"ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე" - კვირის პალიტრა

"ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე"

ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თავისი თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

ანა დოლიძე პარლამენტში დღეს მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს ბერკეტები, რითაც შეუძლია სიტუაციის განმუხტვა, თუმცა აღნიშნავს, რომ ამის სურვილი კობახიძეს არ ჰქონდა.

„ვუერთდები ჩვენი მოქალაქეების აღშფოთებას იმის გამო, რაც პარლამენტში მოხდა. არ მგონია არსებობდეს მოქალაქე, რომელსაც უნდა, მისი საშემოსავლო გადასახადები ამაში იხარჯებოდეს. ჩვენ გადასახადებს ვიხდით იმისთვის, რომ ეს ხალხი იხილავდეს კანონებს, აწესრიგებდნენ სხვადასხვა საკითხებს და ა.შ. პარლამენტი გადაქცეულია რაღაც გარჩევების ადგილად, რინგად, ეს შუფერებელი საქციელია. ადრეც ვთქვი, ირაკლი კობახიძე შეუფერებელია თავისი თანამდებობისთვის, ის ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს ბერკეტები, შეეძლო გამოეცხადებინა შესვენება, არსებობს მანდატურის სამსახური, რომელსაც შეუძლია დარბაზიდან გაიყვანოს დამრღვევი დეპტატი და დღეს აშკარად ეს იყო ნიკა მელია, რომელმაც რამდენჯერმე გააწყვეტინა სიტყვა ირმა ინაშვილს. მაგრამ კობახიძეს თავადაც ახასიათებს ასეთი რამ და ის უბრალოდ არ შეეფერება ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობას, მან ხელი შეუწყო შოუს მოწყობას“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ირმა ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან და მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევას ჰქონდა ადგილი. დაპირისპირებაში ზაზა პაპუაშვილიც მონაწილეობდა.

სიტუაციის განსამუხტად დაპირისპირებაში მანდატურის სამსახურის ჩარევა გახდა საჭირო.

"ინტერპრესნიუსი"