"ვშიშობდი, აფხაზების საჯიჯგნად არ დავეტოვებინეთ" - კვირის პალიტრა

"ვშიშობდი, აფხაზების საჯიჯგნად არ დავეტოვებინეთ"

"ომის დროს ზოგჯერ გმირიც,  საერთო პანიკის გამო, კურდღლად გადაიქცევა ხოლმე"

როგორ დაიწყო აფხაზეთის ომი, ვინ რისთვის და როგორ იბრძოდა, როგორ დავტოვეთ სოხუმი და როგორი იყო  წამებისა და გადარჩენის გზა სვანეთის გავლით, - ამ თემებზე საინტერესო ცნობებს პოლიციის გენერალ-მაიორის დავით ზეიკიძის ჩანაწერები ინახავს:

-1993 წლის 14-16 სექტემბერს დედაქალაქში განგაში ატყდა. თბილისელები ჭადრაკის სასახლეში შეიკრიბნენ, რათა აფხაზეთში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად გზა მოეძებნათ. გადაწყდა, "სახალხო ლაშქარი" ჩამოყალიბებულიყო. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში პოლიცია გულხელდაკრეფილი ვერ იქნებოდა.

სოხუმში ბატონ ედუარდ შევარდნაძეს დავურეკე, თბილისში სახალხო ლაშქარი იქმნება. თუ საჭიროა, მეც შემოგიერთდებით ჩემი თანამშრომლებით-მეთქი. კარგი იქნება, მაგრამ თბილისი გაშიშვლებული არ დატოვო, ას პოლიციელზე მეტი არ დაგვჭირდებაო... 17 სექტემბერს, დილის 4 საათზე 235 პოლიციელით სოხუმის აეროპორტში ვიყავი. პირველ ქართულ სკოლაში დავბანაკდით.

აფხაზეთის ავტონომიის შს მინისტრი დავით გულუა გენერალ გენო ადამიას ჩვენი დისლოკაციის ადგილზე რომ ესაუბრებოდა, მოულოდნელად სახე შეეცვალა. ვკითხე, რა, ძალიან ცუდ ადგილას გვიშვებენ-მეთქი? დავით გულუამ პირდაპირ არ მითხრა, რომ სახიფათო ფრონტის ხაზზე მოგვიწევდა ბრძოლა. ვინც ჩამოდის, თავიდან ყველა ვაჟკაცობაზე დებს თავს, მერე კი პოზიციებიდან კურდღლებივით გარბიანო.

ერთ საათში ავტობუსით იაშტულისკენ დავიძარით. ინტენსიური ცეცხლის გამო ავტობუსით სოფლამდე ვერ მივედით. იძულებული გავხდი, პოლიციელები პოზიციებამდე პატარ-პატარა ჯგუფებად, გადარბენით გადამეყვანა. იაშტულელებმა მითხრეს, თქვენამდე ჩვენს დასაცავად ბევრი მოსულა, მაგრამ ყველა გარბისო. რელიეფი საბრძოლველად მოუხერხებელი, რთული იყო.

ძალიან გვაკლდა მძიმე ტექნიკა და არტილერია, მაგრამ ყველაზე სავალალო ზოგიერთი ხელმძღვანელის არაკომპეტენტურობა იყო. ამას თან სდევდა უდისციპლინობა, რაც ქაოსს ქმნიდა. შტაბიდან ხშირად გაუაზრებელი ბრძანებები მოგვდიოდა.

ერთხელ, როდესაც აფხაზების არტილერიის შემოტევის გამო დამხმარე ძალას ვთხოვდი შტაბს, მაცნემ იაშტულის დაკავების განკარგულება გადმომცა! მარცხენა ფლანგიდან მეომრები გამორბოდნენ, მარჯვენა ფლანგიც უკან იხევდა და ასეთ დროს წინ წასვლას მავალებდნენ! მაშინ კი ამევსო მოთმინების ფიალა.

მაცნეს ვუთხარი, შტაბს გადაეცი, მზად ვართ თავი საქართველოს ერთიანობას შევწიროთ, მაგრამ არა ზოგიერთი უტვინო მეთაურის ბრძანების შესრულებას. თან ეჭვმა გამკრა, ნეტავ ვინმეს პოლიციელების ალყაში მოქცევა და განადგურება ხომ არ უნდა-მეთქი, აბა, სხვა რა უნდა მეფიქრა?

რადგან მარცხენა ფლანგი გაქცული იყო, გადავწყვიტე, მარჯვენა ფლანგი აღმედგინა და ადგილობრივი მებრძოლების დასახმარებლად გავემართეთ, მაგრამ მოულოდნელად შუა გზაზე პოლიციელებმა გზიდან გადაუხვიეს და უკან მოუხედავად გაიქცნენ. როგორც იქნა, დავით გულუას დახმარებით, გაქცეული პოლიციელები შევკრიბეთ და სოხუმის შესასვლელი საგულდაგულოდ გადავკეტეთ.

სამ დღეს გვიშენდნენ ჭურვებს. პოლიცია თავგანწირული იგერიებდა შემოტევას. ომის დროს ზოგჯერ გმირიც, საერთო პანიკის გამო, კურდღლად გადაიქცევა ხოლმე. მეომრების ერთი ჯგუფი, რომელიც ვაჟკაცობით აფხაზებს აოცებდა, უცებ პოზიციებიდან მოიხსნა და დაუმორჩილებლობა გამოაცხადა. ამის მიზეზი კი ცრუდაპირება იყო, მძიმე ტექნიკით დაგეხმარებითო... გადავწყვიტე, მეომრები პირადი მაგალითით გამემხნევებინა.

შენობიდან, სადაც შეშინებული პოლიციელები აფარებდნენ თავს, სკამი გამოვიტანე და აფხაზების არტილერიის ჭურვების წვიმაში შუა ეზოში დავჯექი, - თუ სიკვდილი არ მიწერია, ჭურვის ნამსხვრევიც არ მომხვდება-მეთქი. ჩემი თავგანწირვის შემხედვარე პოლიციელებს სტრესი მოეხსნათ, შიში დათრგუნეს და  შენობაში შეყუჟულები ეზოში გამოლაგდნენ.

აფხაზებს იმდენჯერ შეგვატოვეს მარტო, ეჭვი არ მასვენებდა, შეგნებულად ხომ არ გვღალატობენ-მეთქი. სოხუმში გვარდიამ ვაგზლის ტერიტორია მიატოვა, მიატოვეს სატელევიზიო ანძაც. ამის შემდეგ მაიმუნსაშენთან აფხაზები გამოჩნდნენ. საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით და ეს გენშტაბს ვაცნობეთ.

KvirisPalitra.Geგენშტაბის სხდომას მთავარსარდალი ედუარდ შევარდნაძე, თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი, "მხედრიონის" საპატიო თავმჯდომარე ჯაბა იოსელიანი, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, აფხაზეთის შს მინისტრი დავით გულუა, საქართველოს უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი, გენშტაბისა და მხედრიონის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

KvirisPalitra.Geსხდომაზე პირდაპირ ვთქვი, თუ ჩვენი მიმართულებით პოზიციები არ აღდგება და აფხაზებს პირისპირ ისევ მარტო შეგვატოვებთ, პოლიციას პოზიციებიდან მოვხსნი-მეთქი.

- რას ჰქვია, მოხსნი? მოხსნი და იცი, რას გიზამ? - სკამიდან წამოხტა ჯაბა იოსელიანი.

- ბატონო ჯაბა, დააკონკრეტეთ, რას მიზამთ?

- ღალატისთვის დაგხვრეტ.

- ვის დახვრეტ, შე... - ფეხზე წამოვვარდი და ვცადე მაგიდის მოპირდაპირე მხარეს ჯაბა იოსელიანს მივწვდომოდი. მაგიდა განიერი იყო და ვერ დავითრიე. ედუარდ შევარდნაძემ ხელები მომხვია და მეხვეწებოდა, დათო,  არ ქნა მაგი, არ ქნა მაგი, დაწყნარდიო.

- რა დამაწყნარებდა, ბოლო დროს აფხაზების შემოტევას მარტო პოლიცია აკავებდა, ამან კი მადლობის ნაცვლად დახვრეტა მომინდომა.

- დათო, ყველაფერი ვიცი, დაწყნარდი, - მითხრა შევარდნაძემ. მხარი დავით გულუამაც დამიჭირა, - ზეიკიძე მართალია, რაც პოლიციამ გააკეთა, დასაფასებელიაო. ამ დროს ოთახში კასპის ბატალიონის უფროსი ტარიელ შარიფაშვილი შემოვარდა ყვირილით, ვინ არიან ეს მხედრიონელები, ყელში ამომიყვანესო. ჯაბა შარიფაშვილს მიუბრუნდა, რა ხდებაო?

- თქვენმა ბიჭებმა გაგანია ბრძოლაში მტერს ორჯერ შეგვატოვეს.

- არა მგონია, ეგრე ყოფილიყოს, მაგრამ გავარკვევ, - უთხრა ჯაბამ.

ომის წაგების წინ არეულობა, პანიკა, ქაოსი გარდაუვალია, მაგრამ ყველამ ნერვები მოვთოკეთ და სოხუმის გადარჩენისთვის პოზიციების გასამაგრებლად შეთანხმებული ნაბიჯები გადავდგით. აფხაზების შემოტევის მოლოდინში ვიყავით. მოწინააღმდეგე კი არ ჩქარობდა. გაგრძელებულმა პაუზამ სიფხიზლე მოგვიდუნა. პოლიციელები პოზიციებზე გამოეფინენ. ბიჭებს დავუყვირე, პოზიციებზე დაბრუნდით-მეთქი. ისე შორს წასულიყვნენ, ხმა ვერ მივაწვდინე.

ახლოს გადავწყვიტე მისვლა და სწორედ ამ დროს ჩემს ახლოს ჭურვი გასკდა. ტალღამ დამაბზრიალა და ძირს დამანარცხა. რამდენჯერაც ვცადე წამოდგომა, იმდენჯერ წავიქეცი. მოსახმარებლად პოლიციელმა მოირბინა და ჩემს უსაფრთხო ადგილას გადაყვანას შეეცადა. ხელში აუტანელ  ტკივილს ვგრძნობდი, თითქოს მისკდებოდა. პოლიციელმა მითხრა, მარცხენა მკლავში დაჭრილი ხართო. საავადმყოფოში ჭრილობის გადასახვევად წამიყვანეს.

მსუბუქი კონტუზია მქონდა და გზაში პირღებინება დამეწყო. ყველა თბილისში დაბრუნებას მირჩევდა, მაგრამ ბატონ ედუარდს კატეგორიული უარი ვუთხარი. მითხრა, როცა შენ თბილისში ხარ, იქ მეტი წესრიგიაო. ბატონო ედუარდ, ცდებით, ბატონი ჯაბა რომ არ არის თბილისში, წესრიგიც იმიტომ არის-მეთქი. კარგი რა, დათო, თავი დამანებე, გეყოფაო, - გაბრაზდა იოსელიანი.

ჯაბა იოსელიანთან სამსახურებრივი მდგომარების გამო ხშირად მქონდა დაპირისპირება, მაგრამ ბოროტი არ იყო, არ უყვარდა წყენის გულში ჩადება, ჯენტლმენი იყო, რაც სიმპათიასაც კი იწვევდა კაცისადმი, რომელსაც უამრავი ნაკლი ჰქონდა.

ჯაბა იოსელიანი და გია ყარყარაშვილი ბევრს ეცადნენ, მაგრამ საჭირო ძალა ვერ შეკრიბეს. ყარყარაშვილი მზად იყო სიცოცხლე გაეწირა, მაგრამ უარმიოდ სარდალი რას იზამდა?

ომის დროს პოლიციელები "შტრაფნოი" ბატალიონივით ჰყავდათ. ისეთ დავალებებს გვაძლევდნენ, ჩვენი სიცოცხლე მუდამ ბეწვზე ეკიდა. ერთხელ პოლკოვნიკმა ნოდარ ლავრენტაშვილმა მითხრა, ვნანობ, სოხუმში შვილთან ერთად რომ წამოვედი საბრძოლველად. სოხუმიდან ჩვენი და სამხედრო პოლიციის გარდა ყველა გავიდა. მიგვატოვესო. ნოდარი მართალი აღმოჩნდა. გენშტაბის ადგილსამყოფელს ვერ მივაგენი.

სასწრაფოდ უკან უნდა დამეხია, მაგრამ ვისთან შემეთანხმებინა გადაწყვეტილება, როდესაც გენშტაბთან კავშირი გაწყვეტილი იყო? გადავწყვიტე, თბილისის პოლიცია აფხაზეთის სამხედრო პოლიციასთან შემეერთებინა. იქ ჩემი ყოფილი მოადგილე, გენერალი ბორია ივანოვი მეგულებოდა. ივანოვმა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის უფროსი პოლკოვნიკი სოსო ახალაია გამაცნო. მათი დახმარებით აღდგა კავშირი გენშტაბთან, რომელიც სოხუმის განაპირას განელაგებინათ.

გენშტაბის სხდომა პანაშვიდს ჰგავდა. სოხუმი, ფაქტობრივად, მიტოვებული იყო, ქალაქი მოსახლეობისგან იცლებოდა. მხოლოდ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა იყო საბჭოს შენობაში რამდენიმე მებრძოლით. ადამიანის უფლებათა დამცველმა სანდრო კავსაძემ პრინციპულად დააყენა მინისტრთა საბჭოს შენობიდან მისი გამოყვანის საკითხი.

ეს წინადადება ყველამ მივიღეთ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ ჟიული შარტავა ისევ საბჭოს შენობაში დააბრუნა  დაცვის გარეშე. თუ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სოხუმში იქნება, აფხაზები სოხუმს დაცემულად ვერ გამოაცხადებენო. შევარდნაძემ თავში მაშინ იტაცა ხელი, როდესაც ჟიული შარტავას დატყვევების ამბავი გავიგეთ. მის გამოსახსნელად ჯგუფი გაგზავნა, მაგრამ ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო.

შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ მთავარსარდალმა შარტავა შეგნებულად გაწირა, მაგრამ სოხუმში შექმნილი მდგომარეობიდან  გამომდინარე, აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მინისტრთა საბჭოს შენობაში დაცვის გარეშე დაბრუნებული ჟიული შარტავა თავს ვერ დაიცავდა.

ასეც მოხდა. ჟიული შარტავა, კაცი, რომელიც მთელი ცხოვრება პატიოსნად ემსახურა სამშობლოს, თანმხლებ პირებთან ერთად დახვრიტეს. მალე გენერალ გენო ადამიას დაღუპვის ცნობაც მოვიდა. თვითმხილველნი გვიყვებოდნენ, გმირულად შეაკლა თავი აფხაზებსო.

საშინელი მდგომარეობა შეიქნა. გენშტაბმა ფუნქციონირება თითქმის შეწყვიტა, მაგრამ ყველა შევარდნაძის საბოლოო სიტყვას ელოდა. ბატონი ედუარდი კი დაბნეული იყო, აღარ იცოდა, რა ეღონა.

თვალი ყველას გაქცევაზე ეჭირა. შევარდნაძის შტაბბინასთან და ცენტრალურ გზაზე პოლიციელები ჩავასაფრე სათვალთვალოდ. ვშიშობდი, აქედანაც არ გაგვპარვოდნენ და აფხაზების საჯიჯგნად არ დავეტოვებინეთ. ასეც იქნებოდა, მთავარსარდლის გაპარვა დროზე რომ არ გამეგო. ისევ შეგვატოვეს აფხაზებს. თუ არ ვიჩქარებდით, შეიძლებოდა სოხუმიდან ვეღარც გაგვესწრო.

დავიძარით, მაგრამ ცენტრალური გზა რამდენიმე მხედრიონელმა გადაგვიკეტა, - ჯაბა იოსელიანის ბრძანებაა, სოხუმიდან არავინ გაუშვათო. ქალაქში აღარავინ არის და ვინ არ უნდა გაატაროთ-მეთქი. ადგილზე  მანამ დავრჩით, სანამ არ გადაიღალნენ და ჩვენი ნათქვამი არ ირწმუნეს.

27 სექტემბერს სოფელ მაჭარაში სოხუმის სამხედრო პოლიციის ბაზაზე დავბანაკდით. ბორია ივანოვი რომ არა, პოლიციელები შიმშილით დამეხოცებოდნენ. ამ დროს გენშტაბის ბრძანება მივიღეთ, რომ სამხედრო პოლიციასთან ერთად თავდაცვითი სისტემა შეგვექმნა.

ვიღაცას (არ ვიცი, შეგნებულად თუ შეუგნებლად) ძალიან უნდოდა აფხაზეთში ჩვენი დატოვება. ბიჭებს ვუთხარი, სანამ მაჭარის ხიდიდან სვანეთისკენ უკანასკნელი ქართველი არ წავა, ფეხს ნუ მოვიცვლით-მეთქი.

აფხაზეთის ქართველები სვანეთის გავლით დაიძრნენ თბილისისაკენ. როდესაც დევნილთა უკანასკნელი ნაკადიც გავიდა, პოლიციელები პანიკამ მოიცვა. გენშტაბში მივედი და იქ აღარავინ დამხვდა. თვითმხილველთაგან შევიტყვეთ, რომ ედუარდ შევარდნაძე შს მინისტრ შოთა კვირაიასთან ერთად თბილისში გაფრენილა.

აფხაზეთის პროკურორ ანზორ ლაცუზბაიასთან ერთად მთელი ღამე ვარკვევდი, თბილისში დასაბრუნებლად სვანეთის გზა აგვერჩია თუ სამეგრელოსი, რომელსაც ლოთი ქობალია აკონტროლებდა. სვანეთის გზა ავირჩიეთ. საკენამდე მანქანით მივედით. გზაში სვანებმა გაგვაჩერეს და იარაღის წართმევა მომინდომეს.

- ბიჭებო,  რას ამბობთ, მაგას სიკვდილი მირჩევნია. არ გირჩევთ იარაღის წართმევას.

სვანებმა იარაღი შეაყენეს და ამან შიშის მაგივრად ღიმილი მომგვარა.

- სასაცილოს რას ხედავთ, ბატონო დათო?

- კარგია, რომ მიცანით. ალბათ, ისიც გეცოდინებათ, რომ იარაღს უსისხლოდ არ დავყრი. თქვენს უფროსს გადაეცით, თუ ჩემი დამცირება უნდა, თვითონ მოვიდეს. სვანები მიხვდნენ, რომ არაფერს დავთმობდი და გაგვატარეს. ჭუბერში თურმე  უარესი გველოდა. იქ გზა ქუთაისის პოლიციის უფროსმა ელგუჯა ბუცხრიკიძემ გადაგვიკეტა.

იოსელიანის ბრძანებაა, სოხუმის ასაღებად ახალი ძალა უნდა ჩამოვაყალიბოო, მაგრამ ნახევარ საათში ჯაბა ამალასთან ერთად შვეულმფრენით თბილისისკენ გაფრინდა და ბუცხრიკიძემაც მესტიისკენ გზა გახსნა. სანამ გამოვემგზავრებოდით, ერთმა სვანმა  გამაფრთხილა, თქვენი ლიკვიდაციისთვის ჯგუფია შექმნილიო და შემომთავაზა, მზად ვარ, უცნობი ბილიკებით მესტიაში გადაგიყვანოთო, მაგრამ ამ დროს ჭუბერის უხუცესების გადაწყვეტილებამ ყველაფერი შეცვალა. უხუცესებმა მტრად გამოაცხადეს ყველა სვანი, ვინც ჩემს განადგურებაში მიიღებდა მონაწილეობას.

სვანები არა მარტო ჩემს, არამედ თავიანთი კუთხის  ჩამოურეცხავი ლაქისაგან დაცვას ცდილობდნენ. გზა მესტიამდე გრძელი და დამღლელი აღმოჩნდა. მთის წვერზე რომ ავედით, ქვევით გზაზე მიმავალი ადამიანების თვალუწვდენელი ჯაჭვი დავინახე. ისე გადავიღალეთ, თავი არ გვქონდა, რომ გულწასულ მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს დავხმარებოდით.

სიარული ჩვენ გვიჭირდა და ისინი რა მდგომარეობაში იქნებოდნენ? გზის პირებზე უამრავი მკვდარი და გულწასული ადამიანი ეყარა. არასოდეს დამავიწყდება გამწარებული  მამის სახე, რომელიც 16 წლის გოგოს მოთქმით დასტიროდა.

მოთოვა. დევნილების მდგომარეობა დამძიმდა. უამრავი გზაში გაიყინა.

წვალებით ჩავაღწიეთ მესტიამდე, სადაც დევნილთა ევაკუაციის შტაბი შეექმნათ. ჩემმა გამოჩენამ შტაბის წევრები განაცვიფრა - მათთვის  ჩემი დაღუპვა ეცნობებინათ. სასწრაფოდ თბილისში დავრეკე, რომ ოჯახი დამემშვიდებინა. სანამ ტრანსპორტს ვიშოვიდით, მესტიის გამგებელმა ლია ცინდელიანმა გვიმასპინძლა.

თბილისში ლენტეხის გავლით ვიტალი ჯაფარიძის დახმარებით დავბრუნდით დამცირებული, თუმც ვალმოხდილი, რადგან აფხაზეთში იმაზე მეტი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო.

თბილისი კი ამოსაფრქვევად გამზადებულ ვულკანს ჰგავდა.

მარი ზანდუკელი

(გაგრძელება იქნება)