"2500 უცხოელი ელოდება თავის რიგს იმისთვის, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე დაიმტკიცონ ქართული მიწები" - კვირის პალიტრა

"2500 უცხოელი ელოდება თავის რიგს იმისთვის, რომ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე დაიმტკიცონ ქართული მიწები"

ემუქრება თუ არა საფრთხე ქართულ მიწას

საკონსტიტუციო სასამართლომ "ქართულ ოცნებას" ახალი თავსატეხი გაუჩინა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება დაშვებულად ცნო. იმის შიშით, რომ  16 დეკემბრამდე დარჩენილ დღეებში უცხოელები მასობრივად "დაიტაცებენ ქართულ მიწას" საზოგადოების გარკვეული ჯგუფი ქუჩაში გაიყვანა და "ოცნების" ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ ან სამართლებრივად აღმოფხვრან "შავი ხვრელები" ანაც საყოველთაო გაფიცვებს დაიწყებენ.

"ოცნების" მორატორიუმიდან მორატორიუმამდე

უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში, დაახლოებით, 18 ათას ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ, რაც სავარგულების მთლიანი ფართობის 0,7%-ია. აქცია იუსტიციის სახლთან ასეთია საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მონაცემები. ამის გამო რეგიონებში უცხოელსა და ქართველს შორის დაპირისპირების მიზეზი არა ერთხელ გამხდარა. სწორედ, ამიტომ "ოცნების" ხელისუფლებას მიწების უცხოელზე მიყიდვასთან დაკავშრებით მორატორიუმის გამოცხადება რამდენჯერმე მოუწია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ 3-ჯერ გააუქმა. ბოლო ასეთი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 7 დეკემბერს მიიღო.

მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.

უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა. თუმცა, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

რა შეიძლება მოხდეს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე?

"ქართული ოცნების" მიერ დიდი ზარ-ზეიმით დამტკიცებული განახლებული კონსტიტუცია პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება. ახალი კონსტიტუცია უცხოელებზე მიწის გასხვისებას კრძალავს, თუმცა ვიდრე ქვეყნის მთავარი კანონი ამოქმედდება საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ "ქართულ მიწას" საფრთხე ემუქრება, ამიტომ ქუჩაში გამოვიდნენ, იუსტიციის სახლის პიკეტირებას უკვე მეორე დღეა ცდილობენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ყოფილმა პარლამენტარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა სოსო მანჯავიძემ და ა/ო "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის ხელმძღვანელმა ზვიად ტომარაძემ საგანგებო მიმართვაც გაავრცელეს, რომელშიც საჯარო რეესტრის თანამშრომლებს მოუწოდებენ ამ ერთი კვირის განმავლობაში გაფიცვა გამოაცხადონ და უარი თქვან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწების დარეგისტრირებაზე. დიმიტრი ლორთქიფანიძე

"ჩვენი ინფორმაციით, 2500 უცხოელი ელოდება თავის რიგს იმისთვის, რომ დარჩენილ "შავი დღების ხვრელში" ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე დაიმტკიცონ მიწები. ეს პროცესი, რომ შეჩერდეს არის სამი სამართლებრივი გამოსავალი: პირველი საჯარო სამსახურის თანამშრომლებმა კანონის საფუძველზე გაფიცვა გამოაცხადონ, ფორმალური საფუძვლით, რომ ეწინააღმდეგებიან ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას. მეორე, მთავრობამ - იუსტიციის მინისტრმა მიიღოს ადმინისტრაციული ნორმატიული აქტი, რომლის ძალითაც შეჩერდება უცხოელებზე მიწის დარეგისტრირება და მესამე, პარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით მორატორიუმი კიდევ ერთხელ გამოაცხადოს.

პარლამენტის უმრავლესობას შეუძლია დააყენოს დღის წესრიგში ახალი მორატორიუმის გამოცხადება. თუ ასეთი პოლიტიკური ნება იარსებებს, შეუძლიათ ეს განახორციელონ.

თუკი არ მოხდება წარმოდგენილი ამ პირობების დაკმაყოფილება იძულებულები გავხდებით დავიწყოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობის პროცესი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, დავაფუძნოთ საგაფიცვო კომიტეტები ყველა რეგიონში და მოვუწოდოთ საზოგადოებას სრული კონსოლიდაცისაკენ, ჩვენი მიწები უნდა გადავარჩინოთ", - უთხრა kvirispalitra.ge-ს დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ის, რომ უცხოელების მხრიდან დარჩენილ დღეებში მასობრივად მოხდება მიწების შესყიდვა, ამის თეორიულ საფრთხეს საპარლამენტო უმრავლესობაშიც ხედავენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ბევრს ტექნიკური ხარვეზი აღმოაჩნდება, მერე კი ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება.

რა მოხდება კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვა იკრძალება, დანარჩენ საკითხს ორგანული კანონი დაარეგულირებს, რომელიც მოგვიანებით დამტკიცდება. კანონპროექტის მიხედვით კი ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში მიწას ვერ დაირეგისტრირებს, იურდიულ პირს კი ნაწილობრივ ამის საშუალება ეძლევა.

კონსტიტუციის მიხედვით, სასოფლო სამეურნეო მიწის მესაკუთრე შეიძლება გახდეს სახელმწიფო მუნიციპალიტეტი, საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეთა გაერთიანება.

იქ წერია, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, კონსტიტუციაში ამ საკითხზე არსებული ფორმულირება უნდა შეიცვალოს.

"საფრთხე მეტად სერიოზულია. ის, რაც დღეს თვალნათლივ არ ჩანს, უხლოეს ათწლეულში გამოჩნდება. თუ ამ საქმეში სახელმწიფო არ ჩაერია და ნორმალური რეგულაცია არ ამოქმედდა, შეიძლება კატასტროფით დამთავრდეს. პაატა კოღუაშვილი

სასოფლო სამეურნეო მიწის უპირატესობა არის მისი კულტურული და სოციალური ღირებულება. ევროპის ყველა სახელმწიფოს სწორედ ამაზე აქვს ხაზი გასმული, რომ მიწას აქვს დიდი კულტურული ღირებულება. ჩვენებს კი ასეთი ჩანაწერი ვერ გავაკეთებინე.

სასოფლო-სამეურნეო მიწის გათანაბრება სხვა უძრავ ქონებასთან მიუღებელი და ყოვლად წარმოუდგენელია.

კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ სხვა კერძო საკითხებს დაარეგულირებს ორგანული კანონი, რომელიც ახალი კონსტიტუციის შემდეგ უნდა მიიღონ.

სამწუხაროდ, ამ კანონპროექტს კარგად ვიცნობ და ეს საკითხი იქ სერიოზულად არაა დარეგულირებული. კანონპროექტის ავტორები არაკვალიფიციური ადამიანები არიან. და არ ესმით ამ საკითხის უდიდესი მნიშვნელობა.

განსაკუთრებული და იშვიათი შემთხვები არ ჩანს, ამის უფლება ეძლევა კომერციულ ბანკებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსაც კი. ეს წარმოუდგენელი რამეა - სასოფლო სამურნეო დანიშნულების მიწა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლო ბაზაა და ის, რაც ახლა არ ჩანს, ხვალ გამოჩნდება. როცა მივიხედავთ ვნახავთ, რომ დემოგრაფიული სურათი ჩვენს ქვეყანაში რადიკალურად იქნება შეცვლილი.

ჩვენი ქვეყნის მიწებს ეძალება მცირე უცხო და უნაყოფო მიწების მოსახლეობა, მორბიან ირანელები, ინდოელები, სირიელები და ა.შ. ეს წარმოუდგენელია მთელი დასავლეთი კრძალავს ამას", - გვითხრა კოღუაშვილმა.

ორგანული კანონი კი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს და პარლამენტის აგრარულმა კომიტეტმა მოამზადა, კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ დამტკიცდება.

ოთარ დანელია, პარლამენტის აგრარული კომეტეტის თავმჯდომარე: ოთარ დანელია

"ორგანული კანონის ინიცირება უნდა მოხდეს კონსტიტუციის ძალაში შესვლის შემდეგ, მანამდე კენჭისყრა შეუძლებელია.

კანონპროექტი ითვალისწინებს მიწის მიყიდვის შეზღუდვას ფიზიკურ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. შესაბამისად, მათ არ ექნებთ შესაძლებლობა შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო მიწები. ასევე არ გადავა ქორწინების შემთხვევაში, როგორც ეს აქამდე იყო. იურიდული პირის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე და სუბიექტთა ჯგუფი უნდა ფლობდეს 50%-ზე მეტს, რომ უცხოელს, ჰქონდეს პრივატიზების უფლება.

რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო ეს დაძაბულობა თავიდან აგვეცილებინა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ბევრ განაცხადს ექნება ტექნიკური ხარვეზი და ასე სწრაფად ასეთი პრობლემები არ გვარდება, მითუმეტეს, რომ დიდი ხანია მორატორიუმი მოქმედებს".

(სპეციალურად საიტისთვის)