ინაუგურაცია მუშტიკრივიზაცია - კვირის პალიტრა

ინაუგურაცია მუშტიკრივიზაცია

სარკოზი ახლა ზურაბიშვილს გულშემატკივრობს

პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი.

ნიკოლა სარკოზი პრეზიდენტის რანგში საქართველოს არაერთხელ ეწვია, მათ შორის - 2008 წლის 12 აგვისტოსაც, როდესაც უკრაინის, ლიეტუვას, პოლონეთისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად რუსთაველზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა. ნიკოლა სარკოზი საქართველოს იმავე წლის 12 ოქტომბერსაც ესტუმრა და კვლავ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთსა და საქართველოს შორის.

პრეზიდენტს დედოფალმა ელისაბედმა მიულოცა

"მინდა, გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას", - ნათქვამია დედოფალ ელისაბედ მეორის მისალოც წერილში.

პრეზიდენტის ფიცი

თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო. წითელ ხალიჩასთან ის შვილებმა, თეიმურაზ და ქეთევან გორჯესტანებმა მიაცილეს. პირველი ქალი პრეზიდენტი ინაუგურაციაზე საქართველოს დროშის ფერების სამოსით წარდგა. ცერემონიაში მონაწილეობდა მსოფლიოს 55 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი. მათ შორის იყვნენ მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე - 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი...

ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს. პირველად ქვეყნის ისტორიაში ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ინაუგურაციაზე ერთად იდგნენ.

ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დასწრებია. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ მას დედა გარდაეცვალა.

ველისციხური ვნებანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხესთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სამართალდამცველები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ოპოზიციის კოლონამ, რომელიც თელავისკენ მიდიოდა, ავტობუსებით ჩახერგილი გზის გამო გზა ვეღარ გააგრძელა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის უფროსი თემურ კუპატაძე მივიდა და სცადა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებისთვის აეხსნა, რომ გზა უსაფრთხოების გამო იყო ჩაკეტილი და თელავში ჩასასვლელად ყვარლის გზით შეეძლოთ წასვლა, რამაც ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია გააღიზიანა და კუპატაძეს უნამუსო და კორუმპირებული უწოდა. მელიას არც კუპატაძე ჩამორჩა და ის პროვოკატორად მონათლა. მათ შორის შელაპარაკებას გაწევ-გამოწევა და ძიძგილაობა მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენელი კობა ხაბაზი პროტესტის ნიშნად სატვირთო მანქანის წინ, ბორბლებთან წამოწვა, პატრულის მანქანაზე შემხტარი "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალბატონი კი ფეხების ბრახუნით მანქანის დაზიანებას ცდილობდა და სამართალდამცავებს დასძახოდა: "სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"

წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად შვიდი პოლიციელი და აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

ნიკა მელიასა და თემურ კუპატაძეს შორის შელაპარაკებას გაწევ-გამოწევა და ძიძგილაობა მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენელი კობა ხაბაზი პროტესტის ნიშნად სატვირთო მანქანის წინ, ბორბლებთან წამოწვა, პატრულის მანქანაზე შემხტარი "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალბატონი კი ფეხების ბრახუნით მანქანის დაზიანებას ცდილობდა და სამართალდამცავებს დასძახოდა: "სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები!"