"არ დაუშვათ მიწების უცხოელებზე გასხვისება" - ხმაური იუსტიციის სახლთან - კვირის პალიტრა

"არ დაუშვათ მიწების უცხოელებზე გასხვისება" - ხმაური იუსტიციის სახლთან

ამ წუთებში იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტილია. შესაბამისად, იუსტიციის სახლის ცენტრალური შესასვლელიდან შესვლის შესაძლებობა არავის აქვს. კარი მას შემდეგ ჩაიკეტა რაც შენობაში შესვლა აქციის მონაწილეებმა სცადეს. იუსტიციის სახლთან ის ადამიანები და საზოგადოებრივი ჯგუფები არიან შეკრებილი, ვინც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას აპროტესტებს.

იუსტიციის სახლთან შეკრებილები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ არ დაუშვან მიწების უცხოელებზე გასხვისება. აქციის მინაწილეები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული მორატორიუმი.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საბერძნეთის იმ მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

პლენუმმა გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა, რადგან სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილება 2012 და 2014 წლებში მიღებული აქვს.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები

მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც კვლავ აწესებს მორატორიუმით გათვალისწინებულ შეზღუდვებს. უცხოეთის მოქალაქეებს მიწების დასარეგისტრირებლად ცხრა დღიანი ვადა აქვთ.