"მათ აქვთ შანსი, რაც არ ჰქონიათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ მინისტრის პასუხები მოისმინონ ყველა კითხვაზე" - კვირის პალიტრა

"მათ აქვთ შანსი, რაც არ ჰქონიათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ მინისტრის პასუხები მოისმინონ ყველა კითხვაზე"

ნაკლებად მაქვს იმედი, მაგრამ ვისურვებდი, რომ მინისტრთან შეხვედრა იყოს შინაარსობრივი და არა პროვოკაციული გარემოს შემქმნელი ოპოზიციის მხრიდან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რითაც საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრ გიორგი გახარიას მისვლა შეაფასა.

მისი თქმით, მინისტრი მზადაა ყველა მნიშვნელოვან კითხვას გასცეს პასუხი.

"მინისტრს აქვს მზაობა ელაპარაკოს პარლამენტს ყველაფერზე, რაც არის აქტუალური, პრობლემური, რაზეც არის კითხვები. მე ნაკლებად მაქვს იმედი, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს იყოს საქმიანი და შინაარსობრივი და არა პროვოკაციული გარემოს შემქმნელი ოპოზიციის მხრიდან. მათ აქვთ შანსი, რაც არ ჰქონდათ მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რომ მინისტრის პასუხები მოესმინათ ყველა საინტერესო კითხვაზე პარლამენტში. ამიტომ ეს შესაძლებლობა უნდა იყოს შინაარსობრივად გამოყენებული, გააზრებულად იმისთვის, რომ იყოს საზოგადოებაც ინფორმირებული და პარლამენტიც საზედამხედველო საქმიანობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება პარლამენტში მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მისვლას, რომელსაც გახარიას გამოსვლაზე დასწრება სურს, ბესელიას თქმით, პარლმენტისთვის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე პრიორიტეტულია.

"პოლიტიკური ნება არსებობდა და არსებობს დღესაც და ყველა დონეზე გვაქვს მზაობა იმისა, რომ არავინ არავის ხელი არ დააფაროს და პირუთვნელი იყოს მართლმსაჯულება ამ საქმეში," - აღნიშნა ბესელიამ.