"გახარია რაც უნდა ძლიერი იყოს, ის ვერასოდეს გახდება ივანიშვილზე ძლიერი და ვერც მასზე მაღლა დადგება" - კვირის პალიტრა

"გახარია რაც უნდა ძლიერი იყოს, ის ვერასოდეს გახდება ივანიშვილზე ძლიერი და ვერც მასზე მაღლა დადგება"

"2019 წელს ივანიშვილი პრემიერად უნდა დაბრუნდეს"

"2019 წელს ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს - სერიოზული რეფორმა გაატაროს, ინსტიტუციური წესრიგი აღადგინოს პრემიერის პოსტზე დაბრუნებით და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს. ამან შეიძლება სახიფათო სპირალიდან გამოგვიყვანოს", - ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

- წლის მთავარი ნეგატიური შედეგი ის არის, რომ სიძულვილის ესკალაცია ძალიან მაღალი იყო. მივიღეთ მკვეთრი დაპირისპირება არა მარტო პოლიტიკურ ელიტებს შორის, არამედ საზოგადოებაში. ხალხი გაიხლიჩა და უარს აცხადებს დიალოგზე. ქართულ პოლიტიკას დაპირისპირება არასდროს აკლდა, მაგრამ ის, რომ სოციალურ ჯგუფებს ერთმანეთი სძულთ, ასეთი რამ არ ყოფილა.

- ივანიშვილის პოლიტიკაში მეორედ მოსვლას პოზიტიურ თუ ნეგატიურ კონტექსტში განიხილავთ? - ივანიშვილის დაბრუნება მნიშვნელოვანი იყო პარტიის სტაბილურობისთვის, შიდაპარტიული დისციპლინის აღდგენისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ნაბიჯი აღარ გადადგა. ამას უნდა მოჰყოლოდა ინსტიტუციური წესრიგის აღდგენა, ამასთან, მას სისტემური ცვლილებები არ დაუწყია. მმართველობითი კრიზისიდან გამოყვანის პროცესს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. თუმცა, როგორც ჩანს, არჩევნებზე დაინახა, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას, ამიტომ მწირი იმედი კიდევ არსებობს.

გია ხუხაშვილი - რაც შეეხება პოზიტიურს, რომელ პოლიტიკურ მოვლენას გამოყოფდით? - წვრილმანი ბევრი იყო, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს ისეთს, რომ დასამახსოვრებელი ფაქტი უწოდო. ამიტომაც მიჭირს რაიმე მოვლენის დასახელება, სისტემური არაფერი მომხდარა. პრეზიდენტის არჩევნებიც კი ფარსთან მიახლოებული მოვლენა იყო მხოლოდ ნეგატიური შედეგით - საზოგადოების გახლეჩით.

ავირჩიეთ პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმურობა სუსტია და რაც მთავარია, ავირჩიეთ სიძულვილის ტექნოლოგიების გამოყენებით და არა უკეთესი მომავლის იმედით.

იმედია, ხელისუფლება საზოგადოების რეაბილიტაციას დაიწყებს. 2019 წელს ივანიშვილს ერთადერთი შანსი აქვს - სერიოზული რეფორმა გაატაროს, ინსტიტუციური წესრიგი აღადგინოს პრემიერის პოსტზე დაბრუნებით და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს. ამან შეიძლება სახიფათო სპირალიდან გამოგვიყვანოს.

- კულუარული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" პრემიერის პოსტისთვის ბრძოლა გააქტიურდა. ამბობენ, ივანიშვილი ამ პოსტისთვის გიორგი გახარიას ამზადებსო. - ჭორაობას არ დავიწყებ, მაგრამ გავიმეორებ, ინსტიტუციური წესრიგის აღსადგენად სწორი იქნება ივანიშვილის გაპრემიერება. გახარია რაც უნდა ძლიერი იყოს, ის ვერასოდეს გახდება ივანიშვილზე ძლიერი და ვერც მასზე მაღლა დადგება. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება ვერ შეიძენს იმ ეფექტიანობას, რაც აუცილებელია პრობლემების აღმოსაფხვრელად.

- როგორ შეაფასებთ დავით კირკიტაძის დაკავებას და სასამართლოს გადაწყვეტილებას? - ხელისუფლება ჰუმანური უნდა იყოს, მაგრამ ასეთი ტიპის სამართლებრივი ქმედებები გამართლებულად მიმაჩნია. სხვა შემთხვევაში პოლიტიკურ ოპოზიციას შეიძლება გაუჩნდეს დაუსჯელობის განცდა. ამიტომ, როცა ხელისუფლება კანონდარღვევაზე ადეკვატურად რეაგირებს, სწორია. ხელისუფლებას ზომები უნდა მიეღო, მაგრამ ეს ანგარიშსწორებად არ უნდა იქცეს. ცუდია განუკითხაობა, მაგრამ ასევე ცუდია ანგარიშსწორება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ დამოკიდებულება უნდა დარბილდეს.

კირკიტაძე უნდა დაისაჯოს, მაგრამ არა იმ დოზით, რაზეც დღეს არის ლაპარაკი. გახარია უნდა იყოს მკაცრი, თუმცა არც გადამლაშებას ვურჩევ. დღევანდელი ხელისუფლების ერთადერთი მორალური უპირატესობა წინამორბედთან არის ჰუმანურობა. თუ ესეც დაკარგა, გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშში მძიმე პრობლემა ელოდება.

- ხელისუფლება ამ ნიშას კარგავს? - ტენდენციები არის, მაგრამ კირკიტაძის ამბავზე გრძელვადიან დასკვნებს არ გავაკეთებ, მით უმეტეს, რომ პროცესი დასრულებული არ არის. "ნაცმოძრაობის" გააქტიურება მთლიანად არის დამოკიდებული ხელისუფლების შეცდომებზე.

ფაქტია, რომ სისტემურმა შეცდომებმა და ხშირ შემთხვევაში სიბრიყვემ მიიყვანა ხელისუფლება იქამდე, რომ თითქოს თამაშიდან გაყვანილი პარტია 300 000-კაციანი ამომრჩევლიდან 800 000-მდე ავიდა.

ეს ელექტორატი "ნაცმოძრაობასთან" იმიტომ კი არ დაბრუნდა, რომ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" უფრო არ მოსწონს. ასე რომ, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წაიყვანს "ქართული ოცნება" ქვეყნის საქმეს. თუ კვლავ შეცდომები დაუშვა, "ნაციონალები" არათუ შეინარჩუნებენ ელექტორატს, უფრო გაძლიერდებიან. თუ ხელისუფლება მოახერხებს მმართველობითი სისტემის გამართვას და ამომრჩევლის პრობლემების აღმოფხვრას, "ნაცმოძრაობა" ისევ დარჩება ერთ-ერთ რიგით პარტიად.

- სალომე ზურაბიშვილის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელებას როგორ აფასებთ? - ზურაბიშვილმა ამით "ქართული ოცნების" პირველი დავალება შეასრულა.

მის გაპრეზიდენტებაში ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეს. შესაბამისად, რადგან ზურაბიშვილმა ამას ხელი მოაწერა, ვალდებულია "ოცნების" დაკრულზეც იცეკვოს. მას ამ პარტიის იმხელა ვალი აქვს, შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ ამოვიდეს. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მოჰბეზრდეს მორჩილება და ერთ დღეს ფეხები ააბაკუნოს.

იხილეთ ასევე: "შესაძლოა, საჭირო გახდეს ივანიშვილის პრემიერად დაბრუნება"