როგორი იქნება პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია - კვირის პალიტრა

როგორი იქნება პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია

"როცა თამრიკო ფოცხიშვილმა თამარ მეფესთან პარალელები გაავლო, იგულისხმა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველი მმართველი ქალი არ არის ქალბატონი სალომე და დაამატა: "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადიაო"

დიდი ალბათობით, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ქალაქ თელავში 16 დეკემბერს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ მიწვეული არიან უცხოური დელეგაციები და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ინაუგურაცია ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე იგეგმება. ღონისძიების რეჟისორები ბასა ფოცხიშვილი და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე იქნებიან, მხატვარი - თამარ ფოცხიშვილი.

როგორი იქნება ინაუგურაცია? - საზოგადოებისთვის ამ საინტერესო კითხვით მიმართა "კვირის პალიტრამ" საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს მას შემდეგ, რაც მათ ერეკლე მეფის სასახლე და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს და სხვადასხვა მნიშვნელოვან დეტალზე იმსჯელეს.

ბასა ფოცხიშვილი: - ეს იქნება კლასიკური ინაუგურაციის ცერემონია, დახვეწილი და გემოვნებიანი. შეიქმნება ისეთი დეკორაცია, რომელიც მაქსიმალურად მოერგება გარემოს. რა თქმა უნდა, შესრულდება საქართველოს ჰიმნი და "მრავალჟამიერი".

- ქალბატონ სალომეს თუ ჰქონდა რაიმე მითითება, რომ გაგეთვალისწინებინათ?

- მისი სურვილია ღონისძიება იყოს ნაკლებად პომპეზური და ლამაზი.

- საქართველოს ისტორიას რამდენიმე პრეზიდენტის ინაუგურაცია ახსოვს. რით იქნება ეს გამორჩეული? - სივრცე, გაშლა განსხვავებულია და გაიმართება ისტორიულ, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვან ადგილას. ინაუგურაციას აქვს თავისი კანონები, წესები და სტილიდან ძალიან ამოვარდნა არ შეიძლება. ამიტომ ღონისძიება ჩაივლის ყველა წესის დაცვით.

- ქალბატონმა თამრიკომ ბრძანა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე შესაძლოა პარალელები თამარ მეფესთანაც ვიხილოთო... - თამრიკომ ის იგულისხმა, საქართველოს ისტორიაში პირველი მმართველი ქალი არ არის ქალბატონი სალომეო და დაამატა "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადიაო". საქართველო იმითაც გამორჩეული, განვითარებული და ევროპული ქვეყანაა, რომ განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის არ არის.

- ნიკა შველიძე რა სამუშაოებით იქნება დაკავებული? - ინაუგურაციის საღამო რამდენიმე ღონისძიებისაგან შედგება - ფიცის დადების ცერემონია, ოფიციალური მიღება, სტუმრების დახვედრა და ა.შ. პროგრამა მთელ დღეს მოიცავს, სხვადასხვა ეპიზოდში სხვადასხვა ლოკაციაზე გადავინაცვლებთ. ნიკა ოფიციალური ცერემონიის (რომელიც წინანდალში გაიმართება) ღირსეულად ჩატარებას უხელმძღვანელებს.

თამრიკო ფოცხიშვილი, მხატვარი: - მჯერა, რომ დიდებული კავკასიონის ფონზე გამართული ეს ღონისძიება გამორჩეულად ლამაზი, თან სადა, ოღონდ ძალიან მასშტაბური იქნება. მაქსიმალურად შენარჩუნდება ტრადიციული ქართული სტილი.

ძალიან ბევრი სტუმარი გვეყოლება და ამიტომ მათთვის სპეციალურად აიგება დასაჯდომი ტრიბუნები. ფერები, რომლებსაც გამოვიყენებ, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებსა და გარემოსთან იქნება მორგებული. ვფიქრობ, ეს დღე შთამბეჭდავად ჩაივლის და დიდხანს დაგვამახსოვრდება.

"მეამაყება, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალის კაბას მე შევქმნი"

ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილი დიზაინერ ჯაბა დიასამიძის შექმნილი სამოსით წარდგება. შეგახსენებთ, რომ ჯაბა დიასამიძის სამოსით თავს ბევრი ცნობილი ქალბატონი იწონებს, მათ შორის არიან ანჯელინა ჯოლი და ადრიანა ლიმაც. დიზაინერი სალომე ზურაბიშვილსა და მის ოჯახს ბავშვობიდან იცნობს. ზურაბიშვილებივით, ჯაბა დიასამიძის ოჯახიც ემიგრაციაში იმყოფებოდა. ცნობილმა დიზაინერმა პირველი კაბა სალომე ზურაბიშვილს 17 წლის ასაკში შეუკერა. "საინაუგურაციო კაბას სიმბოლური დატვირთვა ექნება. მეამაყება, რომ ამ დღისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალის კაბას მე შევქმნი", - აღნიშნავს დიზაინერი.