის და როგორ დაიდო ბინა ამ შენობაში და როგორ დაერქვა მას პრეზიდენტის სასახლე? - როდესაც სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო, მოვიდა ჩემს სახელოსნოში, საიდანაც კარგად ჩანდა ყოფილი ავტოინსპექციის შენობა უკვე ამოყვანილი კოლონებით. ვკითხე, ბატონო მიხეილ, რას უყურებთ-მეთქი? რა კარგი ადგილიაო, ჩაილაპარაკა. რაღა შორიდან გაჰყურებთ, აგერ, სამმეტრიანი მაკეტია გაკეთებული, როგორი უნდა იყოს-მეთქი. ამ შეხვედრიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ ის პრეზიდენტი გახდა, გამოგზავნა ხალხი და ჩემს უკითხავად წაიღო პროექტი.

პატივისცემით მივმართავ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, არც განიხილონ სხვა საკითხი, რა უნდა განთავსდეს ამ შენობაში. ხმები დადის, მისი პრივატიზების მსურველებიც გამოჩნდნენო... ეს დაუშვებელია! ეს უნდა ყოფილიყო რუსთაველის სახლი, რომელიც გვიამბობს საქართველოზე დასაბამიდან დღემდე.