"როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ" - კვირის პალიტრა

"როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ"

მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

"ჯერ ერთი, მე მგონი კარასინი არ უნდა იყოს პოლიტიკური პირი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. მეორე, მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია მისი პოზიცია კარასინის განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ნატო-ს წვრთნებზეა საუბარი, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ვალდებული არ არის გრიგორი კარასინის ყველა განცხადებას უპასუხოს.

"მე არ მაქვს არანაირი ვალდებულება, რომ კარასინის ყველა სიტყვას ვუპასუხო. გიპასუხეთ, რომ ის არ არის პოლიტიკური პირი. მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ველოდებით, რომ დადებითად შეიცვალოს რუსეთის დამოკიდებულება ყველა იმ საკითხის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაღელვებს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ "საქართველოს მტრული რიტორიკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ შეცვლილა“.

"ინტერპრესნიუსი"