ეკა ბესელია - უპასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ თუ უბრალოდ ტყუილი?.. - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია - უპასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ თუ უბრალოდ ტყუილი?..

"ეკა ბესელია უპასუხისმგებლოდ მოგვექცა არა მხოლოდ ჩვენ, ჟურნალისტებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში ცარიელი სკამის პირისპირ დავრჩით, არამედ პირველ რიგში, იმ ტელემაყურებელს, რომელიც ელოდა გადაცემას და პასუხებს მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. ჩემი აზრით, ეს მიანიშნებს, რომ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატისთვის, საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი სხვა ინტერესები აღმოჩნდა".

7 დეკემბერს "პალიტრანიუსის" თოქ-შოუ "7vs1" ჩავარდა, რადგან მისი რესპოდენტი ეკა ბესელია ბოლო მომენტში გადაცემაში არ მივიდა. თოქ-შოუს ფორმატით, ერთი რესპოდენტი სხვადასხვა მედიასაშუალებების შვიდი ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს. "პალიტრანიუსმა" გადაცემაში ბესელიას მონაწილეობის შესახებ თანხმობა ერთი კვირით ადრე მიიღო, მომზადდა და ეთერში გავიდა ანონსი, თუმცა...

გადაცემის დაწყებამდე 10 წუთით ადრე, ეკა ბესელიამ და პარლამენტის პრესსამსახურის თანამშრომელმა ტელევიზიის პროდიუსერებს და ხელმძღვანელებს აცნობეს, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გადაცემაში მისვლას ვერ ახერხებდა, რადგან თურმე "პრემიერთან საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა". მოგვიანებით, ბესელიამ "ფეისბუკპოსტით" განმარტა, რომ სთხოვეს დასწრებოდა პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას.

წარმოვიდგინოთ სიტუაცია - პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე "აგდებს" ტელევიზიას და თავქუდმოგლეჯილი გარბის პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის სასწრაფოდ დანიშნულ შეხვედრაზე, სადაც თურმე მისი დასწრება უკიდურესად აუცილებელია. გამოდის, ქვეყანაში რაღაც საგანგებო ხდება და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვის მოუბრუნდება ენა, რომ დეპუტატს რაიმე პრეტენზია წაუყენოს...

თუმცა 7 დეკემბერსვე დადასტურდა, რომ ქვეყანაში არც საგანგებო ხდება რამე და არც საგანგაშო. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერის პრესმდივნებმა, ასევე "ქართული ოცნების" პრესსამსახურმა ჩვენს ჟურნალისტებს ოფიციალურად განუცხადეს, რომ არაფერი იციან ზემოხსენებული შეხვედრის შესახებ. შეხვედრა არც ერთი მედიასაშუალებით არ გაშუქებულა...

შესაბამისად, ლოგიკურად გაჩნდა ვერსია - საერთოდ, მსგავსი შეხვედრა გაიმართა?! ხომ არ იცრუა ეკა ბესელიამ და მოიგონა კობახიძესთან და ბახტაძესთან სასწრაფო შეხვედრა, გამოიყენა მათი სახელები, რომ გადაცემისთვის თავი აერიდებინა?!

სხვათა შორის, გვიან ღამით სახლში დაბრუნებული ბესელია ჟურნალისტის დანახვამ, რომელმაც კითხვა დაუსვა, თუ რატომ არ მივიდა მის გადაცემაში, ძალიან გააღიზიანა და თავის "ფეისბუკსტატუსში" განაცხადა, ასე გვიან ღამით "რეალტივის" ჟურნალისტებმა იცოდნენ დახვედრაო...

დავუშვათ, ბესელიამ არ იცრუა (პარლამენტის პრესსამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის მტკიცებით და დეპუტატ გია ვოლსკის ინფორმაციით, რაღაც შეხვედრა გაიმართა პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებთან ბახტაძისა და კობახიძის მონაწილეობით, რომელზეც "მიმდინარე საკითხები" განიხილეს. თუმცა მაგალითად, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე არ არის ინფორმირებული ამ შეხვედრის შესახებ) და თუ მართლაც შედგა შეხვედრა, რომელზეც "მიმდინარე საკითხები" განიხილეს და ის არ გახლდათ არც საგანგებო და არც სახელმწიფოსთვის იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი მასზე ბესელიას დასწრება. ეს ვერანაირად ვერ ამართლებს დეპუტატის საქციელს და არანაკლებ მძიმე დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა მისი, როგორც პოლიტიკოსის შესახებ.

ბესელიას საქციელი, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლობაა არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების ან ჟურნალისტების მიმართ, არამედ, პირველ რიგში, საზოგადოების მიმართ. დეპუტატი ანგარიშვალდებულია არა პრემიერის, პარლამენტის თავმჯდომარის ან თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ (თუ დავუშვებთ, რომ ამ "მისტიკურ" შეხვედრას "ოცნების" თავმჯდომარეც ესწრებოდა), არამედ საზოგადოების, იმ მოქალაქეების მიმართ, რომელთაც ის პარლამენტში აირჩიეს. ამ ანგარიშვალდებულების მთავარი კომპონენტია ის, რომ დეპუტატმა პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ და სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი საკანონმდებლო ორგანოს წევრისთვის.

თუმცა, ბესელიას შემთხვევაში გამოდის, რომ მისთვის პრიორიტეტი საზოგადოებასთან ურთიერთობა არ არის. ანუ თუ დეპუტატი დადგება არჩევანის წინაშე - ვინ გაანაწყენოს, ამომრჩევლები თუ პოლიტიკური ბოსები, პრიორიტეტი უბრალოდ, მიენიჭება ბოსებს.

ნიკა საჯაია, ჟურნალისტი, გადაცემის "7vs1" წამყვანი: "ეკა ბესელია უპასუხისმგებლოდ მოგვექცა არა მხოლოდ ჩვენ, ჟურნალისტებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში ცარიელი სკამის პირისპირ დავრჩით, არამედ პირველ რიგში, იმ ტელემაყურებელს, რომელიც ელოდა გადაცემას და პასუხებს მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. ჩემი აზრით, ეს მიანიშნებს, რომ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატისთვის, საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი სხვა ინტერესები აღმოჩნდა. რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრა რომ ყოფილიყო, მედიას საქმის კურსში არ ჩააყენებდნენ? თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მედია თავად გაიგებდა საკუთარი წყაროებით ამის შესახებ".

არჩილ გამზარდია, ანალიტიკოსი: " მმართველ ძალას არ აქვს ანგარშვალდებულების განცდა მედიისა და საზოგადოების წინაშე. საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება "ოცნებას" კიდევ უფრო გაათამამებს. ის, რაც "7vs1"-თან დაკავშირებით მოხდა, ჩემთვის სულ არ ყოფილა გასაკვირი - ბესელია ერიდება ისეთ გადაცემებს, სადაც მას შესაძლოა, დისკომფორტი შეუქმნან".

ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი: "ჟურნალისტი სვამს იმ კითხვებს, რომელიც საზოგადოებას უჩნდება და სწორედ მათი საშუალებით ელოდება პასუხებს საჯარო პირებისგან. არა მგონია, სამთავრობო შეხვედრები ასე უცბად ინიშნებოდეს, მათ შესახებ წინასწარ არის ცნობილი, ამიტომ ბესელიას შეეძლო არა 10 წუთით ადრე, არამედ მინიმუმ 3-4 საათით ადრე გაეფრთხილებინა ტელევიზია, რომ მისვლას ვერ შეძლებდა. ალბათ, ბესელიამ იფიქრა, რომ გადაცემაში იქნებოდა საკითხები, რაზეც საუბრის სურვილი არ ჰქონდა. მხოლოდ მინიმალურად შემიძლია იმის დაშვება, რომ გადაცემაში სამთავრობო შეხვედრის გამო არ მივიდა. როგორც ჩანს, პოლიტიკოსები არ არიან მზად, რომ საზოგადოებაში არსებულ კითხებს პასუხი გასცენ. უნდა მიეჩვიონ - საზოგადოებასთან სალაპარაკოდ აუცილებლად უნდა მივიდნენ და თათბირი საუბრისგან თავის არიდების არგუმენტი ვერ იქნება".