"ამ ხალხის თავიდან მოშორებისთვის ივანიშვილის პოლიტიკური ნებაა საჭირო" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი მინისტრთა კაბინეტში?! - კვირის პალიტრა

"ამ ხალხის თავიდან მოშორებისთვის ივანიშვილის პოლიტიკური ნებაა საჭირო" - რა ცვლილებებია მოსალოდნელი მინისტრთა კაბინეტში?!

"დიდი ალბათობით, თავდაცვის მინისტრი შეიცვლება. ლაპარაკია პრემიერისა და სხვა მინისტრების შეცვლაზეც"

არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" დაანონსებულ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს ახალი წლების შემდეგ აპირებს. ის, რომ მთავრობაში "ახალი სისხლი" გადაისხმება, ოფიციალურადაც ადასტურებენ. თუმცა რა ცვლილებებზეა საუბარი, უცნობია.

"გახსოვთ, რომ 2015 წელს ასევე დავაანონსეთ გუნდის განახლება, საპარლამენტო არჩევნების მეორე წლისთვის. ამის შედეგი იხილა საზოგადოებამ. დღესაც იმავე გამოწვევის წინაშე ვართ. გუნდი აუცილებლად განახლდება და ამას სათანადო დროს იხილავს საზოგადოება. ეს არის ჩვენი ამოცანა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

მოსალოდნელ ცვლილებებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი ნოდარ ხარშილაძე:

- მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მოსალოდნელია და როგორც ვიცი, დიდი ალბათობით, თავდაცვის მინისტრი შეიცვლება. ლაპარაკია პრემიერისა და სხვა მინისტრების შეცვლაზეც, მაგრამ ამას ვერ დავადასტურებ, რადგან საკმარისი ინფორმაცია არა მაქვს.

- როგორ ფიქრობთ, ეს არ იქნება ის ცვლილება, რომლის პირობა ბიძინა ივანიშვილმა დადო და რასაც საზოგადოება ელოდება? - თავდაცვაში რაიმეს შეცვლა რთულია, რადგან თავდაცვის უწყებას უპირველესად გასააზრებელი ის აქვს, თუ რაში სჭირდება ჯარი.

მთავრობაში კარდინალურ ცვლილებებს არ ველოდები. სახელმწიფოს პოლიტიკა იგივე დარჩება, მას ბიძინა ივანიშვილი ქმნის. ასე რომ, ვინ იქნება შემსრულებელი, დიდი მნიშვნელობა არა აქვს.

- გარდა მმართველობითი სისტემის გამართვისა, მთავრობამ უპირველესად რა მიმართულებით უნდა დაიწყოს ცვლილებები?

- არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა მმართველობითი სისტემა შეცვალოს, რადგან მას ასეთი ხედვა აქვს - ჯერ კიდევ არჩევნებამდე ტელეეთერში თქვა, რომ ყველაფერი კარგად არის. მერე თქვა, ერთი წელი მაცალეთ და ყველაფერს გამოვასწორებო. ერთი თვე გავიდა და ვერაფერს ვამჩნევ.

კარდინალურ ცვლილებებზე არც ფიქრობენ, რომც მოინდომონ, საამისო რესურსი არ გააჩნიათ. მთავრობაში დასაქმებულ არც ერთ პირს არ უსახელებია თავი განსაკუთრებული და რეფორმისტული პროექტებით.

- ანუ ქვეყნის მმართველობა თავისი არაფორმალური და რუხი კარდინალების გავლენებით ისევე გაგრძელდება? - ამ ხალხის თავიდან მოშორებისთვის ივანიშვილის პოლიტიკური ნებაა საჭირო, მაგრამ ამას არ იზამს. რაც ფარცხალაძის შემთხვევაში მოხდა, სწორედ ამის კარგი სიგნალია და გამოჩნდა, რა მიმართულებითაც წავა ყველაფერი. ფარცხალაძე დააკავეს, გადაახდევინეს რაღაც თანხა და გამოუშვეს. ამ კაცის დანაშაული ქვეყნის წინაშე თურმე მხოლოდ ის ყოფილა, რომ ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და არა ის, რომ უკვე წლებია ატერორებს როგორც ბიზნესმენებს, ისე მინისტრებს, და პრაქტიკულად ხელისუფლების სახელით დანაშაულებს სჩადის.

ასე რომ, მანკიერი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში არსებობდა, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან, გრძელდება. მიშას დროს ამის ცოტა მოდიფიცირება მოხდა, რადგან ის ბიუჯეტში არიცხვინებდა ფულს, ესენი კი თავიანთი ჯიბისთვის ართმევენ ფულს.

"ქართული ოცნება" ნელ-ნელა ძალიან დაემსგავსა იმ ძალას, რომელსაც აკრიტიკებდა და ებრძოდა. უბრალოდ, მისი პოლიტიკა უფრო არაეფექტიანია.

- როგორც ცნობილია, ივანიშვილმა წინასაარჩევნოდ პარტიის გაძლიერების პირობაც დადო. მოსალოდნელია თუ არა ე.წ. კობახიძის ფრთის ჩაჩოჩება, რომლის წინა პლანზე წამოწევამ "ძველი გვარდია" გაანაწყენა?

- მარიონეტების გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ერთადერთი, ასე თუ ისე დამოუკიდებელი ფიგურა კალაძეა, ხოლო თუ ივანიშვილი ჩანაცვლებას შეეცდება, შეიძლება შიდა კრიზისი დაიწყოს. დანარჩენი - კობახიძე იქნება თუ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილის კრებსითი ერთეულები არიან. არა მგონია, კობახიძე ჩაანაცვლონ, მაგრამ რომც მოხდეს, ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ - უბრალოდ, სხვა ადამიანები ილაპარაკებენ იმავე სისულელეს, რასაც ესენი ლაპარაკობენ ივანიშვილის სახელით.

- რიგგარეშე არჩევნები თუ განმუხტავს კრიზისს? - რიგგარეშე არჩევნები არ უშველის კრიზისს, რადგან თავად სისტემაა მანკიერი და ისევ ხელისუფლება მოიგებს. სანამ არ ჩატარდება ისეთი არჩევნები, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს, მანამდე არაფერი დალაგდება.