"მარგველაშვილი ისტორიაში შევა როგორც "გიორგი უცნაური" - კვირის პალიტრა

"მარგველაშვილი ისტორიაში შევა როგორც "გიორგი უცნაური"

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა პოსტი 2013 წლის 27 ოქტომბერს დაიკავა. უპარტიო გიორგი მარგველაშვილი "ქართულმა ოცნებამ" 2013 წლის მაისში დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად და მან ხმათა 62,18%-ით გაიმარჯვა.

"მარგველაშვილი არ იყო პოლიტიკური წრეებიდან მოსული ფიგურა. ის საკმაოდ არაორდინარული პიროვნებაა, ამიტომ ისტორიაში შევა არა როგორც გიორგი ბრწყინვალე ან ავ-გიორგი, არამედ როგორც გიორგი უცნაური", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი.

- გიორგი მარგველაშვილს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია პრეზიდენტობამ. უპირველესად იმიტომ, რომ სწორედ მისი არჩევის შემდეგ დაიწყო პრეზიდენტის ინსტიტუტის ტრანსფორმირება - პრეზიდენტი აღარ იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურად დარჩა. ეს ცვლილება რთული გასააზრებელი აღმოჩნდა როგორც პოლიტიკური, ისე საზოგადოების კლასისთვის.

არჩევნებიდან 3-4 კვირაში მარგველაშვილსა და მის წარმდგენ "ქართულ ოცნებას""შორის პოლიტიკური კონფრონტაცია დაიწყო და ამან ძალიან დააზარალა კონსტიტუციური ინსტიტუტების თანამშრომლობა. მახსოვს ისეთი პერიოდებიც, როდესაც პრემიერსა და პრეზიდენტს შორის თვეების განმავლობაში კომუნიკაცია არ ყოფილა. ეს დიდად ვნებდა სახელმწიფოს მიზნებს როგორც ქვეყანაში, ისე მის გარეთ.

- მარგველაშვილი კარგ პოლიტიკოსად ვერ ჩამოყალიბდა? - არც ჰქონია ამის სურვილი. ამიტომ პოლიტიკურ პროცესებში მისი ბევრი პოზიცია ზოგჯერ გაუგებარი ჩანდა. მასთან წლების განმავლობაში მქონდა საქმიანი და ურთიერთპატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკითხში ჩვენი პოზიციები არ ემთხვეოდა.

- რა იყო მისი მთავარი შეცდომა?

- არ ვიცი. თუმცა მგონია, რომ მისი პრეზიდენტობის ბოლო ეტაპზე კარგი იქნებოდა, თუ უფრო აქტიურად ჩაერთვებოდა პროცესებში, მონაწილეობას მიიღებდა იმ პოზიციების გაძლიერებაში, რომელთაც ვიცი, მხარს უჭერს და შესაბამისი პოლიტიკური მიმდინარეობისთვის მხარდაჭერა გამოეცხადებინა. ეს საპრეზიდენტო არჩევნებში მნიშვნელოვან დადებით როლს ითამაშებდა. ჩემი აზრით, პრეზიდენტის აქტიურობის შემთხვევაში რამდენიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა გაერთიანებას და პოსტსაარჩევნო ვითარებაში მესამე ძალის კონტურების გამოკვეთას შეუწყობდა ხელს.

- შეწყალების პოლიტიკის გამო მას მუდმივად აკრიტიკებდნენ, ისეთი პირები შეიწყალა, რომელთა გათავისუფლება არ შეიძლებოდაო.

- უნდა გვახსოვდეს, რომ შეიწყალებენ დამნაშავეებს და არა უდანაშაულოებს. ამიტომ პრეზიდენტის შეწყალების მერე ამ ადამიანებისგან რაღაც სასიკეთოს მაინც არ უნდა ველოდოთ. მაგრამ არის მეორე მხარე - სააკაშვილის დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა - შეწყალების აქტი გაცილებით მეტ პატიმარს შეეხო, ვიდრე საჭირო იყო. ჩემი აზრით, პრეზიდენტის შეწყალება უიშვიათესი მოვლენა უნდა იყოს.

- როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი? - ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა წარმატებას ვუსურვებ.