"ზურაბიშვილისა და "ოცნების" კონფლიქტს არ გამოვრიცხავ, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ზურაბიშვილისა და "ოცნების" კონფლიქტს არ გამოვრიცხავ, მაგრამ..."

"გაზაფხულზე ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას ეცდებიან. იქნება თუ არა ეს პროტესტი პოლიტიკურად შედეგიანი, "ქართულ ოცნებაზე" იქნება დამოკიდებული"

"ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა," - ეს არის ამონარიდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპროგრამო სიტყვიდან, რომელიც თელავში, ბატონის სასახლეში გამართული ფიცის დადების ცერემონიაზე წარმოთქვა. "დღეიდან კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი," - განაცხადა მან. სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღე არა მხოლოდ საზეიმო, არამედ ხმაურიანიც გამოდგა.

გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე.

მამუკა არეშიძე

- დავიწყოთ ინაუგურაციის ბატონის სასახლის ნაწილით, რომელიც, ჩემი აზრით, იყო მართლაც უბრალო და ძალიან ლამაზი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოსის ჩათვლით. ვიცი, ბევრი ჩასაფრებული თვალი უყურებს ახალ პრეზიდენტს, მაგრამ მეეჭვება, ვინმეს მოეხერხებინა რაიმე უარყოფითი მხარის დანახვა. რაც შეეხება პრეზიდენტის სიტყვას, მრავალმხრივი და საინტერესო იყო. მან რამდენჯერმე აღნიშნა, რა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წინსვლისთვის ერის ერთიანობა და რომ ის ეცდება, იყოს ყველას პრეზიდენტი. მნიშვნელოვანი იყო ემიგრაციისადმი მიმართვა, იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ ის არის პირველი ემიგრანტების ნაკადიდან და პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავზე მან მართლაც შეკრა წრე, რითაც კვლავ მოხდა იმ ანტიიმპერიული განწყობების დემონსტრირება, რაც ემიგრაციის პირველ ტალღას ჰქონდა და რომლის წიაღშიც გაზრდილია სალომე ზურაბიშვილი. რუსული პოლიტიკის მიუღებლობა მას, შეიძლება ითქვას, აკვნიდან დაჰყვა.

ის იყო კორექტული რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ რაც სათქმელი იყო, თქვა. სწორად იყო შერჩეული შეიარაღებული ძალებისადმი მიმართვის ფორმა, ასევე - ვეტერანებთან დაკავშირებული სათქმელი.

მის მიერ დასმული გეოპოლიტიკური აქცენტებიც უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი მისი განცხადება კავკასიასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ საქართველო უნდა იქცეს კავკასიის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ცენტრად. ეს არის საქართველოს ფუნქციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ეს იყო საინტერესო გზავნილი როგორც შიდა, ისე გარე მოხმარებისთვის.

- რას ფიქრობთ ინაუგურაციის პარალელურად მიმდინარე საპროტესტო პროცესებზე? მოგეხსენებათ, "ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარშემო გაერთიანებულ რამდენიმე პარტიას არ მიეცა თელავში ჩასვლისა და იქ აქციის სრულფასოვნად გამართვის საშუალება... - მე ვიყავი ამ ინაუგურაციაზე მიწვეული და ვიცოდი მარშრუტი, როგორ უნდა მისულიყვნენ სტუმრები ბატონის სასახლემდე. ყველას თავი უნდა მოეყარა თელავის აეროპორტის სიახლოვეს. აქ იყო მობილიზებული ავტოტრანსპორტი, რომელიც წაიყვანდა სტუმრებს ბატონის სასახლეში. ვინც იცის თელავის გეოგრაფია, მიხვდება, რომ სწორედ ყვარლიდან შემოსასვლელი გზა გადის აეროპორტთან. არ ვიცი, შეიძლება ეს იყო ეშმაკობაც ხელისუფლებისა, რათა აქციის ჩატარებაში ხელი შეეშალათ, მაგრამ ლოგიკური იყო პოლიციის მოქმედება, როდესაც ისინი სთხოვდნენ აქციის მონაწილეებს, ყვარლიდან შესულიყვნენ ქალაქში და სთავაზობდნენ ტრანსპორტს გადაადგილებისთვის.

თუმცა, სავარაუდოდ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა აქციის აქციისთვის ჩატარება და გზიდანვე დაიწყო ვითარების გამწვავება. საინტერესოა, როგორ ჩავიდნენ გრიგოლ ვაშაძე და სხვები თელავში?

ალბათ, სწორედ ყვარლის გზით, მაგრამ ამავე დროს, მოაწყვეს ეს არეულობა.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას რომ მომხდარიყო ასეთი რამ - აქციის მონაწილეები თავს დასხმოდნენ პოლიციელთა მანქანებს, მინები ჩაემსხვრიათ ავტობუსებისთვის, ქვები დაეშინათ სამართალდამცავებისთვის... ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა პოლიცია?! ციხეში ჩაყრას არ აკმარებდნენ, ძვლებს დაულეწავდნენ და მიმდებარე სასაფლაოებზე დაყრიდნენ.

როცა გრიგოლ ვაშაძემ იკითხა, განა ესაა ჩვენი შექმნილი პოლიციაო? - გამეცინა, მართლაც არ ჰგავს ეს პოლიცია სააკაშვილის დროის პოლიტიკურ, სადამსჯელო პოლიციას. პირდაპირი ეთერით ვუყურებდით, რა მოთმინებით იტანდნენ თავდასხმას. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ პროცესების ესკალაციას ცდილობს.

- სიმართლე გითხრათ, არც მახსენდება საქართველოში პროტესტანტების ასეთი აგრესიული მოქცევა.. - რაც მეტად დაუთმობენ, უფრო მეტს გააკეთებენ.

ძალიან მძიმე განცხადებები მოვისმინეთ ნიკა მელიასა თუ გრიგოლ ვაშაძისგან. ხელისუფლების დამხობისკენ იყო მოწოდებები.

ინაუგურაციის წინ სააკაშვილმა მათ მისცა დავალება - ვითარების უკიდურესად გამწვავება. ამიტომაც არ მიიღო ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ამ აქციაში მონაწილეობა.

რადიკალიზმი და აგრესია მათი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ისინი ცდილობენ, უფრო გააღრმაონ საზოგადოებაში გაჩენილი ბზარები და მუდმივი დესტრუქციის პირობებში გვაცხოვრონ. გაზაფხულზე ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას ეცდებიან. იქნება თუ არა ეს პროტესტი პოლიტიკურად შედეგიანი, "ქართულ ოცნებაზე" იქნება დამოკიდებული.

- როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის ხუთ წელს - თქვენი აზრით, რით შევა მეოთხე პრეზიდენტი ქვეყნის ისტორიაში? - უპირველესად უნდა ითქვას, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის ფინალი განსხვავებულია დამოუკიდებელი საქართველოს სხვა პრეზიდენტების ფინალისგან - ზოგმა ვერ ამოწურა საპრეზიდენტო ვადა, ზოგს კი ქვეყნიდან გაქცევამ მოუწია. გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი ის არის პრეზიდენტი, რომელიც დაესწრო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. მან მშვიდად დაასრულა საპრეზიდენტო ვადა და გასაქცევადაც არ აქვს საქმე. მარგველაშვილმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე გადააბარა პრეზიდენტობა სალომე ზურაბიშვილს და ამის შემდეგ იცხოვრებს ამ ქვეყანაში ისე, რომ ქუჩაში გასვლის არ შეეშინდება.

მოკლედ, ამ თვალსაზრისით ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრეცედენტი შეიქმნა. მისი საქმიანობის ყველაზე დიდი ღირსება არის ის, რომ მარგველაშვილი ცდილობდა, მართლაც ყველას პრეზიდენტი ყოფილიყო, თუმცა პოლიტიკური გამოუცდელობისა თუ მართვის ბერკეტების არქონის გამო ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვა, რამაც მისი პრეზიდენტობის პერიოდის უფერულობა განაპირობა.

განსაკუთრებული გარღვევა, ისეთი ნაბიჯები, რაც შთამომავლობას დარჩება, მარგველაშვილს არ ჰქონია. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ის მიზანმიმართულად, ხელოვნურადაც კი ართულებდა ურთიერთობას ხელისუფლების სხვა შტოებთან, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაც გვარიანად სცოდავდა.

ისე ჩანდა, რომ მარგველაშვილს უფრო ეიოლებოდა ხელისუფლებასთან ურთიერთობა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რაც ასევე არასწორი მგონია.

ნეგატიური მოვლენა იყო ისიც, რომ გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნოდ ნათქვამ სიტყვას გადავიდა და ავლაბრის სასახლეში შევიდა. ბევრ კითხვას აჩენდა შეწყალების თემაც. მისი მეტისმეტი ჰუმანურობა როგორც საზოგადოდ, ისე - ნათესავების მიმართ, საზოგადოებამ მკვეთრად უარყოფითად აღიქვა.

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პოზიტიური მხარეა ისიც, რომ მან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე და ხელისუფლების სხვა შტოებთან მისი ოპონირება ქვეყნის დემოკრატიულობის იმიჯს მხოლოდ წაადგა, მაგრამ ამასთანავე, მან საგარეო ურთიერთობათა განსაკუთრებული სისტემის შექმნას - რაც ევალებოდა - თავი ვერ გაართვა. ეს მნიშვნელოვანწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ მთავრობასთან არ იყო სათანადო კოორდინაცია, რაშიც მთავრობაც იყო დამნაშავე, თუმცა მოქნილი და გამოცდილი, დიპლომატიური ნიჭით გამორჩეული პოლიტიკოსი, ალბათ, სხვანაირად მოიქცეოდა და ამ ყველაფრის დარეგულირებას ეცდებოდა ისე, რომ ქვეყნის ინტერესები მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო.

ძალიან მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, რომელსაც მარგველაშვილმა თავისი კვალი ვერ დააჩნია. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მხოლოდ მარგველაშვილი ვერ მოაგვარებდა, მაგრამ პოლიტიკოსი ხომ იმ არაორდინარული გადაწყვეტილებებით ფასდება, რასაც ქვეყნისთვის შედეგი მოაქვს და ისტორიას რჩება. ასეთი ნაბიჯების გადადგმა მარგველაშვილმა ვერ მოახერხა.

- ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი იყო კარგი ადამიანი-პრეზიდენტი, მაგრამ არცთუ კარგი პოლიტიკოსი-პრეზიდენტიო. როგორც ვხვდები, თქვენც ამ აზრის ხართ... - დიახ, ჩემი აზრითაც ასეა. მარგველაშვილს პიროვნული თვისებები, განათლება, კულტურა მართლაც გამოარჩევს, მაგრამ შედეგიანი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის მარტო ეს არ აღმოჩნდა საკმარისი.

- არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს, შესაძლოა, მარგველაშვილზე მეტი პრობლემა შეუქმნას... მოახერხებს კი ის, იყოს მართლაც დამოუკიდებელი პრეზიდენტი? - ჩემი აზრით, მოახერხებს, მეტიც, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ზედმეტად დამოუკიდებელიც კი იყოს. მისი პრეზიდენტობისგან უპირველესად იმას ველი, რაც ასე აკლდა მარგველაშვილს, ანუ არაორდინარული ნაბიჯების გადადგმას, რაც ვითარებას შეცვლის. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის უფლებები უკიდურესად შეზღუდულია, მას აქვს საშუალება, საგარეო მიმართულებით იყოს აქტიური და გამოიჩინოს ინიციატივა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება. სალომეს მსგავსი დიპლომატიური გამოცდილება საქართველოში ბევრს არა აქვს. გარდა ამისა, ძალიან კარგი პრეცედენტია სალომეს ფაქტორი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, როგორც პირველი ტალღის, ისე თანამედროვე ემიგრაციის წარმომადგენლებისთვის.

საინტერესოა, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში იყო რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც პრეზიდენტები ემიგრაციული წარსულის ადამიანები გახდნენ. ვფიქრობ, ამან ძალიან კარგი გავლენა მოახდინა ამ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სალომეს დარი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება ემიგრაციიდან მოსულ იქაურ პრეზიდენტებს არ ჰქონიათ.

სალომე ზურაბიშვილის კავშირებისა და გამოცდილების გამოყენებამ, ვფიქრობ, მისი პრეზიდენტობისას ბევრი დადებითი შედეგი უნდა მოიტანოს.

რაც შეეხება კონფრონტაციას "ქართულ ოცნებასთან", ამგვარ კონფლიქტებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ იმედი მაქვს, ეს იქნება საქმიანი ურთიერთობის თანამდევი და არ იქცევა მიზანმიმართულ პროცესად, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.

- საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ არჩევნების შემდეგ სერიოზულად გადახედავდა საკადრო პოლიტიკას და მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებდა. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში ისმის ვარაუდები საკადრო გადაადგილებების თაობაზე, "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ცვლილებებს კატეგორიულად გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ამგვარი რამ არ იგეგმება... - ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს ერთი თვისება - ის ზოგჯერ ძალიან მკაცრია წესრიგის დამრღვევი თანამებრძოლების მიმართ, რაც მათთვის მძიმედ მთავრდება ხოლმე, მაგრამ ზოგჯერ უცნაურად იცის წაყრუება.

არ ვიცი, ასე რატომ ხდება, მაგრამ ის, რომ საკადრო ცვლილებები იგეგმება, ჩემთვისაც ცნობილია. თუმცა მთავარი მაინც არა პერსონალიების შეცვლა, არამედ სისტემური ცვლილებებია, მაგალითად, ავიღოთ შიდა რეგიონული პოლიტიკა საქართველოში... თვითმმართველობასთან დაკავშირებული მიდგომები თუ არ შეიცვალა, არაფერს ექნება აზრი, ერთი კორუმპირებული უსაქმური წავა და მის ადგილას სხვა მოვა. დღეს რეგიონებში კატასტროფული ვითარებაა როგორც ადმინისტრაციული მართვის, ასევე "ქართული ოცნების" პარტიული სტრუქტურის თვალსაზრისით. ვხედავთ გუბერნატორებს, რომელთაც გარდა იმისა, რომ უკიდურესად შეზღუდული უფლებები აქვთ და ლამის სრულად დაკარგეს ფუნქცია, არც აინტერესებთ საქმის კეთება და ეს თანამდებობა მათთვის უფრო მაღალ სავარძელში გადასახტომ ტრამპლინად იქცა. ბიძინა ივანიშვილი გვყავს მუნიციპალიტეტების მერები, რომელთაც საკუთარ მუნიციპალიტეტებში ხალხი არ იცნობს. ადგილებზე ადმინისტრაციულ ხელმძღვანელებს საზოგადოებასთან, ფაქტობრივად, კავშირი არ აქვთ. რეგიონებში გამეფებულ კორუფციაზე აღარაფერს ვამბობ.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, უსაქმურებთან ერთად, ძალიან დიდ პრობლემას ქმნიან პორტირებული წევრები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან "ქართულ ოცნებაში", რომ როგორმე ხვალინდელი დღე გაიუმჯობესონ და არა იმიტომ, რომ საზოგადოებას ემსახურონ. ეს პრობლემა პირველი ტურის შემდეგ, წესით, კარგად დაინახა "ქართულმა ოცნებამ", დაინახა ცვლილებების აუცილებლობაც, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ჯერჯერობით არ ჩქარობენ, არადა, საზოგადოება მნიშვნელოვან ნაბიჯებს ელის.

დეკემბრის ბოლოს კონტურები მაინც უნდა გამოჩნდეს იმისა, თუ რა მიმართულებით გეგმავს ივანიშვილი სიახლეებს როგორც საკადრო, ისე ინსტიტუციური თვალსაზრისით. "ქართულ ოცნებას" ბევრი დრო არ დარჩა, ფაქტობრივად, კარს არის მომდგარი 2020 წლის არჩევნები და იმედია, ხვდებიან, რომ დროის დაკარგვის ფუფუნება აღარ აქვთ.

ჩემი ინფორმაციით, გუნდში რამდენიმე საკადრო ცვლილება უკვე გადაწყვეტილია, მათ შორის - რამდენიმე მინისტრისა და გუბერნატორის. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ბახტაძის გახარიათი ჩანაცვლების თაობაზე, თუმცა ეს სრულიად ალოგიკური მგონია. ბახტაძეს ბევრი გეგმა აქვს და მას აუცილებლად უნდა დააცადონ.

ბარემ აქვე ვიტყვი - ბოლო ხანს მაია ცქიტიშვილს საყვედურობენ, რომ თურმე თავის საქმეს ვერ აუდის, მაგრამ ეს ურთულესი უწყებაა, ეს არის სამინისტრო-მონსტრი, რომელში გაერთიანებულია ორი ურთულესი მიმართულება - ინფრასტრუქტურა და ადგილობრივი მმართველობა. ვერ აუვა ამ ყველაფერს ერთი ადამიანი, მით უფრო შესყიდვების ისეთი წესის ფონზე, როგორიც ჩვენ გვაქვს.

ეს ტენდერები იქცა კორუფციის ბუდედ, თანაც გადაწყვეტილების მიღებისას ყოვლად მოუქნელია. მაია ცქიტიშვილის წინამორბედის კი არა, იმის წინამორბედისას დაწყებული პროექტებია შეჩერებული, ზოგ შემთხვევაში ტექნიკური მიზეზით, ზოგჯერაც - მოუქნელი კანონის გამო. ვურჩევდი ხელისუფლებას, გადახედოს შესყიდვების კანონს. შეიძლება ნემსის შესყიდვის გამო თვეობით გრძელდებოდეს ტენდერები?!

აქვე აღვნიშნავ, რომ "კვირის პალიტრა" ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა, როდესაც ხელისუფლებას ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა შესთავაზა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.

- გასულ კვირას მოწმენი გავხდით პარლამენტში ცხარე დაპირისპირების, რომლის მთავარი გმირები იყვნენ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ნიკა მელია... - დავიწყოთ იმით, რომ რაც პარლამენტში მოხდა - ეს აურზაური და შეხლა-შემოხლა - უმსგავსობაა და დასაგმობია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნიკა მელია თვალსა და ხელს შუა ჩამოყალიბდა მაღალი კლასის პროვოკატორად, რომელიც იმიტომ არის პარლამენტში, რომ ამგვარი პროვოკაციები მოაწყოს. თავის დროზე მოახერხა და პროვოკაციაზე წამოაგო იმჟამინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც.