"გიორგი მარგველაშვილი ისტორიაში შევა არა როგორც "გიორგი ბრწყინვალე" ან "ავ-გიორგი", არამედ როგორც "გიორგი უცნაური" - კვირის პალიტრა

"გიორგი მარგველაშვილი ისტორიაში შევა არა როგორც "გიორგი ბრწყინვალე" ან "ავ-გიორგი", არამედ როგორც "გიორგი უცნაური"

გიორგი მარგველაშვილი ისტორიაში შევა არა როგორც "გიორგი ბრწყინვალე" ან "ავ-გიორგი", არამედ როგორც "გიორგი უცნაური", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მოძრაობა "შენების" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის 5-წლიანი მოღვაწეობის შეფასების კომენტირებისას განუცხადა.

"გიორგი მარგველაშვილს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია პრეზიდენტობა. 2012 წლის ცვლილება არ იყო ძალიან მარტივი. მისი გაპრეზიდენტებიდან 2-3 კვირის განმავლობაში განვითარდა უკიდურესად დამაზიანებელი მოვლენები სახელისუფლებო გუნდში, რამაც მის პრეზიდენტობას დიდი დაღი დაასვა. გარდა ამისა, სწორედ მისი პრეზიდენტობისას მოხდა ამ ინსტიტუტის თვისობრივი ცვლილება და ტრანსფორმაცია, რისი აღქმაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური სპექტრისთვისაც. მარგველაშვილი, როგორც ქართული სახელმწიფოს მეთაური, ისტორიაში შევა არა როგორც "გიორგი ბრწყინვალე" ან "ავ-გიორგი", არამედ როგორც "გიორგი უცნაური". იგი არც მალავდა იმას, რომ არ არის სტანდარტული საჯარო მოხელე, მასში საკმაოდ ჭარბად არის სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ჩარჩოების მიღმა არსებული ინტერესები, ფილოსოფიური თუ სხვა. მე პირადად მასთან მრავალი წლის განმავლობაში მომიწია მუშაობა და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ ვიხსენებ რაიმე სერიოზულ პრობლემას, წმინდა საქმიანი თვალსაზრისით. საპარლამენტო და საპრეზიდენტო ურთიერთობა დაღდასმული იყო უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის არსებული მძიმე ფონის გამო. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვახერხებდით საქმიან ურთიერთობას უშიშროების საბჭოს ფორმატშიც, პრეზიდენტის საპარლამენტო საქმიანობის ფორმატშიც და ა.შ. მე პირადად არ მქონია რაიმე გადაულახავი წინააღმდეგობა მასთან, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრები არაერთხელ გვქონია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად მარგველაშვილის მოღვაწეობის შეფასებას, უსუფაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილება არ იყო მისთვის ერთნაირად მისაღები, ან დასაბუთებული.

"საკითხი, რომელზეც ყველაზე მეტად ვნანობ, რომ ვერ მოხერხდა პრეზიდენტის მონაწილეობით, ეს იყო უკვე განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების დასკვნით ეტაპზე განვითარებული მოვლენა, რომ მისი აქტიური პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული. ეს იყო უკიდურესად საჭირო, თუ იქნებოდა კანდიდატი, ამ როლშიც და თუ არ იქნებოდა და სხვა პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს, ამ შემთხვევაშიც. თუ სამწუხარო მნიშვნელოვან მოვლენებზე ვისაუბრებთ მის მოღვაწეობაში, ეს უნდა აღინიშნოს. რაც შეეხება ზოგადად მის მოღვაწეობას, მისი ყველა გადაწყვეტილება არ იყო ჩემთვის ერთნაირად მისაღები, ან დასაბუთებული, მაგალითად, შეწყალების მიმართულებით. მე ვფიქრობ, რომ შეწყალება უფრო იშვიათად უნდა ხდებოდეს, ვიდრე ხდებოდა, ასეთი ამბები არსებობს, მაგრამ თუ ავიღებთ მისი პრეზიდენტობის ხუთ წელიწადს და ამ ხუთი წლის განმავლობაში გავიხსენებთ პრემიერების, პრეზიდენტების, პარლამენტის თავმჯდომარეების და მინისტრების საქმიანობის ეფექტიანობას, მე არ ვთვლი, რომ მარგველაშვილი ვინმეზე ნაკლები ეფექტიანობით მუშაობდა. ის არ იყო ვინმეზე განსაკუთრებით ეფექტიანად მომუშავე, ან ვინმეზე განსაკუთრებით არაეფექტიანად მომუშავე", - განაცხადა უსუფაშვილმა.