"ომარ ნიშნიანიძემ მოწვევა მიიღო" - რატომ იდგებიან ინაუგურაციაზე სტუმრები ფეხზე? - კვირის პალიტრა

"ომარ ნიშნიანიძემ მოწვევა მიიღო" - რატომ იდგებიან ინაუგურაციაზე სტუმრები ფეხზე?

წარმოიდგინეთ რამდენად რთულია ასეთ მოკლე დროში ამხელა სამუშაოს გაწევა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოწვევა ვიღაცას გვიან მიუვიდა, ვიღაცას - ადრე, - ამის შესახებ საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, ინაუგურაციის სტუმრების სიაზე საუბრისას განაცხადა.

"კომისია ინაუგურაციამდე 6 დღით ადრე შეიქმნა და წარმოიდგინეთ რამდენად რთულია ასეთ მოკლე დროში ამხელა სამუშაოს გაწევა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მოწვევა ვიღაცას გვიან მიუვიდა, ვიღაცას - ადრე. რაც შეეხება ომარ ნიშნიანიძეს, მან მოწვევა მიიღო. უბრალოდ, მოსაწვევების დაბეჭდვა დღეს დასრულდა და ბუნებრივია, დარიგების პროცესი გრძელდებოდა", - განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, ინაუგურაციაზე სტუმრები ფეხზე იდგებიან, გარდა, კათოლიკოს- პატრიარქის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულების.

"ვინაიდან, ლოკაცია არ იძლევა საშუალებას, რომ გაშლილად ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, აქედან გამომდინარე, ცერემონიის პროცესი შევცვალეთ, ყველა იდგება ფეხზე, გარდა კათოლიკოს-პატრიარქისა, შშმ პირების და ხანდაზმულების. არ გვინდოდა, ისე გამოსულიყო, რომ მთავრობის წევრები სხედან და სხვები დგანან. 800 კაცი იყო დაგეგმილი და დღეს საუბარია იმაზე, რომ ინაუგურაციის პროცესში მონაწილეობას 1800-ზე მეტი ადამიანი მიიღებს", - განაცხადა კახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბერს, თელავში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეორის სასახლეში, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"