"აფხაზები არ დაუშვებენ, სოხუმში არაბული ენის კურსები გაიხსნას" - კვირის პალიტრა

"აფხაზები არ დაუშვებენ, სოხუმში არაბული ენის კურსები გაიხსნას"

ოკუპირებული აფხაზეთი ისევ სირიელი ლტოლვილების მოლოდინშია

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ რუსულ მედიას განუცხადა, რომ აფხაზეთში 700-800 სირიელი ლტოლვილი მიიღეს და მათი ადაპტაციის გზებზე მსჯელობენ.

"იმ სირიელი ახალგაზრდების ნაწილი, ვინც ახლა აფხაზეთში ცხოვრობს, სოხუმის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას. სხვები სხვადასხვა სფეროში დასაქმდნენ. ზოგიც თვითდასაქმებულია - ვაჭრობს ან მიწათმოქმედებას მისდევს," - აცხადებს ხაჯიმბა.

"აფხაზებს მუსლიმი სირიელების გვერდით ცხოვრება არ სურთ!"

"კვირის პალიტრა" გაგრაში მცხოვრებ ქართველს ესაუბრა.

გული, 67 წლის: "25 წელია, მუდმივად საომარ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, მაგრამ ახლა რაც ხდება, ყველას აშინებს - ხალხს ვერ წარმოუდგენია სირიელების გვერდით ცხოვრება. რუსებმა ხელმძღვანელობას მათ მიერ მართული სირიელი და იორდანიელი რეპატრიანტების შესახლება შესთავაზეს და ყველამ იცის, რომ ეს პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც აფხაზების შევიწროებასა და განადგურებას ემსახურება. ხაჯიმბას ხელისუფლება რუსეთთან კეკლუცობს, ქულებს იწერს, ფინანსურ დახმარებას ელოდება, აფხაზებს კი მუსლიმი სირიელების გვერდით ცხოვრება არ სურთ! ქართველებს იხსენებენ - ყველაზე მშვიდად აფხაზეთი საბჭოთა კავშირის დროს ცხოვრობდა, ქართველებთან ერთად, მას შემდეგ სიმშვიდე და განვითარება არ გვღირსებიაო. ამდენი წელი ქართველების დაკეტილ სახლებს ლამის სიცოცხლის ფასად ინარჩუნებდნენ, რომ რუსებს ან სომხებს არ ეყიდათ..."

"ჩვენ მათთან ვერ გვექნება მშვიდობა!"

ვანდა კვარაცხელია, სოხუმელი აფხაზი: "პრეზიდენტი ტყუის, არც ერთ უწყებაში სირიელის დასაქმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ან სად უნდა დასაქმდნენ, არც აფხაზური იციან და არც - რუსული. მათ მენტალობა და ცხოვრების განსხვავებული წესი აქვთ... ამდენი წელია, სომხები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და მათი ინტეგრირებაც კი ვერ მოხდა. ძალიან უნდათ, ჩვენ წავიდეთ და ისინი დარჩნენ აქაურობის პატრონად... აქ ყოველ მეორე აფხაზს იარაღის არსენალი აქვს და ომგამოვლილი სირიელების მშვიდობისმოყვარეობის არავის სჯერა. ამ რეალობაში ვინმეს წარმოუდგენია ჩვენი ჰარმონიული თანაცხოვრება?! ისედაც ერთი მუჭა ვართ დარჩენილი და დღემდე ერთმანეთს ვხოცავთ, მით უფრო სირიელებთან ვერ გვექნება მშვიდობა!.. რამდენი სომეხი და რუსი ნახეს მოკლული? ბიზნესსფეროში ახლა ბურთი მათ მოედანზეა, რადგან ძლიერი ლობი ჰყავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სულ ასე იქნება. იმედია, მალე ყველაფერი შეიცვლება. ისედაც მხოლოდ ასანთის გაკვრა უნდა ამ უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობას. როდის ნახა ხაჯიმბამ, რომ სირიელი ლტოლვილი მანდარინს კრეფდეს ან სიმინდი მოჰყავდეს?"

"აფხაზები არ დაუშვებენ, სოხუმში არაბული ენის კურსები გაიხსნას"

გასული წლის ზაფხულში ე.წ. რეპატრიაციის მინისტრი ბესლან დბარი აცხადებდა, რომ მათ მუჰაჯირები აფხაზეთში უნდა დააბრუნონ და ეს წინაპრების გზის ღირსეული გაგრძელება იქნება. მათი ჩასახლება გალისა და ფსოუს მხარეს იგეგმებოდა, თუმცა ეს პროექტი ჯერჯერობით არ დაწყებულა. დბარის თქმით, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში აფხაზეთში ჩამოსასვლელად 155 მსურველი დარეგისტრირდა და მათი უმეტესობა იორდანიელია.

აფხაზური მედიის ცნობით, ოჩამჩირეში, ე.წ. მე-6 რაიონში, არის ორი კორპუსი, ერთი 20-ბინიანია, მეორე - 78-იანი. რაიონული ადმინისტრაცია მზად არის, ეს შენობები "სამინისტროს" ბალანსზე გადაიყვანოს და იქ სირიელები შეასახლოს, მაგრამ მოსახლეობა ამის უფლებას არ მისცემს, რადგან მათთვის კომპაქტურად ჩასახლებული ლტოლვილები პოტენციური საფრთხეა.

"5000 ადამიანის ჩასახლება შეიძლება ოჩამჩირის სოფელ აჩიგვარაშიც. საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, იქ სკოლებისა და ბაღების მშენებლობა უკვე დაწყებულია. 170 ბავშვი სასკოლო განათლებას მიიღებს, იქვე არსებულ შენობებში კი 100 ოჯახი დაბინავდება... მაგრამ აფხაზები პოზიციებს არ თმობენ. უკვე ითქვა, რომ არ დაუშვებენ, სოხუმში არაბული ენის კურსები გაიხსნას მაშინ, როდესაც აფხაზურად არავინ ლაპარაკობს და ენა ყოველდღიურად კვდება. ისინი მოითხოვენ, სირიელმა ლტოლვილებმა აფხაზური ან რუსული ისწავლონ... მნიშვნელოვანია რელიგიური განსხვავებაც - აფხაზების უმრავლესობა მართლმადიდებელია, სირიიდან ჩასულების აბსოლუტური უმრავლესობა კი - მუსლიმი," - წერს აფხაზური მედია.

"ეს რა ჩავიდინე?!"

ბოლო წლებში რამდენიმე სირიელი აფხაზი მართლაც ჩამოასახლეს, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ისინი ქუჩაშიც კი არ გამოდიოდნენ. ბევრმა აფხაზეთში ცხოვრება ვერ შეძლო და წავიდა... შარშან გუდაუთაში იყო შემთხვევა - ომგამოვლილი სირიელი სტრესს ვერ მოერია და თავი მოიკლა...

ტელეკომპანია "ალ ჯაზირასთან" ინტერვიუში დამასკოდან გამოქცეული ომარ შაქუჯი, რომელიც ოჯახთან ერთად აფხაზეთში ჩავიდა, ამბობს: "აფხაზეთი ჩემი ისტორიული სამშობლოა, ჩემმა წინაპრებმა აქაურობა მე-19 საუკუნეში დატოვეს და ფესვებს 2013 წლის 5 ივლისს დავუბრუნდი, აქ დაბრუნებული კი საკუთარ თავს ვეკითხებოდი: "ეს რა ჩავიდინე?"

ომს გამოქცეულები რუსეთის ხელისუფლებისა და უშიშროების სამსახურების დახმარებით, ორი ჩარტერული რეისით, ბეირუთიდან ჯერ სოჭში, შემდეგ კი აფხაზეთში ჩაგვიყვანეს. გვეგონა, იქ სიმშვიდეს ვიპოვიდით, რადგან აფხაზეთი ევროპა მეგონა, მაგრამ როდესაც ქუჩაში გამოვედით და გარშემო დაცხრილული, გადამწვარი და დანგრეული შენობები ვნახეთ, მივხვდი, რომ ერთი საომარი ზონიდან მეორეში მოვხვდი... არც რუსული ვიცოდით, არც აფხაზური. ეს იყო შეცდომა და წასვლაზე უნდა მეფიქრა".