"სენადალეული" პრეზიდენტი, ლაზიკის დირექტორობაზე მეოცნებე სააკაშვილი და გახარიას წლის ბოდიში - 2018 წლის სახალისო ფრაზები - კვირის პალიტრა

"სენადალეული" პრეზიდენტი, ლაზიკის დირექტორობაზე მეოცნებე სააკაშვილი და გახარიას წლის ბოდიში - 2018 წლის სახალისო ფრაზები

ტრადიციულად, პოლიტიკოსთა წლის ყველაზე პოპულარული და სახალისო ფრაზები ერთ სტატიად შევკრიბეთ. მოდი, დავიწყოთ ბოდიშით...

ბოდიში!

"ბოდიში!" - შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ნათქვამი სიტყვა, რომლითაც ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შემდეგ ქუჩაში გასულ პროტესტანტთა გული მოიგო, შეიძლება წლის ყველაზე პოპულარულ ნათქვამადაც კი მივიჩნიოთ.

მეტიც - წინასაარჩევნოდ პროცესები ისეთი გაცხარებული ლანძღვა-გინებისა და ბრალდებების ფონზე წარიმართა, ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ ოპონენტები გახარიას მიჰბაძავდნენ და ერთმანეთთან მობოდიშებით დაასრულებდნენ 2018 წელს...

"მე არა ვარ კანაფის დედოფალი"

სალომე ზურაბიშვილი

დღეს საქართველოს ახალი და პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის გზა ქვეყნის პირველ პირობამდე ეკლიანი გამოდგა.

დიდ ჯიხაიშში წინასაარჩევნო შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილის ნათქვამ ფრაზას: "სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო" სოციალურ ქსელში ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, შეიძლება ითქვას, ინტერნეტი შეატორტმანა... "ცოტა ჟურნალისტებმაც ტვინი გაანძრიეთ", - ასე მოგვიწოდა ჯერ ისევ პრეზიდენტობის კანდიდატმა ქალბატონმა სალომემ ჟურნალისტებს, თუმცა უკვე პრეზიდენტმა გვითხრა, მინდა, კამერებს მიღმა ხშირად შეგხვდეთ და ვისაუბროთო... რას გაიგებ, იქნებ აპირებს, "ტვინის განძრევაში" ავარჯიშოს ჟურნალისტები...

"მე არა ვარ კანაფის დედოფალი," - ასე ზურაბიშვილი კანაფის კულტივაციის თაობაზე "ქართული ოცნების" ინიციატივაში მის დადანაშაულებას გამოეხმაურა... ასევე ამტკიცებდა: "მე არ ვარ თერგდალეული, მე ვარ სენადალეული!"

შალვა ნათელაშვილმა კი თელავში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ამბავი რომ გაიგო, იკითხა, სად ერეკლე და სად სალომეო?!

აი, "ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია ინაუგურაციის დროს ოპოზიციის აქციამ დააყენა ხუმრობის ხასიათზე და "დაგვამშვიდა" - თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს, ლეკებით დაწყებული, და "ნაცმოძრაობის" აქციასაც გადაიტანსო!

დუმბაძემ ლოცვა გააძლიერა

მურმან დუმბაძე ხომ გახსოვთ? თავის დროზე დიდი "მეოცნებე" ახლა "ნაცმოძრაობის" ოპოზიციურ ბანაკში აღმოჩნდა. ისიც გემახსოვრებათ, 2012 წელს დუმბაძე რომ ამბობდა, ვინც ხუთიანს მოხაზავს მარჯვენა ხელით, კიბო გაუჩნდება, თუ მარცხენა ხელით მოხაზავს - ინფექციაო. ამჯერად დუმბაძემ "ნაციონალების" ამომრჩევლებისთვის ლოცვა გააძლიერა და წყევლა ახსნა - დამილოცნია თქვენი მარჯვენაც და მარცხენაცო!

გაუმართლა მელიას...

თითქმის მთელი წელი გრძელდებოდა საპარლამენტო ტრიბუნიდან დაპირისპირება "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერ ირმა ინაშვილსა და "ნაცმოძრაობას" შორის. სხვადასხვა დროს ინაშვილი მათ მიმართავდა:

"გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ, დაგივლით სუყველას დედიან-მამიანად!"

"იმ პლაკატებს, აქა-იქ რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე!"

კოლეგას არც "ქართული ოცნების" დეპუტატი ნუკრი ქანთარია ჩამორჩა და ერთხელაც ნიკა მელიას მიაძახა, "შვილო, "გაზს დაუწიეო!" წლის ბოლოს ეს კონფლიქტი ლამის ირმა ინაშვილისა და ნიკა მელიას ხელჩართული ჩხუბით დამთავრდა, რის თაობაზეც ინაშვილმა განაცხადა: "მე ვარ ქალი და კაცზე ხელს არასდროს ავწევ!" დაგვეთანხმებით, მელიას გაუმართლა...

"სმა-ჭამა დიდად შესარგი"...

ეკონომიკის ახალდანიშნულმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ საზოგადოებას ჯერ თავი დაამახსოვრა ფრაზით - როდესაც სააკაშვილთან ნაცნობობაზე ჰკითხეს, მან განაცხადა: "სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, მცხეთის სალობიეში წაგვიყვანეს. კაი ლობიო იყო!" მოგვიანებით კი ბრძანა, - შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს, მაგრამ ეს ასე არააო... რითაც საზოგადოების რისხვა დაიმსახურა.

"ფეისბუკში" დარჩენილი

მიხეილ სააკაშვილი

ერთ-ერთი, ვინც მთელი 2018 წელი, შეიძლება ითქვას, "ფეისბუკის" პირდაპირ ეთერში გაატარა და ყველაზე ბევრი ილაპარაკა, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. ამით "ნაციონალური მოძრაობა" მნიშვნელოვანწილად დააზარალა, ბოლოს კი მომხრეები ეხვეწებოდნენ, იქნებ გაჩუმდე, არჩევნები ჩავატაროთ და მერე ისევ ალაპარაკდიო...

  • ამ ლაპარაკისას სააკაშვილმა გამოგვიცხადა: "მე აღმშენებელი ვარ და არა - დამანგრეველი!"
  • გაამხილა ოცნებაც: "ჩემი თხოვნა იქნება, დამნიშნონ ლაზიკის პროექტის დირექტორად!"
  • სააკაშვილი გაეხვია საერთაშორისო სკანდალში და ანტისემიტისტადაც მოინათლა ფრაზით: "ოცნებამ" ვიღაც ებრაელ აფერისტ მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასი!"
  • სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ჩამოსულ საფრანგეთის ექსპრეზიდენტზე განაცხადა: "სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან".
  • დაემუქრა ივანიშვილს და ამით ლამის მთელ ბიზნესელიტასაც: "გახსოვთ, როგორ მოვატანინე ჯოხთაბერიძეს ფული? ივანიშვილსაც მოვატანინებ!"
  • წინასაარჩევნოდ კი "ნაცმოძრაობასა" და თავის მომხრეებს აგულიანებდა: "თუ რამე არ ვქენით, 30 წლის შემდეგაც ივანიშვილი იქნება, შეიძლება უტა ან ბერა იყოს!"

სააკაშვილს არც ბიძინა ივანიშვილი ჩამორჩა და განაცხადა: "მიხეილ სააკაშვილი მაღალია, მაგრამ პატარა კაცია!" თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით კი: "სააკაშვილი ჩვეულებრივი ჯამბაზი გახდა." მოარულ ფრაზად იქცა კალაძის ნათქვამიც: "იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ", - თუმცა ეს ბოლო ნაწილი აშკარად პლაგიატი გამოვიდა, რადგან ყველას გვახსოვს ედუარდ შევარდნაძის ცნობილი ხუმრობა - ვისაც გადატრიალება უნდა, ლოგინში გადატრიალდესო...

ძირს მსუქნები! გუგული მაღრაძე

წლეულს არც დეპუტატ გუგული მაღრაძეს დაუკარგავს აქტუალობა - საჯარო სივრცეში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე საუბრისას განაცხადა: "ადამიანმა, რაც უნდა, ის დაიჭიროს ხელში, მაგრამ არ უნდა მიაყენოს სხვას ზიანი!" მისი ინიციატივით: "ჩვენ უნდა დავიწყოთ ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლა!" მაგრამ ამ მოსაზრებას კოლეგა ზაქარია ქუცნაშვილი არ დაეთანხმა - მსუქნები ძალიან კეთილები არიან, ისინი მომწონს და მიყვარსო. ქუცნაშვილი იმასაც ჩიოდა, პარლამენტში შესვენების კულტურა არ არსებობს, ხშირად უსადილოდ ვრჩებიო!"

მარტო კარტოფილი?..

დასასრულ, ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფრაზას გავიხსენებთ. საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას მან განაცხადა, საწყენი ის არის, რომ ჰგონიათ, მარტო კარტოფილი მომყავს, თორემ მასხრად აგდება რა საწყენიაო...