"ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ივანიშვილი მართლაც წინააღმდეგობას უწევს ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის დანიშვნას" - ვინ ტყუის? - კვირის პალიტრა

"ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ივანიშვილი მართლაც წინააღმდეგობას უწევს ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის დანიშვნას" - ვინ ტყუის?

როგორც ცნობილია, 10 დეკემბერს აშშ-ის ცნობილ საგარეო პოლიტიკურ ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნდა სტატია საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო არ იწონებს აშშ-ის ელჩის ახალ კანდიდატურას თბილისში და რომ ამის მიზეზი ელჩობის კანდიდატის - ბრიჯიტ ბრინკის სიმპათიებია მიხეილ სააკაშვილისადმი.

როგორც ვაშინგტონში Foreign Policy-ს მოქმედმა და ყოფილმა დიპლომატებმა უთხრეს, საქართველომ უარი განაცხადა დიპლომატიური აგრემანის (თანხმობის) ხელმოწერაზე ბრიჯიტ ბრინკისათვის - აშშ-ის დიპლომატიური უწყების გამოცდილი ჩინოვნიკისათვის, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ევროპაში, ასევე საქართველოში და რომელსაც, სავარაუდოდ, კარგი დამოკიდებულება აქვს მიხეილ სააკაშვილთან. თუმცა ორივე ქვეყნის ჩინოვნიკებმა Foreign Policy-სთან საუბარში აღნიშნეს, რომ ვარაუდები იმაზე, თითქოსდა ბრიჯიტ ბრინკი მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილს, სადაოა და შეიძლება სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. მათი აზრით, ბრიჯიტ ბრინკი პროფესიონალია, რომელსაც არასოდეს არ მიუცია უპირატესობა არც მიხეილ სააკაშვილისათვის და არც მისი პარტიისთვის.

რაც შეეხება თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტს, ამ უწყებამ უარი თქვა სიტუაციის კომენტირებაზე და აღნიშნა, რომ ეს თეთრი სახლის პრეროგატივაა. თავის მხრივ, კომენტარის გაკეთება არ ისურვა არც თეთრმა სახლმა, რომელსაც ჯერ არ გამოუცხადებია ოფიციალურად ელჩის დანიშვნა თბილისში.

როგორც სტატიაშია აღნიშნული - "რამდენიმე ამერიკული და ქართული წყარო ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან დგას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, თუმცა ამ ვარაუდის დადასტურება ძნელია: მილიარდერს, რომელმაც თავისი სიმდიდრის დიდი ნაწილი მოსკოვში, 1990-იან წლებში დააგროვა, არანაირი არჩევითი [სახელმწიფო] თანამდებობა არ აქვს დაკავებული, თუმცა, როგორც ამბობენ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს დიდ როლს ასრულებს".

საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტი ვაკანტურად რჩება 2018 წლის მარტიდან, როცა დიპლომატმა იან კელიმ თავისი ელჩობის ვადა ამოწურა.

ბრიჯიტ ბრიკი, რომელსაც სხვადასხვა თანამდებობებზე 20-წლიანი დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება აქვს, 2005-2008 წლებში აშშ-ის საელჩოში, თბილისში, პოლიტიკური თანამშრომელი იყო, ხოლო 2011-2014 წლებში ელჩის მოადგილის პოსტი ეკავა. 2015 წლიდან იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეა ევროპულ-ევრაზიულ საკითხებში.

საქართველო ერთ-ერთია იმ ათეულობით ქვეყნიდან, რომლებიც აშშ-ის ელჩის გარეშე არიან დარჩენილნი პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ.

ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან თანამდებობიდან წასვლის დროს აშშ-ის ბევრი საელჩო ხელმძღვანელის გარეშე დატოვა. მისმა მემკვიდრემ მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ელჩების ვაკანტურ თანამდებობებს რაც შეიძლება სწარაფად შეავსებდა. როგორც ცნობილია, აშშ-ის დიპლომატიური უწყების უფროს თანამდებობებს და ელჩებს პრეზიდენტი წარადგენს და მათ სენატი ამტკიცებს. (წყარო)

Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით, მასალას აქვეყნებს "ამერიკის ხმის" რუსული სამსახური, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე უარყო Foreign Policy-ის პუბლიკაციის მტკიცება და განაცხადა, რომ სტატიაში მოყვანილი "ფაქტები" სინამდვილეს არ შეესაბამება. მსგავსი განცხადებები გააკეთეს აგრეთვე მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც: გია ვოლსკის თქმით, საქართველოს არანაირი რესურსი და სურვილი არ აქვს, რომ აშშ-ის ელჩის დანიშვნა დაბლოკოს. თბილისის მერმა კახა კალაძემ Foreign Policy-ის ინფორმაციას "ჭორები" უწოდა. იმავდროულად ოპოზიციურ პარტია "ნაცმოძრაობაში", რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილია, აცხადებენ, რომ ჟურნალის სტატია სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. პარტია "ევროპულმა საქართველომ" კი აღნიშნა, რომ თუ ფაქტები დადასტურდება, მაშინ საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ჩრდილი მიადგება. გია ხუხაშვილი

"ამერიკის ხმის" რუსული სამსახურის თბილისელი კორესპონდენტი ნესტან ჩარკვიანი ესაუბრება ქართველ ექსპერტებს:

"გია ხუხაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად მუშაობდა იმ დროს, როცა მილიარდერს პრემიერ-მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული, "ამერიკის ხმის" რუსულ სამსახურთან საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს უცხოელ პარტნიორებთან მსგავსი დამოკიდებულება არ ახასიათებს, როგორც ამას ჟურნალის სტატიის ავტორები წერენ. "მე ძალიან გამიკვირდებოდა, თუ ბიძინა ივანიშვილი მართლაც წინააღმდეგობას უწევს ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის დანიშვნას", - ამბობს გია ხუხაშვილი, რომელიც თვითონ აღმოჩნდა მილიარდერის კრიტიკის ობიექტი, რის შემდეგაც მათი გზები გაიყარა.

თბილისის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე "ამერიკის ხმის" რუსულ სამსახურის კორესპონდენტთან აღნიშნავს, რომ აშშ-ის ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით სიტუაცია მან ჯერ კიდევ Foreign Policy-ის პუბლიკაციამდე იცოდა ერთ-ერთი მაღალჩინოსნისაგან. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტოლოგს ეჭვი არ შეაქვს გამოქვეყნებული მასალის ნამდვილობაში, მას მაინც არ სჯერა, რომ ამ "გაუგებრობის" ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია. თორნიკე შარაშენიძე

"ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს გააფუჭოს ურთიერთობა აშშ-სთან, რომლის ყოფნა საქართველოში აუცილებელია რუსეთის საპირწონედ, რომლის მიმართაც, როგორც მე ვფიქრობ, მილიარდერს პანიკური შიში აქვს. შესაბამისად, ამ სკანდალის უკან ქართული მხარისაგან დგანან ან მისი პარტიის ხალხი, რომლებიც ცდილობენ ბიძინა ივანიშვილს ზიანი მიაყენონ, ან ე.წ. "კეთილმსურველები", რომლებმაც საკუთარი ინიციატივით რაღაც უნიჭო და იმავდროულად სახიფათო სპექტაკლი წამოიწყეს", - მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე. (წყარო)

იხილეთ ასევე: როგორ ეხმაურებიან საქართველოში ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ხელისუფლება აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს

მოამზადა სიმონ კილაძემ