"შეეშვით მელიას გადაფუთვას, რადგან მისი გადაფუთვით მიიღებთ ისევ მელიას, უკეთეს შერმთხვევაში - სააკაშვილს" - კვირის პალიტრა

"შეეშვით მელიას გადაფუთვას, რადგან მისი გადაფუთვით მიიღებთ ისევ მელიას, უკეთეს შერმთხვევაში - სააკაშვილს"

ეტყობა ნიკა მელიას უთხრეს, პარლამენტში რატომ არ დადიხარ, სეზონზე ერთხელ მაინც გამოჩნდიო, მოვიდა და მთელი თავისი გაცდენების კომპენსაცია გააკეთა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა და "ევროპულ საქართველოს" მიმართა, რომ შეეშვან ნიკა მელიას მხარდამჭერი კომენტარების გაკეთებას.

"მოგიწოდებთ ცოტა სამართლიანები იყავით და მელიას გადაფუთვას შეეშვით თქვენ და ბოკერია. მელიას გადაფუთვით ისევ მელიას მიიღებთ, უკეთეს შერმთხვევაში - სააკაშვილს. მიხედეთ თქვენს პოლიტიკურ ძალასა და პარტიას. გაკოტრდებით კიდევ უფრო ბოლომდე. ამ არჩევნებში დაკარგეთ აქციები, დაკარგეთ ყველაფერი. იქამდე მიხვედით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოდის და ცალკე რომ შექმენით პოლიტიკური ძალა, მანდატებს უკან გთხოვთ. რა რიგგარეშე არჩევნები და რა დესტაბილიზაცია, ყველაფერი გაგრძელდება მშვიდად. მელიამ რამდენიც არ უნდა იყვიროს და რამდენი ჯამბაზური დებოშიც არ უნდა მოაწყოს აქ, ვერაფერს შეცვლის ეს ქცევები. ეს არის მისი ხელმძღვანელის მიმართ კეკლუცობა. ეტყობა უთხრეს, პარლამენტში რატომ არ დადიხარ, სეზონზე ერთხელ მაინც გამოჩნდიო, მოვიდა და მთელი თავისი გაცდენების კომპენსაცია გააკეთა. თქვენ აკეთებთ მელიას გადაფუთვას, გადამფუთავი "ევროპული საქართველო" გახდით", - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილსსიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

"ინტერპრესნიუსი"