თვალს ნუ დახუჭავთ, ბატონებო! - კვირის პალიტრა

თვალს ნუ დახუჭავთ, ბატონებო!

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებულ ჩემს წერილს "განგაში ლამისყანაში" ზოგიერთ განსაკუთრებით კი სახელისუფლებო მედიასაშუალებებში არაერთი სტატია და სიუჟეტი მიეძღვნა, რომლებშიც საზღვრის გადმოწევის შესახებ ინფორმაცია არა სარწმუნოდ გამოცხადდა. ამის შმდეგ, ჩემი სტატია ინტერნეტსივრცეშიც აქტიურად განიხილებოდა.

ზოგმა სიცრუეში დამდო ბრალი, ზოგმაც ლამის ჯოჯოხეთის ცეცხლში მოითხოვა ჩემი დაწვა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვინც ხელისუფლების უმოქმედობის გამო აღშფოთებას ვერ მალავდნენ და ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის გამო გამბედაობასაც კი მიქებდნენ. პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ტელეკამერების წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიც გამოჩნდა და განაცხადა, რომ რუს ოკუპანტებს საზღვარი ერთი კვადრატული მეტრითაც არ გადმოუწევიათ.

ფაქტი კი ერთია, საავტომობილო გზა, რომელიც სოფელ თვაურებს ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯთან აკავშირებს, მიმდინარე წლის 2-3 ივნისს რუსმა ოკუპანტებმა მიწაყრილით გადაკეტეს. ასეთი ბარიკადის აღმართვა, ფაქტობრივად, საზღვრის გავლებას ნიშნავს და თქვენ, ბატონო ხელისუფალნო, ამას გნებავთ, საოკუპაციო ზოლი უწოდეთ, გნებავთ, უბრალოდ გორაკი, მაგრამ მთავარია თვალს ნუ დახუჭავთ!

ქართულ ბლოკსაგუშაგოსა და მიწაყრილს შორის, ბუფერულ ზონაში, სოფელ თვაურების ორი მოსახლე აღმოჩნდა, ახალაღმართული მიწაყრილის მიღმა კი ათამდე მოაგარაკის სახლი, რომელთაც სხვაგვარად თვაურების აგარაკებსაც ეძახიან. მას შემდეგ, რაც გზა მიწაყრილით გადაიკეტა, მოსახლეობა ბაღებში შემოვლითი გზებით დადის და ტვირთის გადასატანად მხოლოდ პირუტყვს იყენებს.

ესეც უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ხდება, რადგან მიწაყრილის მიღმა შესაძლოა ნებისმიერ დროს გადააწყდე ხის ჩრდილში დასასვენებლად წამოკოტრიალებულ რუს ჯარისკაცს. ასე რომ, ნათქვამია: კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო.

მე არც წინა სტატიაში მითქვამს სადმე, რომ რუსებმა ახმაჯიდან ბლოკსაგუშაგო გადმოსწიეს, მაგრამ გავიმეორებ, რომ იქიდან თვაურებისკენ დაახლოებით ორი კილომეტრი მიწაყრილით მოინიშნეს. უთქვამთ კიდეც: საბჭოთა რუკების თანახმად, სწორედ აქ გადიოდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარიო(!).

საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და იმ ადამიანების საქომაგოდ, ვისი სახლებიც ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, 9 სექტემბერს სოფელ ლამისყანასა და თვაურების დასახლებას კიდევ ერთხელ ვესტუმრე.

რა თქმა უნდა, უკვე აღარ მქონდა იმედი, რომ პუბლიკაციის გამოქვეყნების შემდეგ ქართული საგუშაგოს გავლასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვედრას კიდევ შევძლებდი, მაგრამ ინფორმაციას მაინც მოვიპოვებდი თხრილის მიღმა მიმდინარე მოვლენების შესახებ. არც შევმცდარვარ, ქართველმა პოლიციელებმა ბლოკსაგუშაგოზე აღარ გაგვატარეს, ამიტომ ისევ თხრილის მიღმა დარჩენილ თვაურელებს გავესაუბრეთ.

გულიკო ხოკრიშვილი (თვაურების მკვიდრი): - ჩვენი პირუტყვი დადის იმ ტერიტორიაზე, სადაც შესვლა აგვიკრძალეს. ბუფერულ ზონაში ჩვენი სოფლის სასმელი წყლის სათავე ნაგებობაც აღმოჩნდა. ჩვენ ეს უფრო გვაწუხებს. მინდოდა ჩვენი რაიონის გამგებელი მიმეყვანა და მეჩვენებინა ამ სათავე ნაგებობის ადგილი, მაგრამ გამომექცა: მესვრიანო. ვთხოვდი, რომ ჩვენი საგუშაგო ასი მეტრით იქით გადაეწიათ, რომ სასმელი წყალი მაინც ყოფილიყო დაცული.

რუსებზე მეტად ის გვაწუხებს, რომ უწყლობით ხეხილი გვიხმება. ამ არხით 12 სოფელი ირწყვებოდა, სულ - 1500 ჰექტარი. ვის არ მივმართეთ დასახმარებლად, რომ სხვა სარწყავი არხი გამოვიყვანოთ, მაგრამ რაიონის გამგეობამ ტექნიკით დახმარებაზეც კი უარი გვითხრა. ერთი კონცერტის ჩატარება მილიარდები უჯდება ამ ხელისუფლებას და ხალხი შიმშილს რომ ებრძვის, ეს არაფრად უღირთ.

ახმაჯს აძლევენ შესაძლებლობას, რომ მორწყან ნაკვეთები; იქიდან ცოტა რომ იპარება წყალი, იმ ნაჟურით ზედა თვაურები კიდევ ახერხებენ ნაკვეთების მორწყვას, მაგრამ ჩვენამდე არაფერი აღწევს. ეს ამდენი წყალი კი ქსანში ჩაედინება. ისეთი სიძლიერით მოდის სათავიდან, რომ თურმე რუსები კეტავდნენ, ერთი ჯარისკაცი გაუფრთხილებლობით დაეხრჩოთ კიდეც. არადა, დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკების გზით, შეიძლება, რუსული მხარე სარწყავი არხის გამოშვებაზე დავითანხმოთ.

- რატომ არავის შეატყობინეთ, როდესაც რუსებმა თვაურებში მიწაყრილი აღმართეს?

- სტალინის დროინდელი რუკები ჰქონიათ რუსებს და იმით ხელმძღვანელობდნენ, როდესაც მიწაყრილით გაავლეს საზღვარი. იმ რუკებით, თურმე, სწორედ აქ გადიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვარი. რაც სამხედრო ტექნიკა შეიტანეს რუსებმა ახალგორში, სულ ამ გზით აატარეს, რომელიც ახლა მიწაყრილით დაკეტეს.

თენგიზ სვანიძე (მოაგარაკე სოფელ თვაურებში): - 1981 წელს, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოგვიყვეს 16 ჰექტარი საბაღე მიწის ნაკვეთი. მოაგარაკეების ხარჯებით გაკეთდა აგარაკებთან მისასველელი გზები, ელგაყვანილობა და სახლებისა და საბაღე ნაკვეთების პრივატიზებაც. წლების წინ ოცმა ოჯახმა სახლები გაყიდა და ახლა ათი მოაგარაკე დავრჩით. სახლები კაპიტალურია და ვარგისია საცხოვრებლად, მაგრამ რად გინდა, იქ შესვლას ვერ ვახერხებთ.

ბოლოს მაისში ვიყავით აგარაკზე, ცოტა ავეჯი წამოვიღეთ, მაგრამ რუსული ჯარების სიახლოვის გამო იქ ღამის გათევა მაინც ვერ გავბედეთ. ცოტა ხანში კი თვაურებიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ რუსებმა გზაზე მიწაყრილი აღმართეს. ოცი მანქანა მიწა დაუყრიათ და შესვლას ვეღარ ვბედავთ. უნდა აღიაროს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ოკუპაციის ზონაში აღმოჩნდა ჩვენი სახლები, გვცნოს დაზარალებულებად და კომპენსაციით აგვინაზღაუროს დანაკარგი. წაყრუება უარესია!..

P.S. ჩვენც ასე ვფიქრობთ - წაყრუება ნამდვილად უარესია, ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს და შეუძლია ჩემსავით ხელითაც შეეხოს "ავადსახსენებელ" მიწაყრილს.