კოკოითებმა რაუნდი მოიგეს - კვირის პალიტრა

კოკოითებმა რაუნდი მოიგეს

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ეფ-ეს-ბემ ვლადიკავკაზში დააკავა ცხინვალელი იარაღით მოვაჭრეები, რომელთაც ოკუპირებული რეგიონიდან რუსეთში სისტემატურად შეჰქონდათ იარაღი.

ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებმა ამოიღეს ორი ტყვიამფრქვევი, 12 ავტომატი, ორი პისტოლეტი, ოთხი ათას ერთეულზე მეტი საბრძოლო ვაზნა, კილოგრამზე მეტი გაძლიერებული სიმძლავრის პლასტიკური ასაფეთქებელი მოწყობილობები და 1,5 კილოგრამზე მეტი ტროტილი. ასეთი რამ ადრეც ხდებოდა, მაგრამ, რუსული სპეცსამსახურები არ ახმაურებდნენ, რათა შვილივით ნაზარდი ედუარდ კოკოითისთვის ჩირქი არ მოეცხოთ.

ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც ცხინვალიდან გატანილი იარაღი ჩრდილოკავკასიელმა ბოევიკებმა დაღესტნის ხასავიურთის რაიონის ხელმძღვანელზე, ჯამბულათ სალავოვზე თავდასხმისას გამოიყენეს. სალავოვი შეჯავშნულმა ავტომანქანამ იხსნა. ამ სპეცოპერაციას ცხინვალში დიდი ხმაური მოჰყვა. უპირველესად ედუარდ კოკოითის მტრებში, რომელთა“სარდალი ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევია.

ცხინვალში ყველამ იცის, რომ იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ედუარდ კოკოითის ძმა, რობერტ კოკოითი, მეტსახელად "ხაზეინი" კურირებს. ბროვცევის ხალხმა შეიტყო, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებულებმა თავიანთ ხელმძღვანელად რობერტ კოკოითი დაასახელეს. ოსური წყაროების ცნობით, ბროვცევი  სასწრაფოდ ჩავიდა ვლადიკავკაზში და ადგილობრივი ეფ-ეს-ბეს უფროსობას განუცხადა, თუ რობერტზე სისხლის სამართლის საქმეს აღძრავთ, ედიკას მოშორება მხოლოდ ტექნიკის საქმეაო.

ჩანს, ჩელიაბინსკელი ბროვცევი ცხინვალის სპეციფიკაში კარგად ვერ გაერკვა. ამას ისიც ადასტურებს, რომ მიუხედავად ვლადიკავკაზში ჩატარებული სპეცოპერაციისა, დღესაც კარგად გრძნობენ თავს ძმები კოკოითები. არც არის გასაკვირი, ოსური წყაროების მტკიცებით, რობერტ კოკოითისა და ცხინვალში განლაგებული მეოთხე რუსული ბაზის ხელმძღვანელ ალექსანდრ შუშუკინს კუდები ერთმანეთზე აქვთ გადაბმული.

მოქმედებს კლასიკური სქემა, რომელსაც რუსები ოსტატურად იყენებდნენ ავღანეთში, ჩეჩნეთსა და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ფეხი შეუდგამთ. შუშუკინი ცეცხლსასროლი იარაღისა და სატვირთო მანქანების ხელოვნურ ჩამოწერას ახდენს, რობერტ კოკოითი ყიდის და ფულს შუშუკინს უნაწილებს.

კოკოითებს სიმშვიდის საფუძველი ნამდვილად აქვთ. თუ ეფ-ეს-ბემ რობერტ კოკოითიზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, კვალი შუშუკინამდე მიიყვანს. ძნელი წარმოსადგენია, შუშუკინმა გმირობა ჩაიდინოს და კოკოითებს ამბრაზურასავით გადაეფაროს. ასე რომ, რუსებს კოკოითისთან ერთად თავიანთი ბაზის ხელმძღვანელის დაპატიმრებაც მოუწევთ.  ეს კი რუსული პროპაგანდისტული მანქანისთვის ტრაგედია იქნება. კოკოითებმა კარგად იციან, რაც მეტ რუს გენერალს გაიყვანენ წილში, მით მეტი ხელშეუხებლობის გარანტია ექნებათ.

ვადიმ ბროვცევი კი მარცხიანი ვლადიკავკაზური ვოიაჟის შემდეგ კოკოითებმა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცუდი გზებია და შესაძლოა, ე.წ. პრემიერის მანქანა ხრამში გადაფრინდეს. რუსეთს შეუძლია იამაყოს ოსი მეგობრებით. მოსკოვი ცხინვალს მილიარდობით რუბლს აძლევს, ცხინვალი კი ჩრდილოკავკასიელ ბოევიკებს იარაღით ამარაგებს. პარტნიორობაც ასეთი უნდა!

გიორგი კვიტაშვილი