"ქართულ ოცნებასთან" ზურაბიშვილის კონფლიქტებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ..." - პარიზელი პრეზიდენტი კავკასიური აქცენტებით - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებასთან" ზურაბიშვილის კონფლიქტებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ..." - პარიზელი პრეზიდენტი კავკასიური აქცენტებით

16 დეკემბერს, თელავში, "ბატონის სასახლეში" სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო.

"ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა," - ეს არის ამონარიდი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საპროგრამო სიტყვიდან, რომელიც თელავში, ბატონის სასახლეში გამართული ფიცის დადების ცერემონიაზე წარმოთქვა. ინაუგურაცია და პრეზიდენტის სიტყვა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა

მამუკა არეშიძემ შეაფასა. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

- დავიწყოთ ინაუგურაციის ბატონის სასახლის ნაწილით, რომელიც, ჩემი აზრით, იყო მართლაც უბრალო და ძალიან ლამაზი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოსის ჩათვლით. ვიცი, ბევრი ჩასაფრებული თვალი უყურებს ახალ პრეზიდენტს, მაგრამ მეეჭვება, ვინმეს მოეხერხებინა რაიმე უარყოფითი მხარის დანახვა. რაც შეეხება პრეზიდენტის სიტყვას, მრავალმხრივი და საინტერესო იყო. მან რამდენჯერმე აღნიშნა, რა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წინსვლისთვის ერის ერთიანობა და რომ ის ეცდება, იყოს ყველას პრეზიდენტი. მნიშვნელოვანი იყო ემიგრაციისადმი მიმართვა, იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ ის არის პირველი ემიგრანტების ნაკადიდან და პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავზე მან მართლაც შეკრა წრე, რითაც კვლავ მოხდა იმ ანტიიმპერიული განწყობების დემონსტრირება, რაც ემიგრაციის პირველ ტალღას ჰქონდა და რომლის წიაღშიც გაზრდილია სალომე ზურაბიშვილი. რუსული პოლიტიკის მიუღებლობა მას, შეიძლება ითქვას, აკვნიდან დაჰყვა.

ის იყო კორექტული რუსეთთან დაკავშირებით, მაგრამ რაც სათქმელი იყო, თქვა. სწორად იყო შერჩეული შეიარაღებული ძალებისადმი მიმართვის ფორმა, ასევე - ვეტერანებთან დაკავშირებული სათქმელი.

ისტორიული ფოტოს - პრეზიდენტების შეხვედრა ინაუგურაციაზე

მის მიერ დასმული გეოპოლიტიკური აქცენტებიც უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით კი მისი განცხადება კავკასიასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ საქართველო უნდა იქცეს კავკასიის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ცენტრად. ეს არის საქართველოს ფუნქციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ეს იყო საინტერესო გზავნილი როგორც შიდა, ისე გარე მოხმარებისთვის.

- არაერთი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს, შესაძლოა, მარგველაშვილზე მეტი პრობლემა შეუქმნას... მოახერხებს კი ის, იყოს მართლაც დამოუკიდებელი პრეზიდენტი?

- ჩემი აზრით, მოახერხებს, მეტიც, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ზედმეტად დამოუკიდებელიც კი იყოს. მისი პრეზიდენტობისგან უპირველესად იმას ველი, რაც ასე აკლდა მარგველაშვილს, ანუ არაორდინარული ნაბიჯების გადადგმას, რაც ვითარებას შეცვლის. იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის უფლებები უკიდურესად შეზღუდულია, მას აქვს საშუალება, საგარეო მიმართულებით იყოს აქტიური და გამოიჩინოს ინიციატივა, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება. სალომეს მსგავსი დიპლომატიური გამოცდილება საქართველოში ბევრს არა აქვს. გარდა ამისა, ძალიან კარგი პრეცედენტია სალომეს ფაქტორი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, როგორც პირველი ტალღის, ისე თანამედროვე ემიგრაციის წარმომადგენლებისთვის.

სალომე ზურაბიშვილი და კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე

საინტერესოა, რომ ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში იყო რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც პრეზიდენტები ემიგრაციული წარსულის ადამიანები გახდნენ. ვფიქრობ, ამან ძალიან კარგი გავლენა მოახდინა ამ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სალომეს დარი პოლიტიკური და დიპლომატიური გამოცდილება ემიგრაციიდან მოსულ იქაურ პრეზიდენტებს არ ჰქონიათ.

სალომე ზურაბიშვილის კავშირებისა და გამოცდილების გამოყენებამ, ვფიქრობ, მისი პრეზიდენტობისას ბევრი დადებითი შედეგი უნდა მოიტანოს.

რაც შეეხება კონფრონტაციას "ქართულ ოცნებასთან", ამგვარ კონფლიქტებს არ გამოვრიცხავ, მაგრამ იმედი მაქვს, ეს იქნება საქმიანი ურთიერთობის თანამდევი და არ იქცევა მიზანმიმართულ პროცესად, რომელიც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: ელეგანტური მაკა ჩიჩუა, ქეთი დოლიძე და ინაუგურაციის სხვა სტუმრები - საინტერესო კადრები ბატონის სასახლიდან