"მე არ ვიყავი ინაუგურაციაზე მიწვეული...ბატონებო, ეს ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე ალიყური“ - კვირის პალიტრა

"მე არ ვიყავი ინაუგურაციაზე მიწვეული...ბატონებო, ეს ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე ალიყური“

მე არ ვიყავი ინაუგურაციაზე მიწვეული და რომც ვყოფილიყავი მიწვეული, მაინც არ მივიდოდი, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამაზე მეტად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიწვეული არ იყო დამოუკიდებლობის საიუბილეო ღონისძიებაზე

„უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის საიუბილეო ღონისძიებაზე არ ვიყავი მიწვეული. ამის შემდეგ ვფიქრობ, უხერხულია ამ ხელისუფლებამ ისაუბროს ან დემოკრატიაზე ან მემკვიდრეობითობაზე, ან თავიუფალ სიტყვაზე და მის გამოხატვაზე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტის ინაუგურაციას სამარცხვინოს უწოდებს და აცხადებს, სანამ ქვეყანას არ ეყოლება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, მივიღებთ უპატივცემულობას მეზობელი, თუ ყველა სხვა სახელმწიფოსგან.

„ინაუგურაციის ცერემონია იყო სამარცხვინო. ეს არ იყო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად კურთხევა. ჯერ ერთი, სამარცხვინო იყო იმის გამო, რომ ვერ გაბედეს დედაქალაში ინაუგურაციის ჩატარება და ამის გამო საგანგებოდ შეცვალეს კანონი. მე, რა თქმა უნდა, პატივისცემას ვუდასტურებ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩამოვიდა, მაგრამ უმეტესობა არ იყო მაღალი რანგის სტუმარი. ჯერ ერთი შეზღუდული უფლება-მოსილების პრეზიდენტი გვყავს თუ არა შეზღუდული, ის იყო ფორმალურად, მაგრამ მაინც საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი. უკრაინიდანაც კი, რომელიც არის ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამ ქვეყნიდან ჩამოვიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილე. ევროკავშირიდან ყველა ვინც ჩამოვიდა, იყო მხოლოდ ყოფილი თანამდებობის პირი და არცერთი მოქმედი. ბატონებო, ეს ცოტა უფრო მეტი იყო, ვიდრე ალიყური“. -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

აღნიშნულ კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"