როგორ ეხმაურებიან საქართველოში ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხელისუფლება აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურებიან საქართველოში ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხელისუფლება აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს

გამოცემა Foreign Policy-ის ჟურნალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკსს განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა. FP წერს, რომ მისი წყაროები როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან ვაშინგტონში.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის თქმით, ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს არ არის.

"ნამდვილად არ არის ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს. ამასთან დაკავშირებით განმარტებები პოლიტიკოსებმა უკვე გააკეთეს. ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან", - განაცხადა თოთლაძემ.

გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ მმართველი გუნდის წევრებიც.

დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი: "მე ყველა დეტალში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურმა ძალამ დაბლოკოს ამერიკის ელჩი. ამას თავისი პროტოკოლი აქვს და ძალიან ეჭვი მეპარება და წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი. ის ინიშნება, ვისაც თავის სახელმწიფო თვლის საჭიროდ".

ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე: "მე მიკვირს, რომ ჩვენი ოპონენტები ამას სერიოზულად აღიქვამენ, რადგან ძალიან კარგად ვიცით ყველამ თუ როგორია შეერთებული შტატების პოლიტიკა, მისი იმიჯი. ის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორია და ყველას კარგად ესმის და საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ჩარევის საშუალება გვქონდეს. მე ვფიქრობ ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა და ასეთი დამაზიანებელი განცხადებები არასწორია".

"ინტერპრესნიუსი"