"ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ" - ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა - კვირის პალიტრა

"ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ" - ჯეიმს აპატურაი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

"ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ქართველი ხალხის ნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით", - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ არჩეულ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრა. ჩვენ ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. არჩეულმა პრეზიდენტმა პირველ რიგში რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, ნატო სრულად დაუჭერს მხარს ამ პრიორიტეტებს. მე ჩემი მხრივ არჩეულ პრეზიდენტს გადავეცი მესიჯი, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას, ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მასთან საუბარში აღვნიშნე ის მესიჯები, რომელიც მან გააჟღერა Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ქართველი ხალხის ნება, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ასევე განვიხილეთ კონკრეტული საკითხები, როგორიც არის შავი ზღვის უსაფრთხოება, ბორდერიზაციის პროცესი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ამ ქვეყანაში. ასევე ვისაუბრეთ მის მესიჯზე, იმუშაოს ინკლუზიური პოლიტიკური დისკუსიებისთვის საქართველოში. ეს ის არის, რასაც ნატო მიესალმება", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

სალომე ზურაბიშვილის თქმით კი, პრეზიდენტის რანგში მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში განხორციელდება.

"ჩვენი საუბარი შეეხო საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობას, ასევე ნატო-ს მუდმივ მხარდაჭერას ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევებია. ეს არის ტერიტორიული მთლიანობა, კონფლიქტები, საოკუპაციო ხაზი და ჩვენი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების გაზრდა. ასევე, საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას, რომელიც დღეს ძალიან მნიშვნელოვან პრობლემად დგას ევროპისა და ნატო-სთვის. ეს ასევე, არის ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი პრობლემაც. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ბევრი საერთო საქმე გვაქვს, რომელიც ეხება ყველა სახის უსაფრთხოებას, მათ შორის კიბერუსაფრთხოებას და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც დიდწილად რუსეთის მიერ არის გამოყენებული. ასევე ვილაპარაკეთ სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზეც. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ცნობილი, როგორც არა მხოლოდ ქვეყანა, რომელსაც პარტნიორების დახმარება სჭირდება, არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც თვითონაც შეაქვს თავისი წვლილი საერთაშორისო მშვიდობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ნატო მზადაა ძალიან აქტიური იყოს ჩვენთან. პირველი ჩემი ვიზიტი დაიწყება ბრიუსელით, სადაც მდებარეობს ნატოც და ევროკავშირიც. აუცილებელია, ჩვენ ეს კავშირები გავაძლიეროთ,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"