"მეორედ მოსვლიდან" პირველ ქალ პრეზიდენტამდე დიდი რყევების გავლით - კვირის პალიტრა

"მეორედ მოსვლიდან" პირველ ქალ პრეზიდენტამდე დიდი რყევების გავლით

პრეზიდენტი წავიდა, გაუმარჯოს პრეზიდენტს!

კიდევ ერთი, საკმაოდ რთული და საინტერესო წელიწადი მიიწურა, რომელიც აუცილებლად შევა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში იმით, რომ ქვეყანასა და რეგიონშიც პირველად ავირჩიეთ ქალი პრეზიდენტი, თუმცა სალომე ზურაბიშვილსა და "ქართულ ოცნებას", რომელიც მისი მხარდამჭერი იყო, ეს ურთულეს წინასაარჩევნო კამპანიად დაუჯდათ.

გადავავლოთ თვალი 2018 წლის პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებს ჩვენი რუბრიკის პრიზმიდან:

რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში

გია ხუხაშვილი: - ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება რომ მოუწევდა, 2018 წლის დასაწყისშივე აშკარა იყო. პრობლემა ბევრი იყო, მაგრამ მთავარი, რამაც ბიძინა ივანიშვილს ეს ნაბიჯი გადაადგმევინა, მმართველობითი სისტემის კრიზისია. როგორც კი მკვებავი სხეული - ივანიშვილის რესურსი - დროებით ჩამოშორდა პოლიტიკურ პროცესებს, მაშინვე ვიხილეთ დაპირისპირების კასკადი უმრავლესობაში, პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის და ა.შ. პრობლემა ის არის, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს იდეოლოგია ან მსოფლმხედველობა კი არ აერთიანებს, არამედ ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი. ამ ყველაფერმა უკვე ისეთ სახიფათო ზღვარს მიაღწია, რომ შეიძლებოდა მალე პროცესი შეუქცევადი გამხდარიყო. ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იყო, არანაკლებ მძიმე, ვიდრე 2011 წელს, როცა ის პოლიტიკაში გამოჩნდა.

კარგია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა, წინააღმდეგ შემთხვევაში გველოდა არა მხოლოდ მმართველობითი სისტემის კრიზისი, არამედ სახელმწიფოებრივი არასტაბილურობის საფრთხეც. როდესაც მმართველ პოლიტიკურ ძალაში იწყება ქაოსი, ქვეყანაში კი არ არსებობს სხვა პოლიტიკური ცენტრები, რომელთაც შეუძლიათ პასუხისმგებლობის გადაბარება, უდიდესია საფრთხე, რომ პარტიის კრიზისი სახელმწიფოებრივში გადაიზარდოს. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს საფრთხე დაინახა.…

"კვირიკაშვილმა თქვა, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან..."

ვახტანგ ძაბირაძე: - მართალია, ითქვა, რომ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არასაკმარის ტემპს უკავშირდება, მაგრამ მე მაინც მოგონილი მიზეზი მგონია... თანამდებობიდან წასვლისას კვირიკაშვილმაც თქვა, რომ ფუნდამენტურ საკითხებზე უთანხმოება ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენად ღრმა იყო უთანხმოება... საინტერესოა, რაც ივანიშვილმა კვირიკაშვილზე თქვა, ის გადაწყვეტილებებს მხოლოდ ორ მინისტრთან ათანხმებდაო, მაგრამ ეს კვირიკაშვილის მართვის კი არა, საზოგადოდ, მართვის პრობლემებით იყო განპირობებული. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "ოცნების" კულუარებში ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი კვირიკაშვილს დაემდურა, ის იძულებული იყო, ეთანამშრომლა მის მოყვანილ ხალხთან, პირებთან, რომლებიც მას ემორჩილებოდნენ. დანარჩენი მინისტრები კვირიკაშვილს უკეთეს შემთხვევაში ზრდილობიანად უქნევდნენ თავს, მაგრამ ზურგს უკან იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ, ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, საჩივლელად ივანიშვილთან გარბოდა - ანუ მათ ჰქონდათ პირველი პირის გადაწყვეტილების ივანიშვილთან გასაჩივრების საშუალება. ერთიც, ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი წინა შედეგებთან შედარებით წარმატებული აღმოჩნდა და ბუნებრივია, გაჩნდა კითხვა: თუ კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერი იყო, რატომ გაუშვეს? ამაზე ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს თურმე კვირიკაშვილის დამსახურება ნაკლებად არის და ამაში ლომის წილი იმჟამინდელ ფინანსთა მინისტრსა და ახლანდელ პრემიერ მამუკა ბახტაძეს უძევს. ივანიშვილის თქმით, ისე გამოვიდა, რაც კი რამ ცუდი ხდებოდა, კვირიკაშვილის ბრალი ყოფილა, წარმატება კი სხვისი დამსახურება, რაც ძალიან არალოგიკურია.

"თუ არ მოვისმინეთ განსხვავებული აზრი, ევროპა გაღმა დაგვრჩება და ჩვენ გამოღმა დავრჩებით"

დათო მაღრაძე: - პირველი რესპუბლიკის მეასე წლისთავი აღვნიშნეთ. 1918-1921 წლების დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობა უდიდესია.

დღევანდელი ჩვენი დამოუკიდებლობა, რომელიც მოვიპოვეთ დიპლომატიით, ბრძოლით, გაუტეხლობით, სიბრძნით, თავდადებით, დიდწილად იმ 1918-1921 წლების დამოუკიდებლობაზე დგას.

გვახსოვდეს, ევროპა თანაცხოვრების კულტურაა. ეს არის დასავლური ყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი. ეს თუ კარგად არ გავიაზრეთ, თუ არ მოვისმინეთ განსხვავებული აზრი, ევროპა გაღმა დაგვრჩება და ჩვენ გამოღმა დავრჩებით. არადა, ჩვენი ისტორია სულ სხვა რამეზე მეტყველებს. დღესაც თავი მოგვწონს, რომ თბილისის ერთ უბანშია თავმოყრილი ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა... ეტყობა, არა ვართ გულწრფელი ამ თავმოწონებაში, რადგან რეალურად სულ სხვანაირად ვიქცევით.

მგონია და მეიმედება, რომ საქართველოს მოსახლეობა ბევრად ჰუმანურია, ვიდრე ჩანს. ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო 9 აპრილის მემორიალზე გოგონას ცეკვის ამბავს. ადამიანები, ვინც შეეწირნენ სამშობლოს, რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელი არიან, მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ისინი სამშობლოს შეეწირნენ იმისთვის, რომ მისი მომავალი ყოფილიყო ნათელი, ღიმილიანი, სიმღერიან-ცეკვიანი, მხიარული...

"ქვეყანაში უსამართლობის განცდა წლებია გროვდება"

ლია მუხაშავრია: - ქვეყანაში უსამართლობის განცდა წლებია გროვდება. ბევრი მოქალაქე ჩივის, რომ სიმართლის დადგენას ვერ ახერხებს. როგორც კი ამ ადამიანებმა ქუჩაში გამოსული ზაზა სარალიძე დაინახეს, ყველანი გვერდით დაუდგნენ. ეს უნდა დაინახოს ხელისუფლებამ, რომელსაც დიდი ხანია საზოგადოების ხმა აღარ ესმის ან არ უნდა, რომ მოისმინოს. რატომ ჩამოიშალა მართლმსაჯულება, რატომ აღარ ენდობიან პროკურატურას და რატომ გვაქვს საფუძვლიანი განცდა, რომ პროკურორები ისევ თეთრი ძაფით კერავენ საქმეებს? - ამ კითხვებზე "ქართულ ოცნებას" პასუხს უკვე არა მხოლოდ ოპოზიცია, საზოგადოება სთხოვს და უნდა თუ არა მმართველ გუნდს, პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესი ისეთ შეუქცევად სახეს მიიღებს, მის შეჩერებას სკამებზე მოკალათებული ჩინოვნიკები ვეღარ მოახერხებენ.

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მართლმსაჯულების სისტემური რეფორმის დაპირებით მოვიდა, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებია. პირიქით, აბა, მთავარ პროკურორად ფარცხალაძე უნდა დაესვათ, ბოტასების ქურდი, რომელსაც არც განათლება ჰქონდა და არც გამოცდილება? თანამდებობაზე უნდა დანიშნულიყო ვინმე ბადაშვილი, რომელიც იმდენად უსახური ფიგურა იყო, მისი გვარი მედიამაც ძლივს დაიმახსოვრა? ან შოთაძე რა პრინციპით შეარჩიეს მთავარი პროკურორის პოსტზე? პირი, რომელიც ადეიშვილის ხელის ბიჭად ითვლებოდა! აღარაფერს ვამბობ ლაშა ნაცვლიშვილზე, რომელმაც ყოფილი მაღალჩინოსნების ყველა საქმის გამოძიება შეაფერხა. თეა წულუკიანის კისერზეა ის, რომ სასამართლოს დღეს გირგვლიანის საქმის მოსამართლე მურუსიძე მართავს, მის კისერზეა, რომ სასამართლო მოქალაქეებისთვის სამართლის პოვნის ადგილად კი არა, უსამართლობის წყაროდ იქცა და მართლმსაჯულება ჩამოიშალა.

"კანაფის მოშენების იდეა გამაოგნებელია"

სანდრო თვალჭრელიძე: - ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ მეტად არაპოპულარული და გაუმართლებელი ინიციატივა გაახმაურა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება კანაფის მოყვანასა და ექსპორტს გეგმავდა და ამისთვის საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებდა, რაც სრული ნონსენსი იყო. იმ დროს, როდესაც მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც მარიხუანას მოხმარება დაშვებულია, როდესაც თითქმის ყველგან მძაფრდება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენ ასეთ გამაოგნებელ ნაბიჯებს ვდგამთ! რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ შეიძლებოდა ამის გაკეთება საქართველოში, სადაც ასეთი მაღალია ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა, მით უფრო, ახალგაზრდებს შორის! ამ ვითარებაში მისი ლეგალიზაცია საქართველოს ახალგაზრდობის, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია! აი, კანაფის მოყვანის, მისი ექსპორტისა და ასე"ქვეყნის აშენების იდეა ხომ საერთოდ გამაოგნებელია! ეკონომიკურად ავყვავდებოდით თურმე! ვინ და როგორ დაასკვნა ეს, რა გათვლებით?

"რუსეთი ერთნაირი სისასტიკით ექცევა მტერსაც და მეგობარსაც"

რამაზ საყვარელიძე: - რუსეთის მიერ"ლუგარის ლაბორატორიაზე გამუდმებული ლაპარაკი შემთხვევითი არა მგონია. ეს მისთვის პროპაგანდისტულ იარაღად იქცა, რითაც ნიადაგს ამზადებს, როცა დასჭირდება, ბერკეტად გამოიყენებს საქართველოში ვითარების გასამწვავებლად. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს კვლავაც პრორუსულ პოზიციას იზიარებენ, არ მესმის, რატომ არ უნდათ გაიგონ, რომ აი, ამ რუსეთთან, რომელიც მარცხის პირასაა, არაფერი გვესაქმება. იმის მოლოდინი, რომ თუ ისევ მის ორბიტაზე ვიტრიალებთ, დაგვიბრუნებს ტერიტორიებს და დაგვიცავს, სასაცილოა. შეხედეთ სომხეთს. მასზე დიდი პარტნიორი ამ რეგიონში რუსეთს არა ჰყავს, მაგრამ ყველა საწარმო წაართვა, მის თავდაცვის სისტემაში ჩაერთო, ისევე როგორც აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში და, ფაქტობრივად, ქვეყნის სუვერენიტეტი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ და ა.შ. რუსეთისთვის მეგობრის გატყავება ჩვეულებრივი ამბავია, ერთნაირი სისასტიკით ექცევა მტერსაც და მეგობარსაც. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ამ არაფრისმქონე, აგრესიულ ქვეყანას დავუწვეთ და ამისთვის დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, სრულიად ოდიოზურია. მსოფლიოს წინ უდგას რამდენიმე უდიდესი გამოწვევა - მაგალითად, ჩინეთი, რომლის დემოგრაფიული ტალღა და ეკონომიკური განვითარება ლამის მთელ მსოფლიოს საფრთხეს უქმნის; ასევე პოლიტიკური ისლამი, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ვხედავთ, რა ამბიციები გაუჩნდა ბოლო დროს თურქეთსაც. ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე, რომლის ინტერესები ჩვენსას ემთხვევა, მხოლოდ დასავლეთია. დასავლეთი ჩვენ უფრო სამომავლოდ გვჭირდება, ვიდრე დღევანდელი დღისთვის.

"არც მსოფლიოშია ვინმე მზად აქ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის მხარდასაჭერად"

ხათუნა ლაგაზიძე: - არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური უპირატესობა "ნაციონალური მოძრაობის", უფრო სწორად, ოპოზიციური გაერთიანებისა და მისი კანდიდატის მხარეს იყო, თუმცა მერე "ქართულმა ოცნებამ" შეძლო შოკიდან გამოსვლა და საინფორმაციო თუ ფსიქოლოგიური უპირატესობის ხელში აღება. თუ დავაზუსტებთ, ბიძინა ივანიშვილმა შეძლო რეალობის სწორად შეფასება. ის გამრუდებული სარკე, რომელშიც ხედავდა დამახინჯებულ რეალობას, დაიმსხვრა და გადაიდგა შექმნილი ვითარების შესაბამისი ნაბიჯები, რამაც სალომე ზურაბიშვილს არჩევნები მოაგებინა. როდესაც არჩევნების დასრულებისთანავე მიხეილ სააკაშვილმა ჯარსა და სამართალდამცავებს მიმართა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, ამით მან გაამართლა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო რიტორიკა - სააკაშვილი არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციისთვის ემზადებაო.

ვითარების გამწვავებას არ ველი რამდენიმე ფაქტორის გამო: ჯერ ერთი, დღეს ქვეყანაში არ არის რევოლუციური მუხტი, მათ შორის, არც იმ 800 000 კაცში, რომლებმაც ვაშაძეს დაუჭირეს მხარი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესი, რომელიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სერიოზული მოწინააღმდეგეა. საყურადღებოა უცხოეთის ფაქტორიც -არც მსოფლიოშია ვინმე მზად აქ სახელმწიფო გადატრიალების სცენარის მხარდასაჭერად; ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა პირდაპირ მოუწოდა ოპოზიციას არჩევნების შედეგის აღიარებისკენ.

"მარგველაშვილის პრეზიდენტობის ფინალი განსხვავებულია - ის არის პრეზიდენტი, რომელიც დაესწრო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას"

მამუკა არეშიძე: - ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ჩემი აზრით, იყო მართლაც უბრალო და ძალიან ლამაზი. პრეზიდენტის სიტყვაც მრავალმხრივი და საინტერესო გამოდგა. მან რამდენჯერმე აღნიშნა, რა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს წინსვლისთვის ერის ერთიანობა და რომ ის ეცდება, იყოს ყველას პრეზიდენტი. მნიშვნელოვანი იყო ემიგრაციისადმი მიმართვა, იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ ის არის პირველი ემიგრანტების ნაკადიდან და პირველი რესპუბლიკის მე-100 წლისთავზე მან მართლაც შეკრა წრე, რითაც კვლავ მოხდა იმ ანტიიმპერიული განწყობების დემონსტრირება, რაც ემიგრაციის პირველ ტალღას ჰქონდა და რომლის წიაღშიც გაზრდილია სალომე ზურაბიშვილი. ის იყო კორექტული რუსეთზე საუბრისას, მაგრამ რაც სათქმელი იყო, თქვა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი გადაწყვიტა ამის პარალელურად აქციის აქციისთვის ჩატარება და გზიდანვე დაიწყო ვითარების გამწვავება. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას რომ მომხდარიყო ასეთი რამ, აქციის მონაწილეები თავს დასხმოდნენ პოლიციელთა მანქანებს, ქვები დაეშინათ სამართალდამცავებისთვის, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამდა პოლიცია?! ციხეში ჩაყრას არ აკმარებდნენ. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მისი პრეზიდენტობის ფინალი განსხვავებულია დამოუკიდებელი საქართველოს სხვა პრეზიდენტების ფინალისგან - ზოგმა ვერ ამოწურა საპრეზიდენტო ვადა, ზოგს კი ქვეყნიდან გაქცევამ მოუწია. ის არის პრეზიდენტი, რომელიც დაესწრო ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას. მან მშვიდად დაასრულა საპრეზიდენტო ვადა და გასაქცევადაც არა აქვს საქმე. მარგველაშვილმა ექსცესების გარეშე გადააბარა პრეზიდენტობა სალომე ზურაბიშვილს და ამის შემდეგ იცხოვრებს ამ ქვეყანაში ისე, რომ ქუჩაში გასვლის არ შეეშინდება. მარგველაშვილი ცდილობდა მართლაც ყველას პრეზიდენტი ყოფილიყო, თუმცა პოლიტიკური გამოუცდელობისა თუ მართვის ბერკეტების უქონლობის გამო ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვა.