"თუ ივანიშვილი გაბედავს და პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს" - კვირის პალიტრა

"თუ ივანიშვილი გაბედავს და პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს"

აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას გაასმაგებული შემართებით. თუ ივანიშვილი მაინც გაბედავს, წაუცდება ხელი და პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს. ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან განუცხადა, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

მისივე განმარტებით, ასეთ პოლიტიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებას სასამართლოს ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი იღებს.

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს. ერთეული მოსამართლის გადასაწყვეტი ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები არ არის, რადგან სასამართლო არ ფუნქციონირებს, არ ხელმძღვანელობს კანონით, ის ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითებებით. ასე რომ, ეს იქნება მისი გადაწყვეტილება და მოვუწოდებთ, ქვეყანას ნუ შეიყვანს კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, ვიდრე აქამდე შეიყვანა საკუთარი უგუნური ნაბიჯებით", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამ მომენტისთვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლა დაასრულეს. ისინი სასამართლოში დავით კირკიტაძის გადმოყვანას ელოდებიან და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს არ იმსჯელებს, ღამეს აქ გაათევენ.

"ინტერპრესნიუსი"