"ის, რომ მარგველაშვილი ივანიშვილის ჩრდილიდან მაინც გამოვიდა, ეს პოზიტიურია" - კვირის პალიტრა

"ის, რომ მარგველაშვილი ივანიშვილის ჩრდილიდან მაინც გამოვიდა, ეს პოზიტიურია"

ის, რომ გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან მაინც გამოვიდა, ეს პოზიტიურია, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა "ინტერპრესნიუსს" გიორგი მარგველაშვილის 5-წლიანი პრეზიდენტობის შეფასებისას განუცხადა.

მისივე შეფასებით, ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გიორგი მარგველაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ამჟღავნებდა, იყრიდა თუ არა კენჭს, პრეზიდენტის სისუსტეა.

"ბევრი დასამახსოვრებელი არაფერი იყო, არც კარგი და არც ცუდი. თავისთავად, ის რომ მაინც გამოვიდა ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან, ეს პოზიტიურია. მე ვფიქრობ, რომ გიორგი მარგველაშვილის მთავარი მინუსი არის არა ის, თუ როგორი პრეზიდენტი იყო, არამედ ის, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვერ იყარა. ბიძინა ივანიშვილმა ის პრეზიდენტად დანიშნა და მთელი საპრეზიდენტო ვადა, ის ცდილობდა, საკუთარი თავი წარმოეჩინა, როგორც ივანიშვილისგან დამოუკიდებელ ფიგურას, მაგრამ როდესაც მეორე ვადით კენჭს ვეღარ იყრის და როდესაც არ ამჟღავნებს, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, პრეზიდენტის სისუტეა", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს 2017 წლის მერისა და თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში გაბედული პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმის შანსი ჰქონდა, თუმცა ეს ნაბიჯი არ გადადგა.

"გიორგი მარგველაშვილს შეეძლო, შარშან თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში ეყარა. უფრო კონკრეტულად, გადამდგარიყო იმ პერიოდში, როცა შეეძლო, რომ კანონის მიხედვით თვითმმართველობის არჩევნები თვითონვე დაენიშნა და საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის შემოდგომაზე ერთდროულად ჩატარებულიყო. მისი მხრიდან ჭკვიანური, გაბედული პოლიტიკური ნაბიჯი ეს იქნებოდა.

მას ეს შეთავაზება ჰქონდა, მან იცოდა ამის შესაძლებლობების შესახებ, მაგრამ ამის გაკეთება არ დააპირა. წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში "არაქოცური" და "არანაცური" პოლიტიკური ძალები მხარს მარგველაშვილს დაუჭერდნენ. მარგველაშვილი კი მხარს თბილისის მერობის კანდიდატ ალეკო ელისაშვილს დაუჭერდა, რომელთან ერთადაც მუშაობდა, რადგან ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამდენი მერი და 2000-ზე მეტი წევრი ირჩეოდა საკრებულოებში, შესაბამისად, მარგველაშვილი მაშინ ნამდვილად ოპოზიციის ლიდერი გახდებოდა, გამოიყენებდა პოლიტიკური დემოკრატიული ძალების რესურსებს. მან ეს ვერ გაბედა. მას წელს ძალიან მცირე რესურსი რჩებოდა, რომ არჩევნებში კენჭი ეყარა, მაგრამ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა მოითხოვდა არა გაქცევას, არამედ კენჭისყრას. ეს მარგველაშვილის მიმართ ჩემი მთავარი პრეტენზიაა", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"