შეხვდება თუ არა პუტინი ზურაბიშვილს?! - კვირის პალიტრა

შეხვდება თუ არა პუტინი ზურაბიშვილს?!

"შეიძლება თუ არა ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესება, უმთავრესად, დამოკიდებულია მოსკოვზე", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. რას ფიქრობენ მეზობელ ქვეყანაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ? შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა ზოგიერთ სფეროში კვლავინდებურად გაგრძელდება.

- ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთის საგარეო უწყების მოკლე კომენტარი მოვისმინეთ. გამოითქვა იმედი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის მოგვარებას.

- მოჰყვა თუ არა რუსეთის ხელისუფლების უკმაყოფილება ზურაბიშვილის ინტერვიუს, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის ამჟამინდელი ქმედებების გამო საქართველო მასთან თანამშრომლობას ვერ დაიწყებს? - ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით ოფიციალური გამოხმაურება არ ყოფილა. ზურაბიშვილი იმასაც ამბობს, რომ საქართველოს აქვს პროევროპული პოზიცია და თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები - აშშ და ევროპა რუსეთთან დიალოგს დაიწყებენ, საქართველო განზე არ გადგება....

რაც შეეხება ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ამის შესახებ მოსკოვში კარგად იციან და მათი დამოკიდებულებაც ყველასთვის ცნობილია. შეიძლება თუ არა ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესება, უმთავრესად დამოკიდებულია მოსკოვზე - იმაზე, არის თუ არა იგი მზად, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ზურაბ აბაშიძე

- ზურაბიშვილის განცხადებები ხშირად რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს, საქართველოში ის რუსეთის პროექტადაც კი მოიხსენიებოდა, თუმცა მისმა ბოლო ინტერვიუმ ეს ვერსია თითქოს გააბათილა. შეინიშნება თუ არა იმედგაცრუება რუსეთის პოლიტიკურ წრებში? - მტკიცება, რომ ზურაბიშვილი ვიღაცის პროექტია, "ნაციონალური მოძრაობიდან" მოდის და ამის შედეგი ამ პოლიტიკურმა ძალამ იწვნია კიდეც. მათ დღემდე არ უღიარებიათ პასუხისმგებლობა იმ შეცდომების გამო, რამაც ხელი შეუწყო 2008 წლის კატასტროფას.

- თავს დროზე პუტინმა გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მზადყოფნა რამდენჯერმე გამოთქვა, თუმცა, როგორც ცნობილია, ქართული მხარე ამ შეხვედრას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. პუტინს ზურაბიშვილთან შეხვედრის სურვილიც ხომ არა აქვს? - ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის საკითხი ამ ეტაპზე ნამდვილად არ განიხილება.

- თქვენ როდის შეხვდებით კარასინს და რა თემებზე ისაუბრებთ? - შეხვედრა, ალბათ, მომავალი წლის იანვარში გაიმართება და ჩვენი საუბრის თემა იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული საკითხები. მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ სოლიდურ მაჩვენებლებს მიაღწია და 10 თვის მონაცემებით, დაახლოებით 1,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. წლის ბოლოსათვის საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა, ალბათ, 1,5 მილიონს მიუახლოვდება. იზრდება სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო მიმოსვლაც. ამ მიმართულებით, ბუნებრივია, ჩნდება პრობლემებიც, რასაც ყურადღება და მოგვარება სჭირდება.

იხილეთ ასევე: "ქართულ ოცნებასთან" ზურაბიშვილის კონფლიქტებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ..." - პარიზელი პრეზიდენტი კავკასიური აქცენტებით