სხვის ომში დაღუპული... - კვირის პალიტრა

სხვის ომში დაღუპული...

5 სექტემბერს ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა უფროსი ლეიტენანტი მუხრან შუკვანი.

მესამე ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური 28 წლის იყო. სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 2006 წლიდან მსახურობდა ჯარში. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, 2008 წლის აგვისტოს - ცხინვალის ომში. მიღებული აქვს მესამე ხარისხის უწყებრივი მედალი (საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმწიკვლო სამსახურისთვის);  უწყებრივი მედალი საბრძოლო იარისთვის; უწყებრივი მედალი "სამშობლოსათვის თავდადებული".

ერთი ინფორმაციით, მუხრან შუკვანი თვითნაკეთ ნაღმს ემსხვერპლა. თუმცა არის ვერსია, რომ ის სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.

მუხრანის ცხედარი ალექსეევკის სამხედრო აეროპორტიდან მესტიაში, სოფელ ლენჯერში გადაასვენეს და 11 სექტემბერს დაკრძალეს. მას დარჩა მშობლები და ორი ძმა.

თადარიგის სერჟანტი თამაზ დემეტრაშვილი: "მუხრან შუკვანი კრწანისის სასწავლო ცენტრში გავიცანი, როცა ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის ამერიკელი ინსტრუქტორები გვამზადებდნენ. 31-ე ბატალიონმა 2009 წლის აგვისტოს ბოლოს დაიწყო მომზადება. ავღანეთში წასვლამდე სულ ერთად ვიყავით საველე თუ ჩვეულებრივ წვრთნებზე. მუხრანი გამორჩეული იყო როგორც ფიზიკური, ისე პიროვნული თვისებებით. იყო სამაგალითო ასმეთაური. ყველა ჯარისკაცს ზედმიწევნით იცნობდა. იცოდა, ვის რა უჭირდა ან ულხინდა.

მართვის პუნქტიდან ასეულის მართვისა და დავალებების მიცემის ნაცვლად, ცდილობდა პირველი წასულიყო პოზიციაზე და ჯარისკაცისთვის თავისი მაგალითით ესწავლებინა საქმე. მუხრანი ცდილობდა სულ თავის შემადგენლობასთან  ყოფილიყო.

როცა ჯარისკაცი შეცდომას უშვებდა, მუხრანი ისე კი არ დატუქსავდა, რომ მუშაობის ხალისი დაეკარგვინებინა. პირიქით, ცდილობდა, ისე აეხსნა სათქმელი, რომ მეტი გულმოდგინებითა და სიყვარულით შესდგომოდა საქმეს.

ავღანეთში ერაყში მყოფთაგან განსხვავებული მებრძოლები არიან, მათ ბრძოლის სულ სხვა სტილი აქვთ. ავღანეთში კოალიციური ჯარების უპირველესი მტერი თვითნაკეთი ნაღმებია. თალიბებს შორიდან უყვართ შეტევა. ათიდან ცხრა შემთხვევაში ნაღმის აფეთქებას ცეცხლის გახსნა მოჰყვება ჩასაფრების ადგილებიდან. ძალიან ძნელია თვითნაკეთი ნაღმების აღმოჩენა, რადგან თალიბებმა ტექნოლოგიები დახვეწეს.

სულ უფრო ნაკლები მეტალის შემცველი ნივთიერება გამოიყენება თვითნაკეთ ნაღმებში, ძირითადად, ხისგან მზადდება, რისი დაფიქსირებაც დეტექტორს უჭირს. გაძნელებულია რადიოგადამცემით მოქმედი ნაღმების პოვნაც.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი მეომრები ამერიკელთა სარდლობით ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ჰილმენდის პროვინციაში მსახურობენ, სადაც დაკისრებული აქვთ ფეხით და ავტოტრანსპორტით პატრულირება.

"ავღანელებთან ყიზილბაშები დიაცებს ჰგვანან, ავღანელები კი - დიაცები ვართ ქართველებთან შედარებით..."

ავღანეთის ისტორიაში ქართველებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. გიორგი XI ავღანელებს შიშის ზარს სცემდა. ქართველებმა შეძლეს (თუმცა დროებით) დაუმორჩილებელი ავღანელების ქედის მოდრეკა.

ისტორიული წყაროების თანახმად, შაჰ-აბას I-ს შეუქმნია ე.წ. დაქირავებული სპეცდანიშნულების არმია, რომელიც სპარსეთის იმპერიის ეროვნული უმცირესობებისაგან, ძირითადად, ქართველებისგან შედგებოდა. ხელმძღვანელიც ქართველი ჰყოლია, ქართული ტახტის მემკვიდრე. როდესაც ირანის პროვინციამ ავღანეთმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, შაჰმა გიორგი XI დანიშნა ყულარაღასად და ქართველების არმია გაგზავნა ავღანეთში, ყანდაარში.

პიეტრო დელა ვალეს გადმოცემით, "სპარსული არმიის სიძლიერე ქართველები არიან, ამ არმიის უდიდესი და უძლიერესი ნაწილი". იმავეს იმეორებს სერ ტომას ჰერბერტი, რომელიც შირაზში 1627 წელს იყო.

ავღანეთის აჯანყებულ რეგიონში, ბალუჯისტანში, ვერც ერთი ირანელი სარდალი ვერ ბედავდა ლაშქრობას.

1700 წლისათვის გიორგიმ და მისმა ძმამ ლევანმა თითქმის მთელი რეგიონი გაწმინდეს მოთარეშეებისგან. შაჰმა ჯილდოდ ლევანი ირანის მთავარ მოსამართლედ დანიშნა, მისი ძე ქაიხოსრო კი ისპაჰანის გამგებლად. მალე ყანდაარში აჯანყებულებმა ძალაუფლება დაიბრუნეს და ირანელი მმართველები ციხესიმაგრეში გამოკეტეს. გადაწყდა, შაჰს ისევ გიორგი უნდა გაეგზავნა მათ გამოსახსნელად. ამ მისიაზე დასათანხმებლად მას სპარსეთის არმიის ხელმძღვანელობა უბოძეს და საქართველოს ტახტზეც აღადგინეს (ანუ გურჯისტანის ვალად დაამტკიცეს).

საქართველოს საქმეთა მართვისთვის მისი ძმისშვილი ვახტანგი (შემდეგში ვახტანგ VI) დაინიშნა. გიორგი ავღანეთში  20000 სპარსითა და 4000 ქართველის ლაშქრით გაემგზავრა. როგორც კი შეიტყვეს, რომ ლაშქარს გიორგი მეთაურობდა, ავღანელებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედეს და ყანდაარის კარი გაუღეს ქართველებს.

გიორგიმ სასტიკად დასაჯა აჯანყების მოთავენი, აღადგინა სპარსული მმართველობა და მხოლოდ 4000 ქართველი დატოვა ყანდაარში, დანარჩენი ჯარი კი გაათავისუფლა. აჯანყებულთა ლიდერი მირ-ვაისი ისპაჰანში ბორკილებდადებული გაგზავნა და შაჰს წერილობით ურჩია მისი სიკვდილით დასჯა.

გიორგის წერილმა არ გაჭრა და მირ-ვაისმა შაჰისგან უკან დაბრუნების ნებართვა მიიღო და ყანდაარში შერიგების ფიცის დადებით ქართველთა ხელისუფლება აღიარა, ოღონდ ყასიდად.

გაიმართა "დამეგობრების" ნადიმი. თითო ქართველ სტუმარს თითო ავღანელი ემსახურებოდა, რათა დანიშნულ დროს აეკუწათ ისინი. ისტორიამ ქართველთა უმაგალითო გმირობა შემოინახა. გიორგიმ 50 ავღანელი შეიწირა, სანამ რამდენიმე მახვილის ჩაცემით სულს დალევდა.

როდესაც ამ შემაძრწუნებელმა ამბავმა ისპაჰანამდე ჩააღწია, შაჰ ჰუსეინს გიორგის ძმისშვილ ქაიხოსროსთვის დაუვალებია შურისძიება და გურჯისტანის ვალის თანამდებობა უბოძებია.

ქაიხოსრო ადვილად გაუსწორდა ავღანელთა წინააღმდეგობას ყანდაარის მისადგომებამდე და ქალაქის დახშულ კარს მიადგა. სამწუხაროდ, ქალაქის დასაკავებლად სისხლისმღვრელი ბრძოლა ქართველთა მარცხით დასრულებულა. გაერთიანებული ქართულ-სპარსული არმიისგან მხოლოდ 700 კაცი გადარჩენილა. გმირულად დაღუპულა ქაიხოსროც.

ამ დროისათვის დასუსტებული იყო სეფიანთა დინასტიაც და საქართველოც. საქართველოსთვის ამდენი მებრძოლისა და მხედართმთავრის დაკარგვა ლეკიანობის გაძლიერებასა და გაჩანაგებას ნიშნავდა. იმ დროს გატეხილი საქართველო მხოლოდ ერეკლე II-ის ხელშიღა გაიმართა წელში.

გიორგი მეთერთმეტის სიკვდილის შემდეგ ავღანელებს უთქვამთ: ჩვენთან შედარებით ყიზილბაშები დიაცები არიან, ჩვენ კი - დიაცები ქართველებთან შედარებითო...