"მკვლელობის მთავარი დამკვეთი კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაასაფლავეს" - რატომ არ იძიებენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს? - კვირის პალიტრა

"მკვლელობის მთავარი დამკვეთი კრწანისის რეზიდენციის ეზოში დაასაფლავეს" - რატომ არ იძიებენ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს?

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით განიხილოს ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხადაზმულობის ვადის 5 წლით გახანგრძლივებაზე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას არ წყვეტენ. რეზონანსული საქმე, რომლის მიმართაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, 25 წელია კითხვებზე პასუხის გაცემას ელის.

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეს ხანდაზმულობის ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს გასდის და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას ბრალდებული არ ჰყავს, საქმე იხურებოდა. ზვიად გამსახურდიას შვილებმა, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა საქმის გამოძიებისა და მკვლელების დასჯის მოთხოვნით მთავარ პროკურატურასთან შიმშილობა 14 დეკემბერს დაიწყეს. ისინი ნაწილობრივ დადებითად აფასებენ ამ ინიციატივას, თუმცა აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ საქმეზე რაიმე შედეგი დაიდება, რადგან წლების განმავლობაში არა ერთი მოთხოვნის, აქციისა და პროტესტის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებას არაფერი გაუკეთებია. ისინი პროკურატურას სთავაზობენ გამოძიების საქმეს მათი და საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი პროკურორი გაუძღვეს.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია 1993 წლის 31 დეკემბერს, გამთენიისას, სამეგრელოს სოფელ ხიბულაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ცოტნე გამსახურდია: - ჩვენი პროტესტის მიზანი არ ყოფილა ხანდაზმულობის ვადის გახანგრძლივება. 25 წლის განმავლობაში თუ ვერაფერი გაუკეთებიათ, 5 წლის განმავლობაში რისი იმედი უნდა გვქონდეს? ჩვენი პროტესტი და შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ დავრწმუნდებით, რომ ხელისუფლება აპირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას და საქმე არ დარჩება იგივე კალაპოტში. ცოტნე გამსახურდია ჩვენი მთავარი მოთხოვნაა სწორედ ეფექტიანი და შედეგიანი გამოძიება და ის, რომ ჩვენ დავინახოთ ამ გამოძიების წარმოების რეალური მცდელობა. ესაა ჩვენი მთავარი მოთხოვნა და არა ის, რომ ჩვენ კიდევ 5 წლის განმავლობაში გვაბალახონ რაღაც დაპირებებით.

- განაცხადეთ, რომ საქმე უნდა გადაეცეს როგორც თქვენი, ასევე საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პროკურორს. დაასახელებთ მის ვინაობას? - ჩვენ გვყავს რამდენიმე კანდიდატი, ისინი ჯერ არ შეგვითავაზებია პროკურატურისთვის, ჩვენი ადვოკატი მიიტანს მათ ყურამდე ამ ინფორმაციას, დანარჩენი მსჯელობის საკითხია. მათ ვინაობას არ გავამხელ იმიტომ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი და არ მინდა, ადამიანები უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო.

- 25 წლის განმავლობაში რატომ არ იქნა გამოძიებული ეს საქმე, რას თვლით ამის მიზეზად? - მანდ მიზეზთა მთელი კომპლექსია, ამ საქმეს არ იძიებენ იმიტომ, რომ ვიღაცას აფარებენ ხელს. ამის მიხვედრას დიდი ლოგიკა არ სჭირდება.

- ვის აფარებენ ხელს და რატომ? - ამ მკვლელობის მთავარი დამკვეთი კრწანისში, საკუთარ ეზოში დაასაფლავეს, ეს ფაქტია. საკმაოდ დიდია ამ ყველაფრის განმახორციელებელთა და ბრძანების ქვედა რგოლებისთვის გადამცემების რიცხვი. ეს იყო პლასტიკური ოპერაცია, რომელიც სპეცსამსახურებმა ჩაატარეს და სწორედ სპეცსამსახურების თანამშრომლებისა და მათთან დაკავშირებული ტიპების დასჯა არ უნდათ. სისტემა არ წირავს მის შვილებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები კიდევ არა ერთ ბინძურ საქმეში ჰყავს გამოყენებული არა ერთ ხელისუფლებას და მათ კისერზეა კიდევ ბევრი მძიმე დანაშაული. ვფიქრობ, არ აწყობთ ამ ადამიანებს შეეხონ და გაქექონ კრაზანების ბუდე. ამ საქმის ფიგურანტები და შემსრულებლები, რომელთა რიცხვიც რამდენიმე ათეულით განისაზღვრება, 2000-იანი წლების ჩათვლით, ყველა სახელმწიფო სამსახხურში, სხვადასხვა უწყებებში მუშაობდა, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, სამთავრობო დაცვის სამსახური, უშიშროების სამსახური, თუ სხვა.

- თქვენი მოთხოვნა თუ დაკმაყოფილდა, რას მოელით გამოძიებისგან, "გაიქექება კრაზანების ბუდე"? - ჩვენ მოველით სამართალს და კანონის აღსრულებას. მათ მაგივრად ვერაფერს გეტყვით, მე ის ვიცი, მე რას გავაკეთებ და დანარჩენი თვითონ გადაწყვიტონ.

- რით არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირების მკვლელობის გამოძიება? - ამ კითხვაზე პასუხისთვის საჭიროა გავიგოთ, რატომ კლავენ პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის სიკვდილი, როგორც წესი, ცვლის ქვეყნის განვითარების გეზსა და ვექტორს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს თანამდებობის პირი არის მკაფიოდ გამოხატული ლიდერი, რომელზეც დამოკიდებულია ხსენებული გეზის წარმატებულობა. ვის აწყობს საქართველოს პოლიტიკური გეზის ცვლილება და დამუხრუჭება? მოგეხსენებათ, ახლოს გვყავს ძალზე დიდი და ვერაგი მტერი, რომლის ინტერესებთანაც ეს არის დაკავშირებული. ასეთი საქმეების არგამოძიება იწვევს ადამიანებში სრულ სამართლებრივ ნიჰილიზმს. ახლა არ ვლაპარაკობ ამ საქმის მორალურ, ისტორიულ ასპექტებზე და პირად ტრაგედიაზე...

(სპეციალურად საიტისთვის)