"უთავბოლოდ სვლა არაფერს არგებს ქვეყანას" - კვირის პალიტრა

"უთავბოლოდ სვლა არაფერს არგებს ქვეყანას"

"ღირსეული დამარცხება გამარჯვების ტოლფასია"

2018 წელი არაერთი მოვლენით დაგვამახსოვრდება. რომელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ისტორიაში? რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე "კვირის პალიტრას" პოეტი ერეკლე საღლიანი უპასუხებს:

- 2018 წელი აღსავსე იყო მღელვარებით. ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება ქვეყნის სტაბილურობასა და სიმტკიცეს. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვაზროვნებდეთ. სხვა გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, ეს იქნებოდა გზა მიმავალი არეულობისკენ, ქაოსისკენ, რომელიც უფრო უკან გადასწევდა სახელმწიფოს მშენებლობას.

2019 წელს ქართველი ხალხი ახალი მიზნებით უნდა ხვდებოდეს. ჩვენი გზა ემყარება ჩვენს ისტორიას, კულტურასა და რასაკვირველია, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ხდება ყველაფრის გადაფასება და გაანალიზება. მინდა ვუსურვო ჩემს ქვეყანას, რომ შეცდომები აღარ გაიმეოროს.

პოლიტიკურ მღელვარებას ის იწვევს, რომ არავის უნდა დამარცხებასთან შეგუება. არადა, ღირსეული დამარცხება გამარჯვების ტოლფასია, ზოგჯერ შეიძლება მეტიც იყოს. შეგუება, აღიარება და ღირსეული დამარცხება გვიჭირს.

- რა შეცდომები იყო დაშვებული?

- ქვეყანაში არ აღდგა სამართლიანობა, არ დაერქვა ყველაფერს თავისი სახელი. ხალხი განაწყენდა ხელისუფლებაზე, მაგრამ მეორე ტურში არჩევნებზე ყველა მივიდა.

- რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ, რათა ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდეს? - ხელისუფლებას ვუსურვებდი, გადაედგა დიპლომატიური ნაბიჯი ერის გასაერთიანებლად. ამისთვის მნიშვნელოვანი რომელიმე პოლიტიკური ძალა და პარტია კი არ უნდა იყოს, არამედ ეროვნული ინტერესი. იდეა აუცილებელია. არ არსებობს ქვეყნის წინსვლის, მართვის პროგრამა. ხომ გახსოვთ ილიას "მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი". მოძრაობაზე იყო დამყარებული ყველაფერი. ჩვენდა სამწუხაროდ, მოძრაობა, რომელსაც თავის დროზე ასე ქადაგებდა ილია, ბოლომდე არა გვაქვს გაცნობიერებული. თითქოს დროის დინებას ბრმად მივყვებით. სხვათა შორის, პირველი ტურის დროს უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.

მინდა ქალბატონ სალომეს ინაუგურაციაზე გამოსვლა გავიხსენო. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ მან პრიორიტეტად კულტურა დასახა. ვფიქრობ, პოლიტიკა აზრს კარგავს, თუ სულიერებას არ ემსახურება.

დღეს ჩვენი უმთავრესი ექსპორტი არც რომელიმე მინერალური წყალი და ან რომელიმე წიაღისეულია, უმთავრესი ექსპორტი ჩვენი კულტურა უნდა იყოს. სამწუხაროდ, არ ექცევა მას სათანადო ყურადღება. მხოლოდ ის ხომ არ კმარა, ბატონი ბიძინა ხელოვნების მოღვაწეებს ფულს რომ უხდის. ესეც რომ არ ყოფილიყო, ხალხი მშიერი მოკვდებოდა. ამით არ უნდა შემოიფარგლებოდეს სახელმწიფო, როდესაც ქვეყნის კულტურულ წინსვლაზეა ლაპარაკი.

- როგორ ფიქრობთ, რა არის სიძულვილის ენისა და დაპირისპირებების მიზეზი? - როდესაც არ გაგაჩნია მყარი არგუმენტი, ლოგიკა, სიძულვილის ენით საუბრით იპყრობ ყურადღებას. დასანანი ის არის, სიძულვილის ენას ხალხშიც აქვს გასავალი.

სიძულვილის ენამ ჩამოაყალიბა ჩვენს საზოგადოებაში დაბალი პოლიტიკური კულტურა და დღესაც ამის საფუძველზე ვცდილობთ ლელოს გატანას, მაგრამ ვერ ვხვდებით, რომ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას.

- სულ მოძრაობაში ვართ, ვწვალობთ, რომ ქვეყანა განვითარდეს, მაგრამ სწრაფად ვერ ვვითარდებით. როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი - მენტალიტეტი, განათლება თუ... - მენტალიტეტს განათლება და სულიერი მოძრაობა აყალიბებს.

პოლიტიკოსებმა უფრო მეტად უნდა დაუგდონ ყური ეკლესიას, რომელსაც ჰყავს ბრძენი წინამძღოლი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მერწმუნეთ, ეკლესიასთან კავშირი პოლიტიკოსებს სულიერ საზრდოსაც მისცემს და გონებრივსაც.

მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემა თავიდან ჩამოყალიბდეს. სკოლებში უნდა დაბრუნდეს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა". სხვა მადლი, სიკეთე და სიყვარული ახლავს ამ სახელმძღვანელოს.

ბევრისგან გამიგონია, ერის წინსვლისთვის საკადრო, სტრუქტურული ცვლილებები მნიშვნელოვანიაო.

ცარიელი საკადრო ცვლა არაფერს უშველის, არსობრივი გარდაქმნაა საჭირო, უფრო ახლოს მისვლა ხალხთან, კომუნიკაბელურობა, ყოველდღიური ურთიერთობა.

გავიხსენოთ რეზო ჩხეიძის იმ პერიოდში კონიუნქტურის დაკვეთით გადაღებული ფილმი. თუმცა მაინც შეძლო დიდმა რეჟისორმა დაენახვებინა, როგორი უნდა იყოს ქვეყნის მმართველი. სანამ კაბინეტში შევიდოდა, ხელმძღვანელმა პირმა დაიარა მესხეთის სოფლები, ხალხს შეხვდა, გაიგო მათი სატკივარი. ჩვენს მთავრობასაც არ აწყენდა ეს. გაიგონ ხალხის სატკივარი, თორემ უთავბოლოდ სვლა არაფერს არგებს ქვეყანას.

თუ ეს ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯს, 2020 წელს ხალხი გამოუტანს განაჩენს.

"ნაცები-ქოცები" - ამ ორპოლუსიან აზროვნებას სანამ არ გავცდებით, ვითარება არ შეიცვლება. ჯერ აქ უნდა მოხდეს შერიგება, იმიტომ, რომ ამ საქართველოს შემყურე აფხაზსა და ოსს არ გამოუწევთ ჩვენკენ გული. აქ უნდა შევქმნათ ის სანატრელი ოაზისი, რომლისკენაც სიხარულით წამოვლენ.

დავლოცავ ჩემს ქვეყანას. 2019 წელი უბედნიერესი იყოს საქართველოსა და მსოფლიოსთვის.