"თუ ცვლილებები არ იქნა, მივიღებთ საყოველთაო კრიზისს" - კვირის პალიტრა

"თუ ცვლილებები არ იქნა, მივიღებთ საყოველთაო კრიზისს"

აპირებს თუ არა "ქართული ოცნება" დაანონსებულ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს? - ეს არის საკითხი, რომელსაც პოლიტიკოსები თუ ექსპერტები აქტიურად განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით, ზოგიერთი ცვლილება ახალი წლის სადღესასწაულო დღეების ჩავლის შემდეგ იგეგმება.

არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილებები რამდენიმეეტაპიანი იქნება - რამდენიმე მინისტრთან ერთად, თანამდებობას რამდენიმე გუბერნატორიც დაემშვიდობება. ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები იგეგმება პარტიაშიც.

მოსალოდნელ ცვლილებებზე "ოცნებაში" დღეს საჯაროდ არავინ ლაპარაკობს, თუმცა ირწმუნებიან, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება არ დავიწყებიათ - ამ საკითხზე მსჯელობენ და მას შემდეგ, რაც შექმნილ ვითარებას გააანალიზებენ, ცვლილებებიც იქნება.

"ჯერ განიხილება ჩვენი სამოქმედო პროგრამის ძირითადი მიმართულებები და შემდეგ ამ პროგრამისა და სტრატეგიის შესაბამისად იქნება ცვლილებებიც. წინასწარ კონკრეტული თანამდებობის პირების დასახელება სკანდალის მეტს არაფერს მოიტანს. რაც მთავარია, ივანიშვილმა და პრემიერმა რამდენიმე მიმართულება დაასახელეს, ამას კი რეფორმები სჭირდება, ამის მიხედვით დაიგეგმება საკადრო ცვლილებებიც. ჯერჯერობით კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები არ არის მიღებული", - განაცხადა "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

"ქართულ ოცნებაში" რადიკალურ და ფუნდამენტურ ცვლილებებს ნაკლებად ვარაუდობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. ის ბიძინა ივანიშვილს პრემიერის პოსტზე დაბრუნებას და მმართველობითი სისტემის შეცვლას ურჩევს.

- თუ ივანიშვილს უნდა რაღაც მართლაც შეცვალოს, საკმაოდ მძიმე, არაორდინარული და რადიკალური რეფორმების გატარება მოუწევს, თუმცა მეეჭვება ამის რესურსი ჰქონდეს. თუ ახალ ძალებს მოიზიდავენ, სხვა საქმეა, მაგრამ ესეც გაუძნელდებათ - მოისურვებს კი საზოგადოების ერთი ნაწილი მათთან თანამშრომლობას?!

ცვლილებებს, ალბათ, დაიწყებენ და რა სახის, ამის პირველი სიმპტომი გამოჩნდება მაშინ, თუ რა თანამდებობაზე დარჩება ივანიშვილი. თუ პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, ცვლილებები უშედეგო იქნება.

ერთადერთი შანსი იმისა, რომ როგორმე შედეგიანი იყოს რეფორმები, არის ის, რომ ივანიშვილმა დაიკავოს ის თანამდებობა, რომლითაც ქვეყანა იმართება.

- გარდა მმართველობითი სისტემის გამართვისა, მთავრობამ უპირველესად რა მიმართულებით უნდა დაიწყოს ცვლილებები? - უპირველესად საჭიროა მართვის რეორგანიზაცია, მერე კი ქვეყანაში სამართლიანი ატმოსფეროს დამკვიდრება, არა სამართლიანობის აღდგენით, არამედ სამართლით. გარდა ამისა, პოლიტიკური ცხოვრების მოსაწესრიგებლად აუცილებელია ოპოზიციასთან ურთიერთობა. დღეს ხელისუფლება მარტოა, რაც მიუღებელია. ამიტომ მთლიანად სახელმწიფო ვერტიკალის რესტრუქტურიზაციაა საჭირო. ქვეყანაში მონოპოლიური მმართველობაა და ეს კიდევ ცალკე პრობლემაა...

უპირველესად სისტემაა მოსაწესრიგებელი, რომელიც ახლა არ მუშაობს. მეორე საკითხია, რამდენად ეფექტიანი კავშირებია ცენტრსა და რეგიონებს შორის. მთავრობა უნდა იყოს პოლიტიკური ორგანო, არ შეიძლება მას მხოლოდ სამეურნეო ფუნქციები ჰქონდეს. არადა, ივანიშვილი მთავრობას სწორედ ამ ფუნქციების მატარებლად განიხილავს.

პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, სად იქნება ივანიშვილი, მთავარია, სისტემა იყოს გამართული. არ შეიძლება კონსტიტუციით პირველი პირი იყოს პრემიერი, მაგრამ სინამდვილეში მასზე ზევით ბიძინა ივანიშვილი იდგეს. არაფორმალური მმართველობა არსად არ ამართლებს.

გარდა ამისა, უკვე ნულამდე დავიდა საშუალო და წვრილი ბიზნესი, არადა, ბიზნესმა მოსახლეობა უნდა დაასაქმოს. არ დაგვავიწყდეს ფასების ზრდაც თითქმის ყველა სახის პროდუქციაზე... ბევრი პრობლემაა, რომელთა მოგვარება სასწრაფო მოქმედებას მოითხოვს.

- რამდენიმე მინისტრის შეცვლით მივიღებთ იმას, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება? - ყველა ხელისუფალი პრობლემების მოგვარებას პერსონალიებზე დარტყმით იწყებდა. ვიმეორებ - პრობლემაა თვითონ მართვის სისტემაში - ქვეყანა ვერ იმართება და ამის მიზეზია არა პერსონები, არამედ მართვის ცენტრის არარსებობაა.

თუ სააკაშვილის დროს მართვის ცენტრი იყო ავტორიტარიზმზე დაფუძნებული, დღეს სად არის, ვერ გაიგებ. მხოლოდ ახალი მინისტრების მოყვანით სიტუაცია არ შეიცვლება. მინისტრთა კაბინეტი და პოლიტიკური ორგანო იმას კი არ ჰქვია, მხოლოდ კანონპროექტები განიხილონ, არამედ გააანალიზონ, ქვეყანაში რა ვითარებაა და ისე მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილებები და არა ცალ-ცალკე.

- როგორც ცნობილია, ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ პარტიის გაძლიერების პირობაც დადო. ამ მიმართულებით მოსალოდნელია თუ არა ე.წ. კობახიძის ფრთის ჩაჩოჩება, რომლის წინა პლანზე წამოწევამ "ძველი გვარდია" გაანაწყენა? - პარტიის გაძლიერება მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს. საერთოდ, რას ნიშნავს პარტიის გაძლიერება, ვერ ვხვდები, თუ ახალ ხალხს მიიყვანს, იმათ რა უნდა ქნან?! ხალხი მთავრობაში მიიყვანოს და რეორგანიზაცია იქ მოახდინოს.

- ექსპერტების შეფასებით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში... - გუბერნატორების ინსტიტუტი საერთოდ გასაუქმებელია. უნდა დასრულდეს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც დაიწყეს, შემდეგ გაჩერდა და უკან დაიხიეს. უნდა გაიზარდოს ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებები და დაფინანსება. რეგიონებს მეტი ავტონომია სჭირდებათ. მოსაძებნია მოდული, რათა რეგიონებმა შექმნან საკუთარი ბიუჯეტი და არ იყვნენ დამოკიდებული ცენტრალურ ბიუჯეტზე.

- რიგგარეშე არჩევნები თუ არის გამოსავალი? - რიგგარეშე არჩევნებით ერთხანს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა დაიწევს, მაგრამ თუ ცვლილებები არ იქნა, ეს ყველაფერი კრიზისში გადაიზრდება. თუმცა ამ ეტაპზე რიგგარეშე არჩევნები გამორიცხულია.

მოამზადა თიკო ოსმანოვამ