მაგალითის ძალა - კვირის პალიტრა

მაგალითის ძალა

საქართველოში დემოკრატია მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს, როცა ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილების პრეცედენტი გვექნება. დღემდე ჩვენ ორი ხელისუფლება გვყავდა და ორივე ძალით დავამხვეთ.

ო, როგორ გვჭირდება ხელისუფლების ერთხელ მაინც არჩევნების გზით შეცვლა, რათა თავი შემდგარ, ნორმალურ, ევროპულ სახელმწიფოდ ვიგრძნოთ. თუ ასე დავსვამთ საკითხს: რა სჯობია, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და უფრო ცუდი ხელისუფლების მოსვლა, თუ არსებულის უცვლელად შენარჩუნება და მშვიდობიანი ცვლილების უვადოდ გადადება, ჩემი პასუხი ცალსახა იქნება: ცვლილება, თუნდაც უარესით.

არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პრეცედენტი იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მზად ვარ, დროებით უფრო ცუდი ხელისუფლებაც ავიტანო. დროებით იმიტომ, რომ თუ ეს მოხდება, შემდეგ უკეთესი ხელისუფლების არჩევაც აღარ იქნება პრობლემა. ეს სასარგებლო იქნება "ნაციონალური მოძრაობისთვისაც", რომელიც ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში არ უნდა დაიშალოს, როგორც თავის დროზე "მრგვალი მაგიდა" და "მოქალაქეთა კავშირი".

ეს სახელისუფლებო გაერთიანებები მაშინვე გაქრნენ, როგორც კი ხელისუფლება დაკარგეს. "ნაციონალური მოძრაობა" თუ ერთხელ დაკარგავს ხელისუფლებას და შემდეგ ისევ დაიბრუნებს მას არჩევნების გზით, გარწმუნებთ, სულ სხვა "ნაციონალური მოძრაობა" იქნება. ხელისუფლებას ისე აღარ მოებღაუჭება, როგორც ახლა.

ეცოდინება, რომ ხელისუფლების დაკარგვა დასასრულს სულაც არ ნიშნავს, ცხოვრება ამის შემდეგაც გრძელდება და ისევ არსებობს შანსი ხელისუფლებაში დაბრუნებისა.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ ჩემი ოცნებაა, რომელსაც დიდხანს ასრულება არ უწერია. ამისთვის დღეს არც "ნაციონალური მოძრაობა", არც მისი ლიდერი მზად არ არიან. სააკაშვილმა ამას წინათ ნათლად და გასაგებად განაცხადა, დღეს ბევრი ამბობს, რომ დემოკრატიის ნიშანი ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებაა.

ეს აბსურდული მსჯელობაა, რადგან, მაგალითად, იაპონიაში სამოცი წელი იყო სათავეში ერთი პარტია და დღეს არავის მოუვა თავში აზრად თქვას, იაპონია არადემოკრატიული სახელმწიფოაო. მაგალითს, მოგეხსენებათ, დიდი ძალა აქვს. სულ სხვაა მსჯელობის გასამყარებლად კონკრეტული მაგალითი რომ მოგყავს, თანაც დემოკრატიული სახელმწიფოს მაგალითი. აბა, ვინმე შეგედავოს! ეს არა მარტო სააკაშვილმა, არამედ პუტინმაც კარგად იცის.

როდესაც ჰკითხეს, ისევ იყრით თუ არა პრეზიდენტობაზე კენჭსო, პუტინმაც მაგალითით უპასუხა: რუზველტი ამერიკის პრეზიდენტი ოთხჯერ გახდა, ამიტომ ჩემს მესამედ გაპრეზიდენტებაშიც პრობლემას ვერ ვხედავო. აბა, ახლა მიედავოს ვინმე ბატონ პუტინს და უთხრას, რომ ამერიკა არადემოკრატიული სახელმწიფოა. აკი ვამბობ, მაგალითს დიდი ძალა აქვს-მეთქი. ჰოდა, ახლა მე მომედავოს ვინმე, რომ სააკაშვილი და პუტინი ერთი ტიპის პოლიტიკოსები არ არიან.

P.S. იმისთვის, რომ რუსეთს აჯობოს, სააკაშვილმა ჯერ საკუთარ თავში პუტინი უნდა დაამარცხოს.

"ძირს მაჟორიტარები!"

ოპოზიციამ  საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს თუ რამე უნდა მოითხოვოს,  პარლამენტში მაჟორიტარების რაოდენობის შემცირება ან მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებაა. მე ამ უკანასკნელ ვარიანტს ვემხრობი. მაჟორიტარულ არჩევნებს აზრი მაშინ ექნებოდა, ჩვენი პარლამენტი ორპალატიანი რომ ყოფილიყო. ქვედა პალატას პროპორციული წესით ავირჩევდით, ზედას - მაჟორიტარულით.

ახლა ერთი პალატა გვაქვს, მასაც შერეული სისტემით ვირჩევთ და ამიტომაც პარლამენტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას ზუსტად ვერ ასახავს. დღეს ასორმოცდაათკაციანი პარლამენტის ნახევარი პროპორციული წესით კომპლექტდება, ნახევარი - მაჟორიტარული წესით. მოგეხსენებათ, პროპორციულ არჩევნებში პარტიები მონაწილეობენ, მაჟორიტარულში - პიროვნებები.

პროპორციული არჩევნების შედეგად პარლამენტში ყველა ის პარტია შედის, რომელიც ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავს, ხოლო მაჟორიტარებში გამარჯვებულად მხოლოდ პირველ ადგილზე გასული ითვლება.

აქედან და არა მარტო აქედან გამომდინარე, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ყოველთვის ხელისუფლების კანდიდატს აქვს. ისე როგორ დაჩაჩანაკდება "ნაციონალური მოძრაობა", რომ მომავალ არჩევნებზე 75 მაჟორიტარიდან 50 მაინც არ გაიყვანოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროპორციულ არჩევნებში "ნაციონალურმა მოძრაობამ" თუნდაც 30% აიღოს, პარლამენტში უმრავლესობას მაინც გაიყვანს, საბოლოოდ, კი მივიღებთ ასეთ სურათს:

ის პარტია, რომელმაც ვერ მოიპოვა მოსახლეობის უმრავლესობის ნდობა, პარლამენტში მაინც უმრავლესობა ეყოლება. ვისაც უმრავლესობა ჰყავს, პრემიერ-მინისტრიც მისია. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მთელი პარლამენტი პროპორციული წესით ირჩევა. თუ "ნაციონალური მოძრაობა" პირველ ადგილზე გავა, მაგრამ 50%-ს ვერ მოაგროვებს, ვთქვათ, აიღებს 30-ს, 70% კი სხვა ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდება, ეს ნიშნავს, რომ ის ვერც პარლამენტში იქნება წარმოდგენილი უმრავლესობით.

ამიტომ ძნელად წარმოსადგენია, რომ "ნაცები" მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას დათანხმდნენ, მაგრამ ოპოზიციამ იმას მაინც უნდა მიაღწიოს, რომ მათი რიცხვი 50-მდე შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალ არჩევნებზე "ნაციონალურ მოძრაობას" არათუ უბრალო უმრავლესობის, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოგროვებაც არ გაუჭირდება.