"გამო გარეთ, დაგილეწო თავ-ყბა" - ანუ ჩხუბების ისტორია ქართულ პარლამენტში - კვირის პალიტრა

"გამო გარეთ, დაგილეწო თავ-ყბა" - ანუ ჩხუბების ისტორია ქართულ პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას "ნაცმოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიასა და "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ირმა ინაშვილს შორის საზოგადოების რეაქცია მოჰყვა. "რა ხალხია პარლამენტში, სირცხვილია", "პარლამენტში ჩხუბის ყურება სემიჩკასავითაა - თავს ვერ დაანებებ", "დაიღალა ხალხი თქვენი ყურებით!" - წერენ კომენტარებში.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი: - ერთ-ერთი პირველი ასეთი ფაქტი შევარდნაძის პარლამენტში ნოდარ ნათაძესა და ვახტანგ რჩეულიშვილს შორის მოხდა. თუ გახსოვთ, ვახტანგმა წყალი შეასხა ოპონენტს. იმხანად ეს თვალში საცემი ჩხუბი იყო და მაშინაც საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა, შეიძლება თუ არა ასეთი რამ პარლამენტში ხდებოდესო. თუმცა შემდეგშიც ბევრი ჩხუბი ვიხილეთ... ერთი ჩხუბი, რომელზეც ხალხის რეაქცია არ ყოფილა უარყოფითი.

- რომელ ჩხუბს გულისხმობთ? - კვირიკაშვილი რომ ეჩხუბა მელიას. თითქოს ეს კონფლიქტი არ განსხვავდებოდა სხვებისგან, მაგრამ მნიშვნელობა სხვა რამემ შესძინა - ზოგიერთმა დადებითი შეფასებაც კი მისცა, უი, კვირიკაშვილი ადამიანი ყოფილაო. ის იმდენად დინჯი და გაწონასწორებულია, რომ მდგომარეობიდან გამოსვლით ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მართლაც ექსტრაორდინარული მოხდა და ხალხს ენა არ მოუტრიალდა მის გასამტყუნებლად. რაც მთავარია, კვირიკაშვილმა იქვე მოიხადა ბოდიში. ინაშვილი-მელიას ინციდენტის რომელიმე მონაწილემ ბოდიში მოიხადა? მათი ჩხუბი იმითაც იყო გამორჩეული, რომ დაპირისპირება ქალსა და კაცს შორის დაიწო - ეს კიდევ ახალი ამბავია ქართული საპარლამენტო ჩხუბების ისტორიაში.

ჩხუბი უსაქციელობაა, პარლამენტში კი ზღვარგადასული უსაქციელობა. სამწუხაროა, რომ ქართველ პარლამენტართა ნაწილისთვის გაწევ-გამოწევისა და ვაჟკაცობის ეს ფორმა პოლიტიკად და პოზიტივის მატარებლად აღიქმება. ასეთი წარმოდგენებით ნაკარნახევი ვაჟკაცობის მაგალითები ხშირად გვხვდება ქართულ პარლამენტში. "ნაციონალებზე" აღარაფერს ვამბობ, ისინი ხომ საერთოდ გამოდიან პოლიტიკური სივრციდან, ყველაფერზე მიდიან - ტყუილზე, ბრალდებასა თუ პროვოცირებაზე. მათთვის მთავარია, მოწინააღმდეგეს ტალახი ესროლონ, არადა, თვითონ რომ ტალახში არიან, ეს არ არის პრობლემა. რომელიმე პარტია ან ცალკეული პოლიტიკოსი თუ ამას ვერ ხვდება და თავით ეშვება ამ ტალახში, პოლიტიკაში ჯერ კიდევ ბევრის სწავლა სჭირდება.

- "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს გულისხმობთ?

- არა მარტო, იქ "ოცნების" წევრებიც იყვნენ... გულდასაწყვეტია, რომ მზარდმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ახლახან შთამბეჭდავი აქცია გამართა და აღმართში ადიოდა, ამ ნაბიჯით საკუთარ იმიჯს ჩრდილი მიაყენა. ვგულისხმობ "პატრიოტთა ალიანსს".

- როგორც ფსიქოლოგს მინდა გკითხოთ, რამდენ ხანს გრძელდება აფექტი? ასეთ მომენტში გარშემო მყოფებს, კამერებს, ფოტოაპარატებს ვერ ამჩნევ, თუ არ იმჩნევ? - ისევ კვირიკაშვილის მაგალითს გავიხსენებ - როგორც კი დაცხრნენ, კვირიკაშვილმა ბოდიში მოიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზმა გადაუარა და გააკრიტიკა საკუთარი თავი. ეს ტიპურია აფექტისთვის. ამით იმის თქმა მინდა, რომ აფექტი რამდენიმე წუთს გრძელდება, მაგრამ უკვე რამდენიმე დღე გავიდა და ბოდიშს არავინ იხდის. აფექტს სინანული ახლავს და თუ ეს მომენტი არ დადგა, ე.ი. რაღაც როლის შემსრულებელი ხარ და სწორედ ეს წარმოდგენაა პრობლემა. პოლიტიკოსის იარაღი კუნთები და ძალა კი არა, სიტყვაა. მაშინაც კი, როცა მეტოქის დამცირებას ცდილობს, ეს, თუ შეიძლება ითქვას, ელეგანტურად უნდა მოახერხოს... მახსენდება ერთი ასეთი მაგალითი ინგლისური პარლამენტიდან: ერთმა დეპუტატმა თავმჯდომარეს ჰკითხა: "ბატონო თავმჯდომარე, ამ ადამიანს (იქ მყოფი ოპონენტი დაასახელა) შეიძლება ვუწოდო ღორი?" ღორი ხარო, პირდაპირ კი არ უთხრა, იკითხა... თავმჯდომარემ უპასუხა: "ამ ადამიანს (მისი გვარი დამარცვლით გამოთქვა) თქვენ არ შეიძლება უწოდოთ ღორი!" "გავიგე, ბატონო თავმჯდომარე, მაშინ მე ამ ადამიანს ღორს არ ვუწოდებ!" მაგრამ, როდესაც ამბობ, გამო გარეთ, დაგილეწო თავ-ყბაო, ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის. ამ შემთხვევაში "ნაციონალებმა" ხაფანგში გააბეს ოპონენტები და მიზანს მიაღწიეს. ამას ისიც ემატება, რომ პოლიტიკოსების დისკრედიტაცია მიმდინარეობს. ხომ ხედავთ, ამდენი ხანია ლაპარაკია მესამე ძალაზე და არავის უნდა მოსვლა, იმიტომ, რომ ქართული პოლიტიკა არ გამოიყურება მიმზიდველად. ეს შეიძლება ქვეყნისთვის ტრაგედია აღმოჩნდეს. ერთი და იგივე ლუკმა დიდხანს რომ ღეჭო, გემოს დაკარგავს. უკვე რამდენიმე წელია, ერთსა და იმავე პოლიტიკოსებს ვღეჭავთ, ქვეყანას კი ახალი სახეები სჭირდება.

- რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე ასეთი საპარლამენტო სანახაობა? - ჩვენ შეიძლება ბავშვს ვაპატიოთ თავშეუკავებლობა, დიდს კი კრიტიკულად ვუყურებთ. პოლიტიკოსები ყველაზე "დიდ ადამიანებად" ითვლებიან, რადგან ისინი მართავენ ქვეყანას და თავშეუკავებლობა არ ეპატიებათ. წარმოიდგინეთ, რა შთაბეჭდილება გვექმნება მათზე, როდესაც ბავშვებივით იქცევიან... არასერიოზულობის, ბავშვურობის, განუვითარებლობის განცდა ჩნდება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია დანარჩენ ნაბიჯებზე. თუ გონივრულად იმოქმედეს, მერწმუნეთ, ეს ინციდენტი აღარავის გაახსენდება.

სუსტი სქესის მოჩხუბარი პარლამენტარები

ჩხუბი და გაწევ-გამოწევა მხოლოდ ქართულ პარლამენტში როდი ხდება, პარლამენტარები, მათ შორის ქალები, საკუთარ პოზიციებს სხვა ქვეყნებშიც მუშტებით იცავენ.

2014 წელს ამ ჩხუბს იაპონიის პარლამენტში "წლის ჩხუბი" უწოდეს.

როგორც ჩანს, სეულის დეპუტატი ქალებიც მუშტებზე იყურებიან.

ავღანეთში ქალმა პარლამენტარმა ფეხსაცმელი გაიძრო და ოპონენტს ესროლა, მერე კი გააფთრებული თავს დაესხა და ერთი-ორიც უთავაზა.