"კრიტიკულად შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი" - კვირის პალიტრა

"კრიტიკულად შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი"

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი კრიტიკულად შემცირდა და 2018 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე სამინისტროს თანამშრომლებს რეაგირება არ ჰქონიათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შს სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, ყველა სახის დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულების გამოვლენასთან დაკავშირებით, უწყებას გარკვეული მიღწევები აქვს.

"მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შესახებ, რომელიც შს სამინისტროში შეიქმნა. დღეის მდგომარეობით ჩვენ გარკვეული მიღწევები უკვე გვაქვს, რომელიც ძირითადად, ეხება ყველა სახის დისკრიმინაციის საფუძველზე ჩადენილი დანაშაულის, სენსიტიური დანაშაულების გამოვლენას. ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ კრიტიკულად შემცირდა ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი და 2018 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებში შს სამინისტროს თანამშრომლებისგან რეაგირება არ ყოფილა. მსგავს დანაშაულებში დისკრიმინაციის მოტივის გამოვლენა ორჯერ გაიზარდა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ხარისხს ზრდის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, 2019 წლის განმავლობაში ამუშავდება მექანიზმები, რომლებიც პრევენციისა და რისკის გაზომვის საშუალებას იძლევა.

"ამოქმედდება ელექტრონული სამაჯურები და რა თქმა უნდა, ცალკეა გამოსაყოფი არასრუწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული. აქაც საკმაოდ სერიოზული წარმატებები გვაქვს და რეალურად, ეს სტატისტიკაშიც აღინიშნება“, - აღნიშნა შს მინისტრმა.