"ნაცმოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკება აქვს" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელს ხელისუფლებასთან ფარული მოლაპარაკება აქვს"

რა უთანხმოებაა გრიგოლ ვაშაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის?!

რა ხდება მთავარ ოპოზიციურ პარტიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში განცდილი მარცხის შემდეგ? მის გაძლიერებას უნდა ველოდოთ, თუ პარტიის დაშლის გეგმა ამოქმედებულია? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრს, რეზიკო ოთარაშვილს ვესაუბრეთ.

- "ნაცმოძრაობის" წევრი აღარ ვარ, მაგრამ კავშირების წყალობით პარტიაში პროცესების შესახებ ინფორმაცია ჩემამდე აღწევს. ვიცი, "ნაცმოძრაობა" მარტივ მამრავლებად დაიშლება და ამას მალე ნახავთ.

- რა იქნება ამის მიზეზი? - არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ცხადი შეიქნა, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერები სტრატეგიაზე ვერ შეთანხმდნენ - ნაწილი კვლავ რადიკალიზაციის მომხრეა მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ყველაფერი მაინც ფინანსურ რესურსებამდე მიდის. ვისი ფული იხარჯებოდა არჩევნებზე და რა რესურსები აქვს პარტიას? პირველი - ეს არის სახელმწიფო დაფინანსება, მეორე - საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული თანხები და მესამე - შეწირულობები. სწორედ ამ ფინანსების გადაზიდვა ხდება სხვადასხვა მხარეს, რაშიც ხელისუფლების ხელიც ურევია - "ნაცმოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელთან ხელისუფლებასაც აქვს ფარული მოლაპარაკება და დახმარებასაც სთავაზობს. კერძოდ, თუკი "ნაცმოძრაობას" ნაწილი გამოეყოფა და ახალ პარტიას შექმნის, შემწირველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება. პარტიას ფინანსური კრიზისი ისედაც აქვს, რადგან დონორი ორგანიზაციების დახმარება ძალიან შემცირდა - ევროპელი ლობისტები პროცესების რადიკალიზაციას მხარს არ უჭერენ.

- შესაძლოა მკითხველისთვის გაუგებარი იყოს, რა ფორმით იღებს პარტია დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსებას. - თავის დროზე "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განვაცხადე, თუ როგორ იღებდა "ნაცმოძრაობა" დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსებას. ახლაც გავიმეორებ - მთელი რიგი კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციები დარეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონებში და ისინი გამოყოფენ დაფინანსებას, რომელიც პარტიას შუამავლის მეშვეობით მიეწოდება. მაგალითად, თავის დროზე ხალხს ეგონა, რომ "ნაციონალებს" სოროსის ფონდი აფინანსებდა, სინამდვილეში კი ოფშორში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია გამოყოფდა ფულს სოროსის ფონდისთვის და "ნაციონალების" ლიდერებს რა პროექტიც უნდა წარედგინათ, ფულს მაინც მიიღებდნენ. ასევე არსებობდა, მაგალითად, "ამიერკავკასიის პირველი ლედების ასამბლეა", რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. ერთხანს თანხა თითქოს მხოლოდ საქველმოქმედო დანიშნულებით აღწევდა სანდრა რულოვსამდე, თუმცა მოხდა ისე, რომ მისმა თანაშემწემ თანხის ნაწილი შეწირულობის სახით პარტიის ანგარიშზე შეიტანა. ამ ფაქტის მომსწრე თავად გავხდი. ეს სქემა აპრობირებული იყო და არ არის გამორიცხული, პარტიების დასაფინანსებლად დღესაც იგივე წესი მოქმედებდეს. ახლა ასეთი მსხვილი დონორი ორგანიზაციები "ნაციონალებს" აღარ სწყალობენ და კრიზისიც დაიწყო, უკმაყოფილებისა და დაპირისპირების ტალღა იზრდება და ამით ხელისუფლება სარგებლობს.

- "ევროპულ საქართველოშიც" ხომ არ არის განხეთქილება? - არის, თუმცა ეს ნაყოფს უფრო გვიან გამოიღებს. იქ გამყოფი შესაძლოა გიგი უგულავას ფაქტორი აღმოჩნდეს... ხელისუფლებასთან დაახლოებულად სწორედ უგულავა ითვლება. ციხიდან მისი გამოშვება და ამ პოლიტიკურ დაჯგუფებაში ჩასმა, ხელისუფლების ნება-სურვილის გარეშე არ მომხდარა. ასე რომ, შიდა პროცესები უკვე მომწიფებულია. მალე დაინახავთ, რომ ერთ დროს ძლევამოსილი "ნაცმოძრაობა" სამ ან ოთხ ნაწილად დაიშლება.

- ახალ პოლიტიკურ ფრთას ვინ ჩაუდგება სათავეში?

- ახლა სწორედ ამაზე მიდის საუბარი და არ მინდა მოვლენებს გავუსწრო.

- ანუ ამბობთ, რომ ვაშაძე სააკაშვილს დაუპირისპირდა? - დიახ, ვაშაძესა და სააკაშვილს შორის უთანხმოება ნამდვილად არის, ფინანსურად კი "ნაცმოძრაობა" სულ უფრო და უფრო უარეს მდგომარეობაშია. მალე ძალზე საინტერესო პროცესების მომსწრე გავხდებით.