"თქვენთან ვაცხადებ პირველად" - კვირის პალიტრა

"თქვენთან ვაცხადებ პირველად"

"ვერავინ მაღიარებინებს იმას, რაც არ ჩამიდენია"

"15 წუთით ადრე მაინც ვიცოდი, რომ ასლანმა ჩოლოქის ხიდის აფეთქების ბრძანება გასცა"

საქართველოს ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილე, პირველი რანგის კაპიტანი, ამჟამად ძებნილი ვიქტორ ჭელიძე "კვირის პალიტრასთან" საუბრისას იმ სკანდალური ამბების თხრობას განაგრძობს, რომელიც ქვეყანაში განვითარებულ ცნობილ  მოვლენებს უკავშირდება.

ვიქტორ ჭელიძე: - სამ პრეზიდენტს პატიოსნად ვემსახურე. სამჯერ მაქვს ფიცი მიღებული, რომლისთვისაც არც ერთხელ არ მიღალატია.

არასოდეს გამიჭირდება საკუთარი დანაშაულის აღიარება, მაგრამ ვერავინ მაღიარებინებს იმას, რაც არ ჩამიდენია. თავდაცვის სამინისტროში ფინანსურ მაქინაციებში მონაწილეობა დამაბრალეს.

არადა, ჯარისკაცის ღირსების დასაცავად სიცოცხლესაც არ ვიშურებდი. თავდაცვის სამინისტროს ფულთან შეხება არასოდეს მქონია. ამ ბრალდებების აბსურდულობაზე მოგვიანებით ვისაუბრებ, ახლა კი აჭარის მოვლენებსა და იმ  ბურუსით მოცულ მკვლელობებზე მოგითხრობთ, რომელიც ჩემზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას უძღოდა წინ.

როგორც მოგახსენეთ, ელიავას ამბოხების  ჩახშობის შემდეგ მალე დამაწინაურეს, მერეც არაერთხელ ვისახელე თავი საპასუხისმგებლო მოვალეობების შესრულებისას და ჯერ საზღვაო ქვეითი ბატალიონის მეთაურობას, შემდეგ კი საქართველოს საზღვაო ძალების დაზვერვის უფროსობასაც მივაღწიე. ამასობაში "ვარდების რევოლუციაც" ზუსტად ისეთი სცენარით მოხდა, როგორც წარმოგვედგინა.

სააკაშვილს  იმ დღეს, როცა პარლამენტში შეიჭრა, ჩემ მიერ  რუსეთიდან ჩამოტანილი ორი ჯავშანჟილეტი ეცვა. ერთ-ერთი რუსული საწყობიდან წამოვიღე და მიშამ რატომღაც ორივე ერთად ჩაიცვა.

ასე იყო თუ ისე, სწორედ ის გახდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, პარტიებმა კი საპარლამენტო არჩევნებისთვის  დაიწყეს მზადება. ფოთში "მოჭრილი" 500 ხმა, რომელიც საზღვაო ძალებს გვეკუთვნოდა, პოლიტიკურ ძალებს სჭირდებოდათ. ამიტომ პარტიების წარმომადგენლები  დაპირებებთან ერთად ფულსაც გვთავაზობდნენ. "ნაციონალებისგან" ფული არ ავიღეთ, მაგრამ გენერატორები ვაყიდვინეთ, რაც საზღვაო ძალებს სჭირდებოდა.

ზურა ირემაძეს (მაშინდელი სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი) ვკითხე, ადრე თუ გვიან, აჭარაში რევოლუციის დროც მოვა და რას აპირებ-მეთქი. მერე ვიფიქროთ ამაზეო, მიპასუხა. მაინც ვცდილობდი, გამეანალიზებინა საფრთხე, რაც მოვლენების განვითარებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ცხადია, აჭარა არ დათანხმდებოდა ისეთ პოლიტიკას, რომლის გატარებასაც ცენტრალური ხელისუფლება გეგმავდა. თანაც, გამორიცხული იყო აჭარაში ან აფხაზეთში ოპერაციის საზღვაო ძალების გარეშე ჩატარება.

მაშასადამე, ადრე თუ გვიან, მოვიდოდა დრო, როცა ზურა არჩევანის წინაშე დადგებოდა: ან ასლანი უნდა დაეპატიმრებინა (რისი გამკეთებელიც არ იყო), ან ცენტრალურ ხელისუფლებას განდგომოდა. ზურამაც დაიწყო მზადება იმ "შავი" დღისთვის, როცა აჭარის კონფლიქტი დასრულდებოდა და საქართველოდან წასვლა დაგეგმა. ოღონდაც მე არაფერს მიმხელდა. მხოლოდ ეს მითხრა, საბერძნეთში მივდივარ, აკადემიის დიპლომი უნდა გადმომცენ და მალე ჩამოვალო. დავრჩი მარტო.

გენერალ დუმბაძესთან (აჭარაში დისლოცირებული ბრიგადის მეთაური) ყოველდღიური ურთიერთობა მიხდებოდა, რადგან სამხედრო ნაწილი ფოთში იდგა, ჩვენი გემები კი ბათუმში გადი-გამოდიოდნენ. ამ დროს რომან მელია და ფოთის საკრებულოს დეპუტატები აქციებს ატარებდნენ, გაიძახოდნენ, პორტი უნდა დაიკეტოსო. მელიას დავემუქრე, ამ ხალხს აქედან თუ არ გაიყვან, მაგ დროშის ტარებს თავზე დაგალეწავ-მეთქი.

მიტინგი დაიშალა, მაგრამ დაძაბულობა ცენტრსა და აჭარას შორის სულ უფრო და უფრო გამწვავდა. მე კი ინფორმაცია არც ერთი მხრიდან არ მომდიოდა, არც ქართველებისგან, არც რუსებისგან. დაზვერვის უფროსისთვის ინფორმაციის უქონლობა თავის მოკვეთის ტოლფასია. ერთ დღეს რადიოეთერში ვისმენ, აჭარა მიატოვა სანაპირო დაცვის ხომალდმა და ფოთში გადავიდაო.

ტელევიზიები ზარ-ზეიმით გადმოსცემენ, ასლან აბაშიძეს თავისიანები ტოვებენ, აჭარა ხალხისგან იცლებაო. არადა, დანამდვილებით ვიცი, იმ გემის მეთაური ასლანის  ყურმოჭრილი მონაა, მის წინააღმდეგ არასოდეს წავა. პრეზიდენტი ეიფორიაშია, ფოთში ჩამოდის და გახარებული აქეთ-იქით დადის. სასწრაფოდ მივდივარ გემის მეთაურის სანახავად და მოულოდნელად ასეთ სიტუაციას ვაწყდები:

საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დგას სამი კაცი, რომლებიც ჩემი მანქანის დანახვაზე ზურგს მაქცევენ. ამ დროს  სამხედრო ნაწილიდან გამოდის ერთ-ერთი  ჩემი ნაცნობი პირი და ბიჭებს გასძახის: "აქ არის,  დაბრუნდით!". ესენი კი უკან მაინც აღარ ბრუნდებიან.

100 მეტრიც არ ექნებოდათ გავლილი, მანქანით დავეწიე და ვუყვირე, შეჩერდით-მეთქი. მოტრიალდნენ და შეცბუნებულებმა მკითხეს, უი, ბატონო ვიქტორ, თქვენ ხართო.  სამივე ვიცანი, მეზღვაურები, მექანიკოსები იყვნენ. თავის დროზე მე და ზურა ირემაძემ სამსახურიდან დავითხოვეთ იმის გამო, რომ რუსული ორიენტაციის ოფიცრები იყვნენ, შემდეგ ასლანმა აჭარაში დაასაქმა ისინი. აქ,  რა გინდათ-მეთქი, ვკითხე.

"ვინც აქეთ მხარეს გადმოვიდა, ჩვენი მეგობარია და მის სანახავად მოვედით", - მიპასუხეს შეშინებულებმა. "ბიჭებო, გემების წასაყვანად ხომ არა ხართ მოსული? თუ 15 წუთში ხიდზე არ გადახვალთ და აქაურობას არ გაეცლებით, შავ დღეს მოგწევთ-მეთქი, დავემუქრე შეცბუნებულ ოფიცრებს. საქმე ის არის, რომ ამ მექანიკოსებს და კიდევ სამ მეზღვაურს სამი გემის წაყვანა შეეძლოთ.

ჯერ ერთი, გემი ხომ ვითომ გადმოვიდა აქეთ მხარეს, მეორე დღეს კი სამი გემი გადავიდოდა აჭარაში და ასლან აბაშიძე თავისი "ძლევამოსილებით" დატკბებოდა. ასეთი იყო გეგმა. მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე იმ  გარიგების ამბავი, რომლის მიხედვითაც გურიაში მივლინებული  სატანკო ნაწილი  და მთელი  საზღვაო ძალები უნდა გადასულიყვნენ ასლან აბაშიძის მხარეს.

მოკლედ, მექანიკოსები წავიდნენ თუ არა, ნახევარ საათში რეკავს რომან დუმბაძე. გამიკვირდა, არასდროს მირეკავდა, ყოველთვის ზურას ესაუბრებოდა. ეს რა ამბავი ატეხეთ? სასწრაფოდ უნდა გადმოხვიდეთ აჭარაში, მომიტინგეთა კორდონის გამოვლა არ გაგიჭირდებათ, აქეთ ჩვენ დაგხვდებითო. წავედი. იმ დროს შსს-ს მაშინდელი მინისტრი გია ბარამიძე ჩოლოქთან იდგა. მომიტინგეებს ვეუბნები, აუცილებელი საქმე მაქვს-მეთქი და ხიდზე გადავდივარ.

აშკარაა, ზურა ირემაძემ არ გამაგებინა ასლან აბაშიძის გეგმა, მისთვის ხელი კვლავაც რომ არ შემეშალა. აბაშიძემ და მისმა თანამოაზრეებმა კი უჩემოდ საზღვაო ოპერაციები ვერ ჩაატარეს.

ამიტომ დუმბაძე იძულებული გახდა, კავშირზე გამოსულიყო. ალბათ, ზურას არ უნდოდა ის, რასაც აკეთებდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მივდიოდი ასლანისტებთან და ვფიქრობდი, რომ ზურამ გამყიდა. კონტრდაზვერვის უფროსი ვიყავი, ზღვის გაკონტროლება  მევალებოდა. როგორ ფიქრობთ, იმ მექანიკოსებს აჭარაში ის სამი გემი რომ გაეყვანათ, მე კი მეთქვა, არაფერი ვიცოდი და ამ საქმეში უბრალო ვარ-მეთქი, დამიჯერებდა ვინმე?

როგორც კი ჩოლოქზე გადავედი, რესტორნისკენ გავეშურე. იქ, ფაქტობრივად, ასლანისტების შტაბი იყო. დამხვდნენ დუმბაძე, გოგიტიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს ორი თუ სამი დეპუტატი. სუფრასთან დავსხედით და გოგიტიძე ამბობს: "არ იცი, ასლანმა რომ მიშა შეიტყუა? სააკაშვილს შეუთვალა, შეგხვდებიო და ესეც დაცვასთან ერთად მივიდა... პრეზიდენტ კაცს ასეთი ,,ყანა" დაცვის უფროსი რომ ეყოლება, რაღა უნდა თქვა. კოჭლობით დადის.

მას ჩვენი შეიარაღებული ბიჭები გადაუდგნენ წინ და საშუალება არ მისცეს პრეზიდენტს ასლანის კაბინეტში შეჰყოლოდა. სააკაშვილი შეუიარაღებელი აღმოჩნდა აბაშიძის წინაშე, ხომ წარმოიდგენია, რა დღეშიც იქნებოდა, რადგან ასლანმა არც აცია, არც აცხელა და პისტოლეტი მიადო. ახლა ხომ მარტო ხარ და გაგიხვრეტ შუბლსო. მართალია, მაშინ აბაშიძე მუქარას დასჯერდა, მიშაც შუბლის გახვრეტას გადაურჩა, მაგრამ მოგვიანებით ასლანმა სააკაშვილის ლიკვიდაცია პირადად მე დამავალა. მიშას განადგურება ძალიან ადვილად შემეძლო. ერთხელაც მისმა დაცვამ პრეზიდენტი ისეთ ადგილას შემოიყვანა, რომ მიზანში გვყავდა ამოღებული.

იმ ადგილას ჩვენი ტყვიამფრქვევები იდგა, სანგრებიც გვქონდა გათხრილი, 30 ერთეული იარაღი გვქონდა. პრეზიდენტის ესკორტის მარჯვენა მხარეს, 150 მეტრში, განლაგებული იყო უძლიერესი ოცეული, რომელიც  მთლიანად გაანადგურებდა მიშასაც და მის თანმხლებ პირებსაც. მაგრამ მისი ლიკვიდაციის შესახებ ბრძანების გაცემა გამიჭირდა. ვიფიქრე, ერთი პრეზიდენტი სამეგრელოში მოკვდა, მეორე აჭარაში რომ მოვკლათ, გმირი გახდება, მე კიდევ ვინ იცის, რა სახელით შევალ ისტორიაში-მეთქი. ვაღიარებ, სააკაშვილზე თავდასხმა ვერ გავბედე, ახლა ამის გამო კონფლიქტი მაქვს ასლან აბაშიძესთან", - თქვა გოგიტიძემ.

სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ შევიტყვე, რომ არსებობს ფარული კამერით გადაღებული კადრები, რომელიც ჩვენს მაშინდელ საუბარს ასახავს. მოკლედ, რუსული გეგმა ასეთი იყო: მიშა უნდა მოეკლათ, ქვეყანას აღარ უნდა ჰყოლოდა პრეზიდენტი. სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ასლან აბაშიძე გახდებოდა.

თავის დროზე ედიკამ ეგ სატყუარა შეუგდო აბაშიძეს, დაჰპირდა, მიშა პრეზიდენტი გახდება, შენ კი პრემიერ-მინისტრიო. გახსოვთ, "ვარდების რევოლუციის" დღეს ივანოვი რომ ჩამოფრინდა თბილისში, მერე კი აქედან  ბათუმში წავიდა? მაშინ  მან სწორედ ეს წინადადება გააცნო აბაშიძეს. იმიტომაც გახდა მაშინ მიშა პრეზიდენტი.

მოკლედ, სუფრასთან ამგვარ თემებზე ვისაუბრეთ, ბოლოს კი დავალება მომცეს: ფოთიდან გემები აჭარაში შენ უნდა გადმოიყვანო. აქ დაგხვდებიან ტელევიზიების წარმომადგენლები და კამერების წინ განაცხადებ, რომ  არ დაემორჩილე პირსისხლიანი სააკაშვილის მოთხოვნას, ზღვით გადმოგესხა აჭარაში დესანტი, რასაც მოჰყვებოდა ძმათამკვლელი ომიო. ზურა ირემაძის გარეშე არაფერსაც არ ვიზამ-მეთქი, ვთქვი მოჩვენებითი გულუბრყვილობით.

ზურა, საქმის კურსშია და პრობლემა არ შეგექმნებაო, დამამშვიდეს. შემდეგ კი მოსალოდნელ წარმატებაში დასარწმუნებლად ისიც ამიხსნეს, სად დაფრინდებოდნენ რუსული თვითმფრინავები, რა დახმარებას მივიღებდით მეზობელი ქვეყნისგან და ა.შ. ბოლოს კი თანამოსაუბრეებმა დიდი ჩანთით ფული გამომიტანეს, ეს შენი წილია და აიღეო.

ამდენი წელია  საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვარ და  ერთ დღეში მილიონერად ქცევას არ ვაპირებ. ორი გენერალი მეუბნებით, რომ ეს გეგმა საქართველოს უშველის, მე მჯერა თქვენი. ფულს ჯერჯერობით არ წავიღებ. ვნახავ, რა ღირებულების საწვავი დამჭირდება, დაგირეკავთ და გეტყვით თანხას და მაშინ გამომიგზავნეთ. საწყობები რომ გავაღო და საწვავი გამოვიტანო, ეჭვს აიღებენ, ამიტომ საჭირო თანხა თქვენ უნდა მომცეთ-მეთქი, ვუთხარი ასლანისტებს.

რომ გამომაცილეს, ჩემი ავტომობილი თვალში არ მოუვიდათ და იქვე მდგარი "ლენდკრუიზერი" შემომთავაზეს. თავის დროზე საზღვაო ძალებმა ვიყიდეთ ის "ლენდკრუიზერი" და დუმბაძის ბრიგადას გადავეცით. წარმოიდგინეთ, ჩვენივე ფულით ნაყიდ მანქანას მჩუქნიდნენ, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი.

ჩოლოქზე გადმოვედი და დავალაგე სამოქმედო გეგმა. დავურეკე ჩემს მეგობარ ზაზა მჭედლიძეს, რომელიც ელიავას ამბოხებაზე საუბრისას ვახსენე. ისიც ზურას ძმაკაცი, ზვიად გამსახურდიას ყოფილი თანამებრძოლი და თანამოაზრე იყო.

აჭარის მოვლენების დროს  ზაზა მჭედლიძეს შსს-ში კონტრდაზვერვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, დღესაც მნიშვნელოვანი პოსტი უჭირავს ვანო მერაბიშვილის სტრუქტურაში. მასთან მიწერ-მიწერა ახლაც მაქვს და ვიცი, არ ესიამოვნება ის, რასაც გიყვებით, მაგრამ... სიმართლის  თქმის დრო მოვიდა!..

ვუთხარი, ზაზა, სასწრაფოდ წამოდი ფოთისკენ, მე თბილისის მიმართულებით ვივლი და გზაში ერთმანეთს შევხვდებით-მეთქი.

ერთმანეთს ქუთაისთან შევხვდით. ზაზას გავაცანი ჩემი გეგმა, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: შსს-ს ჩემთვის ერთი სპეცრაზმი უნდა მოემაგრებინა,  მე ჩემი ქვედანაყოფიც მყავდა. მოკლედ, უნდა ამეღო ფული, შემდეგ კი გადამეყვანა გემები, რომლებზეც ასლანის მომხრე გენერლები ამოვიდოდნენ და ამ დროს უნდა აგვეყვანა ისინი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტელეკამერების თვალწინ, პირდაპირ ეთერში მოხდებოდა. ზაზა მჭედლიძემ გეგმა მოიწონა.

- კარგი, მე უზრუნველვყოფ ცენტრის მხარდაჭერას, ჩემს ზარს დაელოდეო, მითხრა. ზაზა გავაფრთხილე, ღმერთი არ გაგიწყრეთ, თავდაცვის გენშტაბის უფროსს, გივი იუკურიძეს  არაფერი გააგებინოთ. გენერალ დუმბაძესთან ახლო კავშირი აქვს და გეგმას ჩაგვიშლის-მეთქი. დუმბაძე და იუკურიძე ნათესავები იყვნენ.

ზაზას დავცილდი, უკან ვბრუნდები და ვფიქრობ, ფული როგორ წამოვიღო აჭარიდან, რომელსაც მერე სახელმწიფოს გადავცემდით. ვურეკავ დუმბაძეს და ვეუბნები:

- რომან, სხვა გზა არ არის, 60 ათასი გამომიგზავნე, გემებისთვის საწვავი  უნდა ვიყიდო.

- მწვანე კონცხზე ვართ, ფულს მძღოლს გამოვატანო.

ახლა იმაზე ვფიქრობ, ჩოლოქთან მივიდე თუ ფოთამდე მოვატანინო. ამასობაში მალთაყვის ხიდზე გადავედი და ვხედავ, ჩემი ოფიცრები აწვებიან  მანქანას. თურმე გაჰფუჭებიათ. ვკითხე, რა ხდება-მეთქი. თავდაცვის სამინისტროს ბრძანება გვაქვს, იუკურიძე საზღვაო ნაწილში შესვლას და ქვედანაყოფების გაძლიერებას გვავალებსო. იცით, ეს რას ნიშნავდა?

ზაზა მჭედლიძემ პირდაპირ გზიდან დაურეკა გენშტაბის უფროსს და მოახსენა ყველაფერი. ე.ი. იუკურიძე გამოვიდა მაგარი კაცი! ორმხრივად ითამაშა, ერთი მხრივ, დუმბაძეს მიაწოდა ინფორმაცია, მეორე მხრივ კი სამხედრო ნაწილები გააძლიერა. აჭარის და სახელმწიფოს თვალშიც ქულები დაიწერა. ჩემი გეგმით, ვიღაცები "იჭედებოდნენ", გენერლები უნდა დაეპატიმრებინათ, მისი მოქმედების შედეგად კი არავინ დაზარალებულა. მხოლოდ მე დავრჩი განზე. ზაზა მჭედლიძემაც დაიწერა ქულები.

იუკურიძემ შეატყობინა დუმბაძეს, რომელიც გოგიტიძესთან ერთად მელოდა, ფულის წამოსაღებად როდის მივიდოდი დანიშნულ ადგილზე. ყველაფრის გახმაურების შემდეგ იქიდან, რა თქმა უნდა, ცოცხალს აღარ გამომიშვებდნენ. ისევ შემთხვევის წყალობით გადავრჩი. ღმერთს მადლობა შევწირე, რომ იმ ოფიცრებს გზაზე მანქანა გაუფუჭდათ. რა თქმა უნდა, მარშრუტი შევცვალე და ფულის ასაღებად აღარ წავედი, შემდეგ კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.

15 წუთით ადრე მაინც ვიცოდი, რომ ასლანმა ჩოლოქის ხიდის აფეთქების ბრძანება გასცა. აგენტებმა ამბავი მოგვიტანეს. როგორც იქნა, ზურაც დაბრუნდა. ძალიან კი ითრია ფეხი, მაგრამ დროის გაჭიანურება ვეღარ გამოუვიდა. ასლან აბაშიძეს, ირემაძისა და საზღვაო ძალების მხარდაჭერის გარეშე, დამარცხების გარდა სხვა შანსი აღარ დარჩენოდა და იძულებული გახდა, აჭარიდან გაქცეულიყო.