"პარლამენტში ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის" - კვირის პალიტრა

"პარლამენტში ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა კამერების წინ პოლიტიკური ცეკვებისთვის"

ჩემთვის არასოდეს ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა, ჩვენ არასდროს შეგვშინებია მწვავე დისკუსიების და მწვავე კითხვების, - ამის შესახებ პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, მას და მის უწყებას ყოველთვის ესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია.

"სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, რომ პასუხი გავცეთ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ მწვავე შეკითხვებს. აბსოლუტურად მზად ვართ დისკუსიისთვისაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები 2018 წელზე. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, რომ ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს, მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული, ძალზედ მოკლე და კონკრეტულ გეგმებზე ორიენტირებული მოხსენება. ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის. იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ დავამყაროთ დიალოგი, რათა გამოვავლინოთ რეალურად არსებული გამოწვევები როგორც სამინისტროს, ისე ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე“, - განაცხადა გახარიამ.